საზოგადოება

ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ

19 ივლისი, 2010 • 3133
ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ

პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ცამეტი წლის ასაკის გოგნებისთვის 21 ივლისს  დაიწყება. ვაქცინაციის ჩასატარებლად დონორმა ორგანიზაციებმა 3.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს, რაც 19 200 დოზისთვისაა საკმარისი და 6 400 გოგონას ეყოფა. ადამიანის პაპილომა ვირუსი(HPV) რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზია, გერმანელმა მეცნიერმა ჰარალდ ცურ ჰუსენმა აღმოაჩინა და ამისათვის 2008 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

აქციას საქართველოში ეროვნული სკრინინგ ცენტრი, სანდრა რულოვსის პატრონაჟით, თბილისის მუნიციპალიტეტისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. ვაქცინაცია უფასოა. ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორის, რემა ღვამიჩავას თქმით, აქცია  მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ცამეტი წლის გოგონებს ეხებათ: „პრეპარატის ყველაზე კარგი ეფექტი  ცხრა-ცამეტი წლის ასაკობრივ ჯგუფშია ნაჩვენები.  წელს ცამეტი წლის გოგონების აუცრელობის შემთხვევაში, მომავალ წელს მათ შანსს ვუკარგავთ, სწორედ ამიტომ ყველას ვაძლევთ მაქსიმალური შესაძლებლობას.  ამ პირობებში, ყველაზე ლოგიკური ასეთი გადაწყვეტილების მიღება იყო.“

კონკურსი ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ჩატარდა, რომელშიც ერთ-ერთი გამარჯვებული საქართველო აღმოჩნდა. ვაქცინაციის ჰუმანიტარულ პროექტს Humanity International-თან თანამშრომლობით ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ (American Friends of Georgia) ატარებს, ხოლო დაფინანსებულია Axios Healthcare International-ის მიერ.

ადამიანის პაპილომა ვირუსი(HPV) რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზია, გერმანელმა მეცნიერმა ჰარალდ ცურ ჰუსენმა აღმოაჩინა და ამისათვის 2008 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

მსოფლიოში ყოველწლიურად საშვილოსნოს ყელის კიბოს 490 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგანაც 270 ათასზე მეტი ლეტალურად მთავრდება. „კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის“ (National Cancer Institute) 2010 წლის მონაცემებით, ამერიკაში 12 200 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 4 210 უკვე სიკვდილით დასრულდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის 2009 წლის მონაცემებით, საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 277 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2008 წელს – 267, ხოლო 2007 წელს  252 შემთხვევაა რეგისტრირებული. ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპის ქვეყნების სტატისტიკას უტოლდება, თუმცა საქართველოში უმეტესად მესამე-მეოთხე სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევებია. მსოფლიოში ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის, პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, ხოლო მეორეს – საშვილოსნოს ყელის კიბო. ადამიანის პაპილომა ვირუსს კი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უჭირავს, რომლისგან სრულ დაცვას ვერც ბარიერული საშუალებები უზრუნველყოფენ.

 ადამიანის პაპილომა ვირუსის ასზე მეტი სახეობა არსებობს. მათ შორის განსაკუთრებით სახიფათოა მეთექვსმეტე და მეთვრამეტე ქვეტიპის ვირუსები, რომლებიც 70-80% შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევ მიზეზს წარმოადგენენ. მათ წინააღმდეგ მოქმედებს პრეპარატები „ცერვარიქსი“ და „გარდასილი“: „აცრა პრეპარატ გარდასილით ჩატარდება. იგი კვადრივალენტურია, ანუ ადამიანის პაპილომავირუსის ოთხ ქვეტიპს ებრძვის. ცერვარიქსისგან განსხვავებით, გარდა კიბოს გამომწვევი ქვეტიპის ვირუსებისა(მეთექვსმეტე, მეთვრამეტე), ”გარდასილი” მეექვსე და მეთერთმეტე ქვეტიპის ვირუსებსაც ებრძვის, რომლებიც სხეულზე კონდილომებს (ხორცმეტებს) იწვევენ, არაავთვისებიანს, მაგრამ პათოლოგიას,“- აღნიშნავს რემა ღვამიჩავა.

სამედიცინო ცენტრ “მედეას” გენერალური დირექტორი, ზაზა ჩიტიაშივილი ამბობს, რომ, როგორც კლინიკის ხელმძღვანელი, ვაქცინა „გარდასილზე“ თავს იკავებს და კლინიკის გინეკოლოგებს მის აგიტაციას უკრძალავს, თუკი პაციენტი თავად არ მოითხოვს აცრის ჩატარებას: „შევეცდები დავასაბუთო ჩემი პოზიცია ამ ვაქცინასთან მიმართებაში: გარდასილი არის პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც ხდება კიბოს პროფილაქტიკისათვის. არ არსებობს ინფორმაცია გარდასილის ხანგრძლივ გამოყენებაზე: გამოცდა მიმდინარეობდა 36 თვის განმავლობაში. მართალია, ვაქცინა გამოიცადა 11 ათასამდე ადამიანზე, მაგრამ მისი გამოყენების რეკომენდაცია FDA-ს (Food and Drug Administration) მიერ მიღებულია ეგრეთ წოდებული “დაჩქარებული წესით”. არ არის შესწავლილი ვაქცინის პოტენციური ზემოქმედება ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ნაყოფზე. ვაქცინაციის პერიოდში მწარმოებელი რეკომენდაციას იძლევა, რომ პაციენტმა თავი დაიცვას ორსულობისაგან. თუ ქალი რეგულარულად აკითხავს გინეკოლოგს, იკეთებს პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და პაპილომავირუსის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად ჩაიტარებს ანტივირუსულ მკურნალობას, საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების შანსი მინიმალურია. ამავე დროს, შემთხვევათა 100%-ში გარდასილიც ვერ იძლევა იმუნიტეტს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს 100%-იან გარანტიას საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისა.”

პრეპრატ „გარდასილს“ ფირმა „მერკი“ აწარმოებს შვეიცარიაში.  ვაქცინა ნაჩვენებია 9-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში (ამ ვაქცინით დასავლეთში ცრიან მამაკაცებსაც: გარდა საშვილოსნოს ყელის კიბოსი, ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს ისეთ ონკოლოგიურ დაავადებებს, როგორებიცაა ანუსის, პენისის, ყელისა და ენის კიბო)  ან/და 18-დან 26 წლამდე ასაკის ქალებში. ვაქცინაცია ყველაზე ეფექტურია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე,  სხვა შემთხვევაში კი სავალდებულოა კონსულტაცია ექიმთან და გარკვევა, შეიძლება თუ არა ვაქცინაციის ჩატარება.

„გარდასილის“ გამოყენების შედეგად, არც ერთი მნიშვნელოვანი უკუჩვენება არ დასტურდება. ვაქცინა შეჰყავთ ინექციის გზით. აცრა სამი დოზით, ინექციებს შორის ორთვიანი ინტერვალით  ხდება.

მიღებული ჰუმანიტარული დახმარება თბილისში ინექციის სრული კურსის ჩასატარებლად  საკმარისია. პაციენტები აიცრებიან სპეცუბნებზე, კერძოდ, ენდოსკოპური ქირურგიისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრ „იუნონაში“, №6 სამკურნალო-დიაგნოსტიკურ ცენტრში, შპს იმუნიზაციის ცენტრში, №23 ბავშვთა კლინიკაში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრსა და თბილისის ორ სკრინინგ ცენტრში.  ინფორმაციის მისაღებაად მოქმედებს უფასო ცხელი ხაზი.

ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სარეკომენადიო სიაში აქვს შეტანილი.

საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი ვირუსებით ინფიცირებას არ ახასიათებს ადრეული სიმპტომები. ამიტომაც სკრინინგის ჩაატარება სავალდებულოა, თუნდაც პაციენტი აცრილი იყოს: საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი, 20-30% შემთხვევაში შეიძლება არა პაპილომა ვირუსი, არამედ  სხვა რამ იყოს. პაციენტს უტარებენ პაპ (პაპანიკოლაუს) ტესტს, რაც საშვილოსნოს ყელიდან სპეციალური ჯაგრისით ნაცხის აღებას და უჯრედების მიკროსკოპის ქვეშ შესწავლას გულისხმობს და „HPV-DNA“-ის ტესტს, რომლის საფუძველზე ვირუსის მაღალი რისკის ტიპები დგინდება.

 პაციენტების ექიმთან ვიზიტის ძირითადი მიზეზი ვაგინალური სისხლდენა და ტკივილია. ასეთი სიმპტომები შესაძლოა, საშვილოსნოს ყელის კობოს მიზეზი აღმოჩნდეს.

სამ წელზე მეტია, ვაქცინაცია ”გარდასილით” ნებისმიერი მსურველისთვის თბილისის კერძო კლინიკებშიც კეთდება და სრული კურსი 900 ლარამდე, ხოლო საშვილოსნოს ყელის სკრინინგი საშუალოდ 450 ლარამდე ჯდება. საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგს ეროვნული სკრინინგ ცენტრი  თბილისში მცხოვრებ ოცდახუთიდან სამოც წლამდე ქალბატონებს უფასოდ უტარებს.

ჰუმანიტარული დახმარებით ვაქცინა უკვე თბილისშია და შესაბამის ტემპერატულ რეჟიმზე ინახება. ვაქციანაცია 21 ივლისს დაიწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი