საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილები საავადმყოფოდან საავადმყოფოში

8 ივლისი, 2010 • 2453
აფხაზეთიდან დევნილები საავადმყოფოდან საავადმყოფოში

აფხაზეთიდან დევნილთა ნაწილი, რომლებიც თვალის კლინიკაში 16 წელია ცხოვრობენ,  აპროტესტებენ ინვესტორის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დევნილებს ან დამწვრობის ცენტრში შეასახლებენ,  ან 10 ათას აშშ დოლარს გადაუხდიან.

2007 წლიდან პსპ  ჯგუფში შემავალი კომპანია -”ნიუ ჰოსპიტალი” ოფთალმოლოგიის კლინიკის ინვესტორია. კლინიკის ერთ– ერთ შენობაში აფხაზეთიდან დევნილები 16 წელია ცხოვრობენ. კლინიკის ახალი მეპატრონე სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად, ვალდებულია დევნილები ან ალტერნატიული საცხოვრებლით დააკმაყოფილოს, ან ფულადი კომპენსაცია გადაუხადოს. თვალის კლინიკის ახალმა მეპატრონემ  გადაწყვეტილება მიიღო, დევნილებს მის საკუთრებაში არსებული მეორე სამედიცინო დაწესებულების ფართები დაუკანონოს,  ან სანაცვლოდ 10 000 დოლარი კომპენსაცია გადაუხადოს..

”არ გამიგია, ერთი საავადმყოფოდან გამოყავდეთ ხალხი და მეორეში ასახლებდნენ”, -ამბობს თვალის კლინიკაში მცხოვრები დევნილი ლალი მიქაძე. მიქაძის თქმით, კლინიკის ახალ მეპატრონეს  არ უთქვამს, რომ მათ გადაყვანას სწორედ თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის  ანუ დამწვრობის ცენტრის შენობაში აპირებდა.

”რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ  კომპანია  ”ნიუ ჰოსპიტალიდან”.  გვითხრეს, წამოდით, რაღაც უნდა განახოთო. წაგვიყვანეს დამწვრობის ცენტრში. მეტალო პლატმასის კარ-ფანჯრით და იაფფასიანი ლამინატით უნდათ თვალის ახვევა”, – ამბობს მიქაძე.

”ნიუ ჰოსპიტალის” დირექტორის მოადგილე, თენგიზ ჯამელაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია დამალული არ ყოფილა, – ”ჯერ კიდევ იანვარში წერდნენ გაზეთები, რომ, სავარაუდოდ, აქ შეასახლებდნენ დევნილებს. ასე, რომ ხალხმა იცოდა, რას ვაპირებდით”.  

როგორც ჯამელაშვილი ამბობს, მისთვის გასაგებია, რომ იქ არ არის ისეთი პირობები, როგორსაც აფხაზეთიდან დევნილი ისურვებდა, თუმცა მისივე თქმით, კომპანიამ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა, რომ მაქსიმალურად კარგი პირობები შეეთავაზებინა ოჯახებისთვის.

პსპ ”ნიუ ჰოსპიტალი”დამწვრობის ცენტრის შენობის ერთ ნაწილს, რომელშიც დევნილმა ოჯახებმა უნდა იცხოვრონ, მთლიანად არემონტებს. შენობის ხუთ სართულზე სხვადსხვა ფართობის  იზოლირებული ბინები კეთდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, ”პსპ ნიუ ჰოსპიტალი” დევნილებს იმაზე მეტი ფართობის საცხოვრებელ ფართს სთავაზობს, ვიდრე ახლა აქვს თვალის კლინიკის შენობაში. ჯამელაშვილი თქმით, თუ თვალის კლინიკის შენობაში დევნილებს მოშენებაც აქვთ გაკეთებული, კომპანია ბინების გადანაწილების დროს ამ ფაქტორსაც გაითვალისწინებს.

”თუ 11 კვადრატული აქვს ვინმეს, ჩვენ 20-ს მივცემთ”, – განმარტავს ჯამელაშვილი.

”დერეფნის ხარჯზე გააკეთეს ოთახები, ახლა დერეფანი 1.15 მეტრი სიგანისაა. კაცი რომ გარდაიცვალოს, ვერ გამოასვენებ,”-ამბობენ დევნილები.

მათი  თქმით,  კომპანიიის წამომადგენლები და დირექტორი ნიკოლოზ ოქრიაშვილი თავიდანვე პირდებოდნენ,  რომ ისეთ შეთავაზებას მიიღებდნენ, აქამდე რომ არავის არავისთვის შეუთავაზებია, -”ნამდვილად, ასეთი სამარცხვინო შეთავაზება არავის ექნებოდა”, -ამბობს ლალი მიქაძე. 

დევნილი ოჯახებისთვის ახალ ბინებში ცხოვრება პირველ რიგში იმიტომაა მიუღებელი, რომ ბინები მოქმედი საავადმყოფოს  შენობაში მდებარეობს.

”არ გვინდა, რომ ჩვენი ფანჯრებიდან პალატებში ვიყურებოდეთ და მძიმე პაციენტებს ვხედავდეთ”,- ამბობს დევნილი ქალბატონი.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელ შენობას ცალკე შესასვლელს უკეთებენ, ზოგიერთი ახლაგარემონტებული ბინის ფანჯრიდან საავადმყოფოს პალატების ფანჯრები მოჩანს.

”როცა ოქრიაშვილს ვუთხარით, რომ ჩვენ იმ ბინებში არ გადავალთ, გამოგვიცხადა, რომ მაშინ ამ ბინებს ძვირად გაყიდიდა და მხოლოდ  10 000 დოლარს მოგვცემდა”, – ამბობს ლალი მიქაძე.

“ნიუ ჰოსპიტალის” დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ  დევნილებს სანაცვლოდ 30000 დოლარი უნდოდათ,- ”ყველა ოჯახისთვის ამდენი რომ მიგვეცა, სულ 1 მილიონ 200 ათასი ლარი დაგვიჯდებოდა. საქართველოში 10000 დოლარზე მეტი ჯერ არავის გადაუხდია დევნილიებისთვის.  ასე, რომ კომპანიამ ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება”.

როგორც ჯამელაშვილი ამბობს, იმ უბანში, სადაც ეს შენობაა, ბინის კვადრატული მეტრის ფასი 600-650 დოლარია. დევნილ ოჯახებს კი, მისი თქმით, ამ ბინების გაყიდვა თავადვე შეეუძლიათ.

”როცა ვნახეთ ეს ბინები,  მეორე დღესვე მივედით მათთან და კატეგორული უარი განვაცხადეთ წერილობით, მერე რომ არ ეთქვათ, თანახმა იყავითო”, – ამბობს მიქაძე.

”ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმოამდგენლებმაც ნახეს ეს ბინები. ჯერჯერობით, ისინი დადებითად აფასებენ იმას, რაც ნახეს. საბოლოო შეფასება კი მშენებლობის დამთავრების შემდეგ გაკეთდება”, – აცხადებს ჯამელაშვილი

პსპ ”ნიუ ჰოსპიტალი” დევნილებისთვის ბინებს, დაახლოებით, თვენახევარია აშენებს. გეგმის მიხედვით, მშენებლობა აგვისტოს ბოლოსთვის  უნდა დასრულდეს. სექტემბრის პირველი რიცხვებიდან კი დევნილები უკვე ახალ ბინებში უნდა ცხოვრობდნენ.

როგორც დევნილები ამბობენ, მათთან მისული იყო ფოტოგრაფი, რომელიც, მათივე თქმით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის მძღოლია. ”სადაც კი რამე გატყავებული კედელია, იმას იღებდა ახლოდან. მერე იმ ბინებს გადაუღებენ და იტყვიან, ეს ხალხი ვერ არის, როგორ ვერ ხედავს სხვაობას, ამაზე მეტი რა უნდაო”,- ამბობს მიქაძე.

დევნილების ვარაუდით, სავადმყოფოს შენობაში ცხოვრება, ეპიდემიური და ინფექციური თვალსაზრისითაც, საფრთხის შემცველია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა ამბობს, რომ  ამ მხრივ დამწვრობის ცენტრი საშიშ ობიქეტს არ წარმოადგენს.

თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის თანამშრომლებიც აცხადებენ, რომ დამწვრობის ცენტრისა და პლასიტკური ქირურგიის განყოფილების გარდა, შენობაში არაფერია. ”იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაც არ მოხვედრილიყო იმ ფლიგელში,  სადაც დევნილების ბინები შენდება, ჩვენი შესასვლელიც სხვა ადგილას გაკეთდა”, – ამბობს ცენტრის მთავარი ექთანი.

”თუკი ასარჩევად არის საქმე, რასაკვირველია, ადამიანები ჰოსპიტალის ტეროტორიას  არ აირჩევენ. ადამიანს აქვს უფლება ისეთ პირობებში იცხოვროს, როგორშიც მას სურს. თუ ადამიანი ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმეა, ე.ი. მძიმეა”, -ამბობს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი.

დღეისათვის 39 დევნილი ოჯახიდან  მხოლოდ 11–მა გამოთქვა საავადმყოფოს შენობაში ცხოვრების სურვილი.  სამმა კი ბინის სანაცვლოდ 10 000 დოლარის აღება გადაწყვიტა.

”არქიტექტორებმა მათთან ერთად დაგეგმეს, ვის სად და როგორი განლაგება  უნდოდა, ტიხრებიც გადაკეთდა მათი სურვილისამებრ”, – ამბობს პსპ ”ნიუ ჰოსპიტალის” დირექტორის მოადგილე.

ის დარჩენილი ოჯახები კი, ვინც არ დათანხმდა სავდმყოფოს ბინებში ცხოვრებას, აცხადებენ, რომ ბოლოდე იბრძოლებენ, იქ საცხოვრებლად მაინც არ წავლენ და არც ამ რაოდენობის კომპენსაციის აღებას აპირებენ.

”მრავალი წელია ეს ადამიანები დევნილები არიან და მათი სოციალურ-ფიზიკურ-მორალური მდგომარეობა ცოტა რთულია. მათ აქვს თავიანთი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, გვესმის მათი და გასაგებია მათი პრეტენზიები, თუმცა ის ვალდებულება,  რომელიც სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა კომპანიას, კომპანიამ ასე დაინახა და ასე გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში”, – ამბობს ჯამელაშვილი.  

კითხვაზე, რა ზომებს მიმართავს კომპანია, იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახები მათ პირობებს არ დათანხმდებიან, ჯამელაშვილი პასუხობს -”რიტორიკული შეკითხვაა, ჯერ არ ვიცით რა ზომებს მივმართავთ”.

კორპუსი, სადაც ”ნიუ ჰოსპიტალს” დევნილების გადაყვანა სურს
კორპუსი, სადაც ”ნიუ ჰოსპიტალს” დევნილების გადაყვანა სურს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი