საზოგადოება

რა გვსურს და რისი იმედი გვაქვს

26 ივლისი, 2010 • 1241
რა გვსურს და რისი იმედი გვაქვს

კითხვაზე, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, თბილისში გამოკითხულთა 46-მა პროცენტმა უპასუხა, რომ დემოკრატია სიტყვის და მედიის თავისუფლებას ნიშნავს.

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და პერიოდულად ატარებს კვლევებს სხვადასხვა საკითხებზე.

ამჯერადაც 12 დღის მანძილზე, 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ინსტიტუტმა, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, თბილისში 2053 შერჩეული ადამიანი გამოკითხა.

თემები, რომლებსაც NDI შეეხო,  მხოლოდ დემოკრატიის ქართული განსაზღვრების დადგენას არ გულისხმობს. თუმცა, საინტერესოა, რომ  კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, დადებითი პასუხი 33%-მა გასცა. უარყოფითი კი-46%-მა.

მოსახლეობისთვის მთავარი პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია. მოსახლეობის 71% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. მეორე რიგის საკითხი გამოკითხულთა უმრავლესობისთვის კი  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.  

NDI-ს მკვლევარებმა რესპოდენტები სასურველი რეფორმების შესახებაც გამოკითხეს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმად გამოკითხულთა 38%-მა სასამართლოს რეფორმა დაასახელა, 35-მა საკუთრების დაცვის რეფორმა. ასევე დასახელდა საკონსტიტუციო და საგადასახადო რეფორმა. 13%-ს მიაჩნია, რომ მედიის დამოუკიდებლობის გაზრდა მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან მხოლოდ 4% აქვს იმედი, რომ მედიის დამოუკიდებლობის უზრუნვესალსაყოფად რეფორმა გატარდება. რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის გატარების სურვილიც 22%–ს აქვს, მხოლოდ 10 იმედოვნებს, რომ მსგავსი რეფორმა გატარდება.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, NDI-მ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა გამოკითხულ რესპოდენტებს. მკვლევარებმა მათ განუმარტეს, რომ ამჟამინდელი კონსტიტუციით, ძლიერი საპრეზიდენტო სისტემაა, ხოლო ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, ძლიერ პრემიერ მინისტრის ინსტიტუტს ითვალისწინებს. ძლიერ პრემიერ-მინისტრს მხოლოდ 14 % იწონებს. რესპოდენტთა უმრავლესობას– 48%-ს  მაინც ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტური მოსწონს.

კითხვაზე, ვითარდება თუ არა საქართველო სწორი მიმართულებით, გამოკითხული 2053 ადამიანიდან 9%–მა აღნიშნა, რომ ქვეყანა “ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება”. ბევრად უფრო მეტი– 42% მიიჩნევს, რომ “ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება”, 15% თვლის, რომ საქართველო არ ვითარდება, ხოლო 11 %–ის აზრით, “არასწორი მიმართულებით ვითარდება”.

კვლევა შვედეთის განვითარების სააგენტომ (CIDA) დააფინანსა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) ჩაატარა.

კვლევის ავტორების განცხადებით,  შედეგებში ცდომილება მხოლოდ +/- 3%-ია.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი