საზოგადოება

გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ

19 ივლისი, 2010 • • 1708
გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ

კოსტავას 14 ნომერში მდებარე გამომცემლობა “სამშობლოს” ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. დევნილების თქმით, შენობაში მცხოვრები 380-მდე ოჯახი აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდა.

გაგრიდან დევნილი მერი მალანიაა ამბობს, რომ დღეს, 19 ივლისს, ძალოვნები მივიდნენ და შენობის დატოვება მოსთხოვეს:

“ერთი კვირის წინ მოვიდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და გვითხრეს, შენობა გაყიდულია და უნდა დატოვოთო . დღეს კიდევ უშიშროების წარმომადგენლები მოვიდნენ და დაგვემუქრნენ, თუ ექვსი სამუშაო დღის ვადაში არ დაცლით შენობას, გამოგასახლებთო.”

დევნილებმა ძალოვნების მისვლის შემდეგ აქცია გამართეს. სამასამდე ადამიანი კოსტავას ქუჩაზე,  გამომცემლობის წინ ტროტუარზე, იყო შეკრებილი. აქციაზე კონსერვატიული და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. პოლიტიკოსები დევნილებს დახმარებას დაჰპირდნენ.

ერთ-ერთი დევნილი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა დახმარება აღუთქვეს:

“სამინისტროში გვითხრეს, რომ არავის დაგვტოვებენ თავშესაფრის გარეშე. ან ფულად კომპენსაციას მოგცემთ, ან ალტერნატიულ ფართსო . სახლში დაბრუნებულებს კი ასეთი არეულობა დაგვხვდა.”

აფხაზეთიდან დევნილი თამარ შურღაია გვიამბობს, რომ დევნილებისთვის განკუთვნილ შეღავათს ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე თხუთმეტი წელია არ ღებულობს. დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან უყურადღებობას უჩივიან. ისინი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობენ, რომ მათ მიერ დაწერილ არაერთ განცხადებას სამინისტრო უყურადღებოდ ეკიდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი