საზოგადოება

სამი მილიონი ხუთ დღეში

11 ივლისი, 2010 • • 1444
სამი მილიონი ხუთ დღეში

1 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის” მთავრობას 3 მილიონი ლარი დამატებით მოსთხოვა. ტელევიზიიდან მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი, ეს ფული, ძირითადად, სოფო ნიჟარაძის ევროვიზიაზე გამოსვლასა და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას მოახმარა. მაუწყებელმა ევროვიზიის, ფეხბურთის ჩვენების, სატელიტის მომსახურებისა და კიდევ სხვა ხარჯებისთვის – 17 მილიონამდე ლარი წლის დასაწყისშიც მიიღო. “ბათუმელების” ჟურნალისტური გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანხები არამიზნობრივად დახარჯა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ წელს, 1 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამი მილიონი ლარის დამატება მოსთხოვა. ჭანტურიამ მინისტრს აუხსნა, რომ სატელიტური კომპანია “უეტელსატთან” შეწყვეტილი კონტრაქტის გამო “მაუწყებელი იძულებული გახდა, კონტრაქტები სხვა კომპანიებთან გაეფორმებინა. ეს გასულ წელთან შედარებით სატელიტურ მაუწყებლობას თითქმის სამჯერ აძვირებს… მაუწყებლის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 3 მილიონი ლარი”.

მოთხოვნა საქართველოს მთავრობამ ხუთ დღეში დააკმაყოფილა – 6 აპრილს, საზოგადოებრივ მაუწყებელს “შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის” 3 მილიონი ლარი მისცა (განკარგულება #425).

“ბათუმელებმა” 3 მილიონი ლარის მოთხოვნის საფუძველი და თანხების ხარჯთაღრიცხვა მაუწყებლიდანაც გამოითხოვა, მაგრამ ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის ქსეროასლი ტელევიზიამ არ მოგვაწოდა (დოკუმენტი “ბათუმელებმა” საქართველოს მთავრობისგან მიიღო).

სამაგიეროდ ტელევიზიამ მოგვაწოდა სხვა დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აპრილში მიღებული 3 მილიონიდან 2 363 072 ლარი სულ სხვა მიზნებისთვის გახარჯა, რასაც არაფერი აქვს საერთო მაუწყებლის შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან. კერძოდ, 2 069 473 ლარი “ევროვიზიის” კონკურსზე სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის გადაიხადა; 169 099 ლარად 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე კომპანია GFK-ს ეგზით პოლის ჩატარება დაუკვეთა; 124 500 ლარი მსოფლიო ჩემპიონატის ხარჯებშია გაწერილი.

320 840 ათასი ლარი აუდიტორული მომსახურების დასაფინანსებლად გამოიყენა. “შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის” მაუწყებელს სამი მილიონიდან მხოლოდ 316 ათასი ლარი დარჩა.

გიორგი ჭანტურია – ტელევიზიის გენერალური დირექტორი ამ 3 მილიონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებისთვის რაიმე თანხის გაღებას “ბათუმელებთან” არ ადასტურებს: “აქედან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. ჩემპიონატთან დაკავშირებით კონტრაქტი სამი წლის წინ დაიდო და თანხასაც გეგმიურად ვიხდით”.

 

2 მილიონი ევროვიზიისთვის

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ “ევროვიზიისთვის” სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყოფილა. გიორგი ჭანტურიამ კი, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებაზე, ანუ სოფო ნიჟარაძის პრომოუშენისთვის სწორედ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დახარჯვაზე თანხმობა ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს სთხოვა (სხდომის ოქმი #159). მან 8 აპრილის სხდომაზე საბჭოს განუმარტა, რომ მაუწყებელს ფუნქციონირებისთვის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 3 მილიონი ლარი. ამ თანხიდან 802 100 ევრო უნდა გადაუხადონ თურქულ კომპანიას, რომელიც სოფო ნიჟარაძის პოპულარიზაციაზე იმუშავებს.

სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორს თანხმობა იმავე დღეს, 8 აპრილს მისცა (გადაწყვეტილება #172). საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით, თურქულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 8 აპრილს გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტით კი, 7 აპრილს კომპანიას 402 100 ევრო უნდა გადაერიცხოს.

“არც ერთი სარეზერვო ფონდიდან არ დაფინანსებულა ევროვიზია, არც პრეზიდენტის და არც მთავრობის”, – დარწმუნებულია ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ნინო ჟივიძე. ის იმავეს პასუხობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც.

“ნებისმიერი ინფორმაცია ხელშეკრულების პირობების შესახებ კონფიდენციალურია. ამ ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები” – ნათქვამია მაუწყებლის მიერ საიასადმი 2010 წლის 7 მაისს გაგზავნილ ოფიციალურ წერილში (#2279/02).

ამ აკრძალვის მიუხედავად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “ბათუმელებს” თურქულ კომპანია “Cosmo Organizasyon”-თან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი (ინგლისური ვერსია) გამოუგზავნა. კონტრაქტში აღწერილია სოფო ნიჟარაძის პრომოუშენთან დაკავშირებული დეტალები. მეშვიდე პუნქტი კი მართლაც ითვალისწინებს ინფორმაციის დაფარვას მესამე პირისთვის. ხელშეკრულებაში წერია, რომ შეთანხმების დამრღვევი მხარე 50 ათასი ევროთი დაჯარიმდება. დოკუმენტის მიხედვით, ინფორმაციის გაუცემლობა ძალაშია კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის შემდეგაც. გია ჭანტურია დოკუმენტის “ბათუმელებისთვის” მოწოდებას ასე ხსნის: “პროექტის დასრულების შემდეგ, კომპანიისგან მივიღეთ წერილობითი თანხმობა ინფორმაციის გასაჯაროებაზე”.

 

“ეუტელსატი” – მაუწყებლის პრობლემა

1 აპრილს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილი წერილის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ფრანგული საადვოკატო და აუდიტორული კომპანიები იმისთვის ჰყავს დაქირავებული, რომ სატელიტურ კომპანია `ეუტელსატს~ სასამართლოში ედავება. ამონარიდი წერილიდან: `სასამართლო დავის წარმოება დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული, ეს თანხა მაუწყებლის 2010 წლის ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული. დღეისთვის ხარჯმა შეადგინა 900 ათასი ლარი~.

წერილით გია ჭანტურიამ ფინანსთა სამინისტროს აცნობა, რომ 310 ათასი ევრო (`ეუტელსატის~ ექვსი თვის მომსახურების საფასური) მაუწყებელმა გადარიცხა სასამართლო სადეპოზიტო ანგარიშზე `მაუწყებლის გადამხდელუნარიანობის დასასაბუთებლად~.

“ეუტელსატი”  “პირველი კავკასიურის” (რუსულენოვანი არხი, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკუთვნის) თანამგზავრზე გასვლას უზრუნველყოფდა. შეთანხმების დარღვევის ანუ “პირველი კავკასიურის” გათიშვის შემდეგ, `საზოგადოებრივმა მაუწყებელმა~ ფრანგულ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. პროცესი 12 ივლისს გაიმართება.

 

დოკუმენტთან შეუსაბამობა

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელაძის მიერ “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში გაკეთებული განცხადებები და ოფიციალური დოკუმენტები ერთმანეთს არ შეესაბამება:

მაშ ასე, გენერალური დირექტორის 1 აპრილის წერილში ნათქვამია, რომ პარიზის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 310 ათასი ევროა გადარიცხული. ლევან გახელაძის თქმით კი – 600 ათასი ევრო;

ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ წერილში წერია, რომ მაუწყებელი იძულებული გახდა გაეფორმებინა კონტრაქტები სხვა სატელიტურ კომპანიებთან, კერძოდ, “გლობქასტთან” და “თურქსატთან”, რასაც გახელაძე უარყოფს: “გლობქასტთან” ჩვენ არ ვთანამშრომლობთ, არ ვიცი, საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია”;

კითხვაზე, რა თანხაზე გაფორმდა ახალ კომპანიებთან ხელშეკრულებები და სწვდებოდა თუ არა მაუწყებლის ბიუჯეტი გაძვირებულ ტარიფს, გახელაძე აცხადებს: “რომ ვერ წვდებოდა, იმიტომაც გვჭირდებოდა ეს სამი მილიონი”. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ელოდებოდა საბიუჯეტო ცვლილებას, რის შემდეგადაც უნდა გაზრდილიყო არხის დაფინანსება: “იყო სიტყვიერი დაპირება, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტმა ეს ცვლილება არ მიიღო. ამიტომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გამოყოფა”.

ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ნახსენები ფასების გასამმაგება, “ბათუმელებთან” სატელეფონო საუბარში გიორგი ჭანტურიამაც უარყო: “ვისთანაც ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, იმ კომპანიებთან ფასების გასამმაგებაზე ან გაორმაგებაზე საუბარი არ არის”.

გია ჭანტურია დოკუმენტში დასახელებული ორი კომპანიიდან მხოლოდ ერთზე საუბრობს. “თურქსატთან” სასწრაფოდ გავაფორმეთ ხელშეკრულება, სხვებთან დაკავშირებით კი სასამართლო დავის დასრულებამდე ინფორმაციას არ ვასაჯაროებთ”,– აცხადებს იგი.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გათვლები

“საზოგადოებრივ მაუწყებელს” თავის ვებგვერდზე განთავსებული აქვს პირველი კვარტლის ანგარიში. ამ ანგარიშში ფინანსური (თუნდაც შესაძლო) პრობლემების შესახებ არაფერი წერია. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აპრილითაა დათარიღებული, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” წლის დასაწყისში ტექნიკური ხარჯებისთვის 7 მილიონი ლარი (ამაში შედის სატელიტის მომსახურების ხარჯიც), ხოლო პროდიუსინგის ხარჯებისთვის 7 303 245 ლარი აქვს (ევროვიზია და მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია).

2009 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გასულ წელს 33 297 727 ლარი გახარჯა. აქედან დაახლოებით 26,5 მილიონი სახელმწიფომ მისცა. წელს კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონი ლარი მისცეს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე: “შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის” – ეს ფორმალური ტერმინია. სარეზერვო ფონდიდან თანხის მიღებისას მთავრობა მიზნობრიობის დაკონკრეტებას არ ითხოვს. მივწერეთ მთავრობას, რომ გვჭირდებოდა დამატებითი თანხა ფუნქციონირებისთვის, თანხების მიზნობრიობა კი შემდეგ ბორდმა განსაზღვრა”.

თამარ გურჩიანი, საიას იურისტი: “ტერმინი “შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის” სამართლებრივ განმარტებაში არ არსებობს. ასეთ ტერმინებს მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის განკარგულებებში ვაწყდებით. ეს არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება დაფინანსების რეალური მიზნების შესანიღბად, რადგან დაფინანსების რეალური მიზეზი არავისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ხოლო შემდგომში ამ თანხების ხარჯვის მაკონტროლებელი მექანიზმი აღარ არსებობდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემული #425 განკარგულების მიხედვით, ისეთ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, რომელიც არანაირ სამართლებრივ შეფასებას არ ექვემდებარება. ნებისმიერი სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული – თუკი ვხარჯავთ რაღაცას, უნდა არსებობდეს ამის საფუძველიც. 

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების  NED და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს “გაზეთ ბათუმელებს”. ინფორმაციის გამოყენებისას გაზეთ “ბათუმელების” მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი