საზოგადოება

მოღალატეობა ჩოჩიევის მიხედვით

23 ივლისი, 2010 • 1275
მოღალატეობა ჩოჩიევის მიხედვით

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმა ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები მოღალატეებს შეადარა.

 ადგილობრივი მედიისთვის ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ფორუმმა, ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი მიმართვით, ოსურ სახელმწიფო ინტერესებს ზიანი მიაყენა.  მისი აზრით, მაშინ, როდესაც ოსური დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებაზე ცდილობს, მსოფლიოს დაანახოს, რომ საქართველომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, ამ დროს, ზოგიერთი ეგრეთ წოდებული პატრიოტი ოსი ქართველებთან ერთად ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავს, ეს მოღალატეობის ტოლფასია.

 ყველაზე მეტად ფორუმის მუშაობაში  ჩოჩიევი ცხინვალში გამომავალი გაზეთის “21–ე საუკუნის” რედაქტორის თემურ ცხოვრებოვის მონაწილეობით არის შეშფოთებული.  ეს ის თემურ ცხოვრებოვია, რომელმაც  ომის შემდეგ პირველმა განაცხადა  ცხინვალში ქართული წიგნების დაწვის შესახებ. ცხოვრებოვი აგვისტოს ომის დროს ქართული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძოდა. ბორის ჩოჩიევი ცხოვრებოვის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს.

 „ჩემთვის ცნობილია, რომ თემურ ცხოვრებოვი სამხრეთ ოსეთში აგროვებდა ხელმოწერებს, იმის შესახებ, რომ ქართულ–ოსური საზღვარი ადმინისტრაციულია და ის უნდა გაიხსნას, თავიდან ეს არ მჯეროდა , მაგრამ ახლა, მიმართვას ვკითხულობ და ეს უკვე დაუჯერებლად აღარ მიმაჩნია, ეს სირცხვილია.“ –ციტატის დასასრული  

 გარდა ამისა, ჩოჩიევი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ჰოლანდიაში გამართულ ფორუმზე მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, რადგან  მათ ეს არც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და არც პრეზიდენტის მრჩეველთან არ შეუთანხმებიათ.

 თემურ ცხოვრებოვი  ჩოჩიევის განცხადებას  არასერიოზულს უწოდებს.  ცხოვრებოვი ჩოჩიევს 2008 წლის 8 აგვისტოსაც ახსენებს, როცა, მისი თქმით,  თავად ცხინვალს იცავდა, ჩოჩიევი  ჯავაში იმალებოდა.

 ქართულ–ოსურმა სამოქალაქო ფორუმმა 16 ივლისს ჰოლანდიაში ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი მიმართვა შეიმუსავა და  პოლიტიკურ საკითხებზე მეტად მათ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება ურჩია. მიმართვას ხელი 22 ადამიანმა მოაწერა, აქედან რვამ  სამხრეთ ოსეთიდან.  

 ჟენევის დისკუსიის მე–12 რაუნდის გამართვა  27  ივლისს არის დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას ოსური მხარე. 

 

 

ამავე თემაზე:

ქართულ–ოსური სამოქალაქო ფორუმი ჰუმანიტარული მისიით

მასალების გადაბეჭდვის წესი