საზოგადოება

ვეძებ პატიოსან კაცს

5 აგვისტო, 2010 • 4688
ვეძებ პატიოსან კაცს

ფსიქოლოგიის პროფესორი ნინო ჯავახიშვილი, რომელიც საქართველოში „დაწყვილების პრიორიტეტების“ საკითხების შესახებ  არსებული ერთადერთი კვლევის ავტორია, ამბობს, რომ პარტნიორის შერჩევის დროს საქართველოში და დასავლურ ქვეყნებში ქალებისა და მამაკაცების კრიტერიუმები  თითქმის ერთნაირია. კვლევის ავტორის თქმით, საქართველოში მხოლოდ ერთი განსხვავებული მოთხოვნა არსებობს.

კვლევაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა, გამოყენებული იყო საგაზეთო განცხადებების ანალიზი და ფოკუს ჯგუფის მეთოდი. კვლევის დეტალებზე ნეტგაზეთი ნინო ჯავახიშვილს ესაუბრა:

ჯავახიშვილი: ჩვენ დავსვით საკითხი, თუ როგორ ირჩევენ საქართველოში ადამიანები პარტნიორებს, რა როლი აქვს გენდერულ სხვაობას პარტნიორის არჩევისას და რა გავლენა აქვს ასაკს, ფიზიკურ მიმზიდველობას, შემოსავლას, განათლებას და სხვა ფაქტორებს.

ასევე ვიკვლევდით, არსებობს თუ არა საქართველოში იგივე ტენდენცია, როგორიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშია, როგორ წარუდგენენ თავს ქართველი მამაკაცები და ქალები ერთმანეთს.

 დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ–ში ასეთი კვლევები ძალიან ხშირად ტარდება.

ნეტგაზეთი: რატომ გამოიყენეთ საგაზეთო განცხადებები?

ნ.ჯავახიშვილი: ტიპური საგაზეთო განცხადება საკუთარი თავის აღწერისა და იმ თვისებების ჩამონათვალისაგან შედგება, რომლებსაც აპლიკანტი მომავალი პარტნიორისაგან ითხოვს. საგაზეთო განცხადებები დაწყვილების პრიორიტეტების საზომია და განმცხადებლები, ადგილის სიმცირის გამო, მხოლოდ ყველზე მნიშნველოვან თვისებებს ასახელებენ.

სულ 471 განცხადება გავაანალიზეთ. მათგან 226 ქალისა და 244 კაცის. ასაკი 15–70 წელი იყო. განცხადებებით მიღებულ ინფორმაციაში ჩასაღრმავებლად და ტერმინების ასოციაციებისთვის კი ფოკუს ჯგუფების ჩატარება მოგვიხდა.

ნეტგაზეთი: რა ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა?

ნ.ჯავახიშვილი:  მიღებული შედეგები თითქმის მთლიანად ემთხვევა სხვა ქვეყნების კვლევების მონაცემებს და მიუთითებს, რომ არსებობს გენდერული განხვავება დაწყვილების პრიორიტეტებში. აღმოჩნდა, რომ 82% –ისთვის ასაკი იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქალების 100%–ს პარტნიორად მასზე უფროსი მამაკაცი უნდოდა. დაახლოებით ასეთივეა პროცენტული მაჩვენებელი მამაკაცებში–ისინი ასაკით უმცროს ქალებს მოითხოვდნენ. მამაკაცებისთვის შემდეგი კრიტერიუმი გარეგნობაა. ქალებისთვის გარეგნობაზე მნიშნველოვანი,  ძირითადად, სოციალური სტატუსი და განათლებაა.

 ყველა ქვეყანაში ასეა–ქალები უფრო მეტად ეძებენ  უფროს, განათლებულ და ეკონომიურად უზრუნველყოფილ მამაკაცებს, მამაკაცები კი უმცროს და სასიამოვნო გარეგნობის ქალებს. მოწოდებასა და მოთხოვნას შორის კი ბალანსია.

ქალებიც და მამაკაცებიც საკუთარ თავს ისეთი თვისებებით ახასიათებენ, რომლებზეც მოთხოვნაა პოტენციური პარტნიორების მხრიდან. „პაემნების ბაზარზე“ ანუ, როგორც დასავლეთში უწოდებენ „dating business”, ქალები საკუთრ თავს აღწერენ, როგორც კარგი გარეგნობის მქონეს და პატიოსანს. ხოლო მამაკაცები, როგორც ეკონომიურად უზრუნველყოფილს, ძლიერს და ჯანმრთელი ცხოვრების წესის მიმდევარს. ჯანმრთელი ცხოვრების წესში იგულისხმება, რომ არ იღებენ ნარკოტიკებს, არ სვამენ და ა.შ. ანუ მამაკაციც თავს იმართლებს– მე ასეთი არ ვარ.

ნეტგაზეთი: რით ”იმართლებს” თავს ქალი?

ნ.ჯავახიშვილი: დახასიათების დროს ქალები საკუთარ თავს აღწერენ, როგორც პატიოსანს. ამ სიტყვას ქალები იმის აღსანიშნავად იყენებენ, რომ სექსუალური ურთიერთობები არ აქვთ. ან, უბრალოდ, ქალიშვილები არიან. ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც,  „დაწყვილების პრიორიტეტების“ დასახელების დროს,  საქართველო ძალიან განსხვავდება დასავლური ქვეყნებისგან. ისევე, როგორც ყველა პატრიარქალური საზოგადოება.

ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ უნივერსიტეტში მაგისტრებს, რომლებსაც გენდერის პროგრამა აქვთ, ყოველწლიურად სხვადასხვა საკითხზე სტუდენტების შეკრებას და დისკუსიებს ვავალებთ. წლებია ერთი და იგივე თემაა. ჯერ ერთმა კურსმა გააკეთა ქალიშვილობის ინსტიტუტის თემა, მერე მეორემ, მერე მესამემ. არ მეგონა რომ ეს თემა საქართველოში ახალგაზრდებისთვისაც ისეთივე აქტუალური იყო, როგორც 70 წლის ადამიანებისთვის. რამდენ დისკუსიასაც დავესწარი, ყველა აბსოლუტურად ერთი და იგივე სცენარით მიმდინარეობდა–ბიჭები ამბობდნენ, რომ არაქალიშვილებს ცოლად არ მოიყვანენ.

ტრადიციები  ძალიან რთულად იშლება. შედარებისთვის  ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ ასეთი რამე მომიყვა: ქალი სანამ ინდაურს ქურაში შესაწველად შედგამდა, მას ოთხ ნაწილად ჭრიდა. როდესაც ქმარმა კითხა, თუ რატომ ჭრიდა, ქალმა უპასუხა, რომ  დედამისიც ასე აკეთებდა. აღმოჩნდა, რომ დედამაც არ იცოდა, რატომ ჭრიდა ინდაურს ნაჭრებად. მან თავის დედას კითხა, რომელმაც უთხრა, რომ ამას იმიტომ აკეთებდა, რომ  ქურა პატარა იყო და სხვანაირად ინდაური არ დაეტეოდა. მისთვის ეს იყო პრაქტიკული მნიშნვველობის მქონე, და შემდგომი თაობები, პრაქტიკული საჭიროების გარეშე, იგივეს გაუაზრებლად აკეთებდნენ. 

ნეტგაზეთი: კვლევაში გქონდათ ასევე განმცხადებელთა „ნიკების“ ანალიზი. რა შედეგი იყო?

ნ.ჯავახიშვილი: „ნიკები“ დავაჯგუფეთ, როგორც გენდერულად ნეიტრალური–73.2% და გენდერულად მარკირებული–26.8%.

მამაკაცებისა და ქალების მეტსახელები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდება. ფოკუსჯგუფებში ვთხოვეთ „ნიკების“განმარტებები გაეკეთებინათ.

მამაკაცების მეტსახელებს შემდეგი ინტერპრეტაცია მიეცა: მონტე კრისტო–მდიდარი, სექსუალური; კავკასიონი–ძლიერი, ძალაუფლების მქონე;  მე მენდე–ლიდერი; სტაბილური–მიუთითებს ეკონომიკურ სტაბილურობას, ერთგულება აქ არ იგულისხმება და სხვა.

რაც შეეხება ქალის სახელებს, გამოიკვეთა: ჭრიჭინა–მხიარული, არცთუ ისე სერიოზული; მოწყვეტილი ფოთოლი–მორჩილი, სევდიანი; ყვავილი–ლამაზია, შეგიძლია მოწყვიტო; სუპერქერა–ეს საინტერესო იმ თვალსაზრისითაა, რომ ქერათმიანები საქართველოში უმცირესობას წარმოადგენენ და სექსუალობის სიმბლოსთან ასოცირდებიან.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი