საზოგადოება

ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ

30 ივლისი, 2010 • • 2026
ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ

ე.წ.ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები დაახლოებით ერთი თვეა ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ. თბილისის მერია და ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისთვის 80 თეთრიანი ყავის შეთავაზებაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

წლების განმავლობაში ყავის ფასი ბაზრობაზე შესაშური სტაბილურობით გამოირჩეოდა. როგორც ბაზრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, 15 წელი ფინჯანი თურქული ყავა აქ 30 თეთრად იყიდებოდა. თუმცა, ერთ თვეზე მეტია, მდგომარეობა შეიცვალა. ბაზრობის მეყავეებს ახლა უკვე ფარულად უწევთ გამოჩენა – ძველი მეყავეები ახლებმა შეცვალეს. როგორც ბაზრობის ადმინიასტრაციის წარმომადგენელი რეზო ჯაფარაშვილი ამბობს, თბილისის მერიამ თავისი მეყავეები გამოგზავნა, რომლებსაც ყავის 80 თეთრად გაყიდვა დაევალათ.

“ჩვენ მერიასთან ჭიდილის თავი არ გვაქვს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ, ძველ მეყავეებს რამე მოვუხერხოთ”, – ამბობს ჯაფარაშვილი.

იმის გამო, რომ 30 და 80– თეთრიანი ყავის ხარისხი ერთი და იგივეა, ბაზრობის პერსონალი ბაზრობაზე ყავას აღარ სვამს. ყავის გაძვირებამ მათი გაღიზიანება გამოიწვია. როგორც გამყიდველები ამბობენ, ბაზრობის გადასახადები მათ მძიმე ტვირთად აწევთ და ამის პარალელურად ყავის ფასის ზრდა განსაკუთრებით მტკივნეულია. ყოველთვიურად ადგილის, საწყობის, მუშის, ელექტროენერგიის და სხვა მომსახურებისთვის ისინი საშუალოდ 800 ლარს იხდიან.

“გარდა ფასისა, ახალი მომსახურება ძალიან არაკომფორტულიცაა – დადის იმხელა ურიკით ჯანჯღარ-ჯანჯღარით და 10 წუთი მაინც უნდება ყავის მოდუღებას ქვიშაზე. ისედაც ვიწრო რიგებში რომ ჩაივლის და დააყენებს გაზის სუნს, აუტანელია”,-ამბობს ბაზრობაზე მომუშავე დალი კოპალეიშვილი.

ძველი მეყავეები ყავას საწყობებში დაქირავებულ ოთახებში ადუღებდნენ.

ბაზრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მერიის დადგენილებით, საწყობში მოდუღებული ყავის გაყიდვის აკრძალვა ჰიგიენის ნორმების დაუცველობამ გამოიწვია.

“კითხეთ აგერ მოვაჭრეებს, ჭიქებიც ყოველთვის სუფთა გვაქვს და ძალიანაც მოსწონთ ჩვენი ყავა”, – ამბობს ძველი მეყავე ინგა მაისურაძე, რომელიც ბაზრობაზე ყავას ადმინისტრაციისგან ფარულად მაინც ყიდის.

,,დაცვას ყავა კი არ წაურთმევია არასოდეს, მაგრამ გვაფრთხილებენ, არ შეგვხვდეთ ყავით ხელში, რომ უსიამოვნო სიტუაციები ავირიდოთ თავიდანო. ისინიც ერიდებიან, არაფერს ისეთს არ გვეუბნებიან, მაგრამ მე ამ ხნის ქალი ვარ და როგორი უხერხულია, სულ შიშით რომ გამომაქვს პოდნოსი, რომ დაცვამ არ დამინახოს და შენიშვნა არ მომცეს.”

ბაზრობის ტერიტორიაზე თვენახევრის წინ დაახლოებით 8-10 მეყავე დადიოდა. მათი ყოველდღიური შემოსავალი 10-15 ლარი იყო.

“ჩვენ წავედით მერიაში საკითხის გასარკვევად და იქ გვითხრეს, რომ ეგ დადგენილება 2007 წელსაა მიღებული და ახლა ძალაში აღარაა. თუმცა, რადგან ბაზრობა კერძო საკუთრებაა, ბაზრობის მეპატრონეებს შეუძლიათ თავის ტერიტორიაზე არ დაუშვან ყავით ვაჭრობა”, -ამბობს ძველი მეყავე ნანა ჭილაია.

ბაზრობის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ასეთი გადაწყვეტილება მერიამ მიიღო. ბაზრობის ადმინისტრაციის პასუხი, ნეტგაზეთისთვის ახალი დადგენილება ეჩვენებინათ, ასეთი იყო: ”მოვძებნით და მოგაწვდით”.

თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსმა, თამარ დვალმა ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, რომ თბილისის ბაზრობებზე საკვები და სასმელი პროდუქტების რეალიზებაზე კონტროლო თბილისის მერიის კომპეტენციაში აღარ შედის და ბაზრობებზე საკვებით ვაჭრობა სურსათის უვნებლობის სამსახურის დაქვემდებარებაშია. თამარ დვალს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, გაუქმებულია თუ არა 2007 წლის 17 ოქტომბერს მერიის მიერ მიღებული დადგენილება ”თბილისის ბაზრობებზე საკვები და სასმელი პროდუქტების რეალიზაციაზე, კანონით გათვალისწინებული სათანადო კონტროლის დაწესების შესახებ”. რადგან ბაზრობები თბილისის მერიის დაქვემდებარებაში აღარაა. 

ვაგზლის ერთ-ერთი ბაზრობის მფლობელი შპს ”თერგის” ადმინისიტრაცია დოკუმენტაციის გაცნობის მსურველ ყავით მოვაჭრეებს ერთადერთ დოკუმენტს წარუდგენს – 2007 წლის 17 ოქტომბერს მერიის მიერ მიღებულ დადგენილებას.

ამ დადგენილების მიხედვით, იკრძალება თბილისის ბაზრობების ტერიტორიებზე კუსტარულ პირობებში დამზადებული საკვები და სასმელი პროდუქციის რეალიზაცია.

“საკითხის გასარკვევად, მერიაში გვიშვებენ, იმასაც არ გვეუბნებიან, არ წახვიდეთ, ან არ გაახმაუროთ თქვენი პრობლემა და ჩვენ რამეს მოვიფიქრებთო, ვერაფერი გავიგეთ”, – ამბობს მეყავე ინგა მაისურაძე.

ბაზრობის ადმინისტრაციაში ძველ მეყავეებს იმით ამშვიდებენ, რომ 80 –თეთრიანი ყავა არ გაიყიდება და ახალი, ანუ მერიის მეყავეები თავისით წავლენ.

ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, რეზო ჯაფარაშვილის თქმით, “ჯერჯერობით, ერთი ახალი მეყავე გვყავს, 80 თეთრად რომელიც ყიდის, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლებს, აქ ვერავინ ვერ იყიდის 80– თეთრიან ყავას დღეში ორ და სამ ჭიქას”.

“ისაც მეცოდება, 80– თეთრიან ყავას რომ დაატარებს, განა იმის საწინააღმდეგო რამე მაქვს. მთელი დღე დადის და არაფერი ეყიდება, ისაც ხომ ოჯახს ინახავს. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, სად წავიდეთ?”, – ამბობს ძველი მეყავე.

იმის გამო, რომ ვაგზლის ბაზრობის ხუთი ათას ადამიანისგან შემდგარი პერსონალი პროტესტის ნიშნად 80– თეთრიან ყავას არ სვამს, ახალი მეყავე ბაზრობას იშვიათად აკითხავს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი