საზოგადოება

დახატული რუსული აგრესია

16 ივლისი, 2010 • 2389
დახატული  რუსული აგრესია

“მთელი დღე ქალაქ გორს ვბომბავდით, შემდეგ დღეებში კი მაროდიორობა დავიწყეთ, ქართველები თავგანწირვით იბრძოდნენ, მე წინ გავიქეცი, დიდ ლოდს ამოვეფარე და სროლა განვაგრძე. მეორე დღეს წინ წასვლა გვიბრძანეს. დაგვავალეს ქართული სოფლების ოკუპირება და განსაკუთრებული სისასტიკის გამოჩენა”, -ეს არის ნაწყვეტი რუსი ჯარისკაცის წერილიდან ”წერილი დედას”.

წერილი ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, იანა გელენიძემ დაწერა. როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი, ისიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნში –”ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია”– მოხვდა.

როგორც თვითინ იანა ამბობს, ძალიან ბედნიერია, რომ მსგავს კონკურში მონაწილეობა მიიღო და მისი ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ”ჩემს მონათხრობში რუსი ჯარისკაცს ვალაპარაკე, მასზე უკეთესად ვერავინ მოყვებოდა, სინამდვილეში რა გააკეთეს რუსებმა”.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორ აფასებენ თვითონ ბავშვები რუსულ აგრესიას”, -ამბობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, კოკა სეფერთელაძე.

სამინტრომ კონკურსი 2010 წლის იანვარში გამოაცხადა, თებერვალში კონკურსს გამარჯვებულები უკვე ყავდა. 40 –მდე სკოლის მოსწავლის მიერ დანახული 2008 წლის აგვისტო– წიგნში „ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია“–მოხვდა, რომლის პრეზენტაცია  განათლების სამინისტრომ დღეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში გამართა.

სამინისტრომ კონკურსში საქართველოს ყველა სკოლა ჩართო, სკოლის მოსწავლეებს 2008 წელს საკუთარი თვალით დანახული „რუსული აგრესია“ უნდა აღეწერათ. დაბალი კლასების მოსწავლეებს ამავე თემაზე ნახატები უნდა წარმოედგინათ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟესკაიამ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, წიგნის „ჩემი თვალით დანახული რუსული აგრესია“ ტირაჟი 1500–ია. 

მაღალი ხარხისხის 120–გვერდიანი წიგნი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარჯებით არ გამოსულა.

„წიგნის დაბეჭდვა მთლიანად იუნისეფმა დააფინანსა“, –ამბობს ნინო პოტრჟესკაია.

მანანა ზარანდია ერთ–ერთი გამარჯვებული მოსწვლის, მე–6 კლასელი ნინო მარგიას დედაა. მან მადლობა გადაუხადა სამინისტროს, რომ მისი შვილის ნახატი მეორე ადგილზე აღმოჩნდა. კითხვაზე, ხომ არ უქმნის მოსწავლეებს მსგავსი კონკურსები მტრის ხატს, მანანა ზარანდია პასუხობს: “არ ვიცი, მაგაზე არ მიფიქრია, შეიძლება ასეც იყოს“.

ნიკა სულაკაძე აფხაზეთის #3 საჯარო სკოლის მე–3 კლასის მოსწავლეა. მან დახატა ტანკები ქართული დროშით, რუსული თვითმფრინავები, აფეთქებული მანქანები, ცეცხლმოკიდებული შენობა და მკვდარი ჯარისკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანასთან.

როგორც ნიკამ თქვა, მას ეს ყველაფერი არ უნახავს. „ტელევიზორში ვნახე“,– ამბობს 8 წლის ნიკა.

„აბსოლუტურად არასწორია, როდესაც ბავშვი არ ყოფილა მოვლენების უშუალო მომსწრე და მას მაინც უწევს პროგრამაში მონაწილეობა“, –ამბობს „წამების მსხვერპლთა, ფსიქო– სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან უწევდა მუშაობა. „როდესაც ვხედავდით, რომ ბავშვებს საშინელი ასოციაციები ჰქონდათ აფხაზეთთან, მაშინ ვთხოვდით, ეკითხათ მშობლებისთვის, თუ რა ახსოვთ მათ კარგი აფხაზეთიდან და შედეგი იყო პოზიტიური – პოზიტიური დამოკიდებულება მათ ნახატებშიც გაჩნდა“, –ამბობს ფსიქოლოგი.

ბავშვთა ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ განათლებისა და, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკა იმ მიმართულებით მიდის, რომ ბავშვებმა მთელი ცხოვრება მტრის ხატით იცხოვრონ. „ასეთი უტრირება და ხაზგასმა არის აშკარად მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ  ბავშვებს რევანშისტული პოლიტიკა ჩამოუყალიბდეთ. ისინი თავს მსხვერპლად მიიჩნევენ, მსხევრპლი კი ყოველთვის პოტენციური მოძალადეა. ასეთი სტრატეგია სახელმწიფოს მხრიდან არის ერთგავარი მესიჯი –არ დაგავიწყდეთ ეს ამბავი“, –ამბობს მაია ცირამუა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რუსეთ–საქართველოს ომის საკითხებზე კონკურსის ჩატარებას ყოველწლიურად გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი