საზოგადოება

ბათუმი უწყლოდ

4 აგვისტო, 2010 • 1880
ბათუმი უწყლოდ

ბათუმს წყალი რამდენიმე დღეა შეფერხებით მიეწოდება. ამის მიზეზი მდინარის დამშრალი კალაპოტებია. შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურში აცხადებენ, რომ წვიმა არც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

ივლისის ბოლოდან ბათუმში სასმელი წყლის დეფიციტია, რამდენიმე ქუჩას წყალი არ მიეწოდება, კორპუსებში კი მაღალ სართულზე მცხოვრებთ სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. შპს „ბათუმის წყალში“, რომელიც ქალაქის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს, აცხადებენ, რომ წყლის შეფერხებით მიწოდების არავითარი ტექნიკური მიზეზი არ არსებობს. მიზეზი მხოლოდ გვალვაა, რის გამოც მდინარეებში წყლის დონემ დაიწია.

ბათუმს სასმელი წყალი მდინარე ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლისა და მეჯინისწყლის ჭაბურღილებიდან მიეწოდება. „ბათუმის წყლის“ განცხადებით, ამჟამად ყველა ჭაბურღილი სრული დატვირთვით მუშაობს, თუმცა ქალაქის მოთხოვნას წყალზე მაინც ვერ აკმაყოფილებს.

ალექსანდრე მიქელაძე, „ბათუმის წყლის“ ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ ბათუმს წყალი ევროსტანდარტის მიხედვით – დღე-ღამეში 120 ლიტრი მიეწოდება, მაგრამ პრობლემას ზაფხულში წყალზე მოთხოვნის გაზრდა ქმნის, რაც  ტურისტების სიმრავლითაც აიხსნება.

ალექსანდრე მიქელაძე: „ზამთარში წყლის ეს რაოდენობა საკმარისზე მეტიც იყო, მაგრამ ზაფხულში სხვაგვარი ვითარებაა. გარდა წყალზე მოთხოვნილების გაზრდისა, ვფიქრობ, უყაირათო მოხმარებასთანაც გვაქვს საქმე. ძველ ბათუმში, სადაც ოჯახებში წყლის ექსპერიმენტული მრიცხველები დავამონტაჟეთ, აღმოჩნდა, რომ წყლის მოხმარება ნორმას ორმაგად და სამმაგად აღემატება, ერთ სულზე მოხმარებული წყალი 400 ლიტრზე მეტია. ეს უყაირათო ხარჯვაც არის, გარდა ამისა, კომუნიკაციები ბევრს არა აქვს მოწესრიგებული. ამას ემატება ბათუმში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რომლებიც ბევრ წყალს მოიხმარენ და ეს ყველაფერი ქმნის პრობლემას“.

ბათუმში წყლის დეფიციტი ჯერჯერობით პრობლემას არ უქმნის სასტუმროებს, რომელთაც წყლის საკუთარი რეზერვუარები გააჩნიათ, თუმცა ბევრ კაფე-ბარში დაკეტილია საპირფარეშო და პერსონალს ამ უხერხულობის გამო კლიენტებთან მობოდიშება უწევს.

ბათუმში ყველა შადრევანი სასმელი წყლით მარაგდება. ალექსანდრე მიქელაძის განცხადებით, შადრევნების მუშაობას მინიმალური რაოდენობის წყალი სჭირდება, რადგან მათ ცირკულირებადი სისტემა აქვთ და აუზის ერთხელ შევსების შემდეგ, დღეში მაქსიმუმ  50-100 ლიტრი წყლის დამატება სჭირდებათ.

რაც შეეხება ბათუმელებს, რომელთაც წყლის დეფიციტი სერიოზულ პრობლემას უქმნის, „ბათუმის წყალი“ სანუგეშოს ვერაფერს ჰპირდება. ალექსანდრე მიქელაძე ამბობს, რომ ცდილობენ წყლის ერთგვარი გრაფიკი შეიმუშაონ, რაც საშუალებას მისცემთ, ბათუმის ყველა უბანს წყალი თანაბრად მიაწოდონ, თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო „ბათუმის წყალი“ კონკრეტული გრაფიკის შემუშავებასა და მის გამოქვეყნებას ვერ შესძლებს. „არ შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქუჩას ამა და ამ საათებში მივაწოდებთ ან გავუთიშავთ წყალს. ყველა უბანზე არ გვაქვს ურდულები და ძალიან ძნელია ძველ ქსელზე ზუსტი გრაფიკის მორგება“.

ზაფხულობით წყლის დეფიციტი ქალაქს წყალგაყვანილობის ახალმა სისტემამ და სოფელ სალიბაურში მდებარე რეზერვუარმა უნდა მოუხსნას, რომლის მშენებლობა და ტესტირება უკვე დასრულებულია, მაგრამ მოხმარებაში მხოლოდ ახალი წყალ-საკანალიზაციო სისტემის ამოქმედებების შემდეგ შევა. საცავი 20 ათას კუბამეტრ წყლას დაიტევს, რაც ალექსანდრე მიქელაძის განცხადებით, ბათუმში წყალზე მოთხოვნას ორი დღით დააკმაყოფილებს. ეს პროექტი საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვის შემდეგ უნდა ამოქმედდეს, მანამდე კი წყლის მოწოდება ამინდზეა დამოკიდებული.

როგორც „ბათუმელებს“ შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში უთხრეს, უახლოეს დღეებში წვიმა მოსალოდნელი არ არის. ბათუმში ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსს შორის იქნება, ჰაერის ტენიანობა კი 90 პროცენტს აღემატება, რაც ცხელ ამინდებს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.

შავი ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის მონაცემებით, ბათუმში ყველაზე ცხელი ზაფხული 1981 წელს დაფიქსირდა, როცა ჰაერის ტემპერატურამ 41 გრადუსს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი