საზოგადოება

მოლოდინი ოთხ კვადრატულ მეტრში

30 ივნისი, 2010 • 1699
მოლოდინი ოთხ კვადრატულ მეტრში

გია კუპრავას ოჯახმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიდევ ორ ოჯახთან ერთად თბილისის მერიასთან ცხოვრობდა, მერიის რჩევით საცხოვრებელი შეიცვალა და ოჯახის მდგომარეობის შესაფასებლად, კომისიას უკვე რამდენიმე დღეა ელოდება.

”ჩვენთან შესახვედრად მერიიდან გიორგი სანიკიძე და გია მამრიკიშვილი ჩამოვიდნენ, გვითხრეს, ჯობს სადმე წახვიდეთ და კომისია შესამოწმებლად იქ მოვაო”, -ამბობს 52 წლის გია კუპრავა, რომელმაც მეუღლესთან და 9 წლის შვილთან ერთად დაახლოებით 10 დღის წინ მერიასთან ცხოვრება დაიწყო.

სამივე ოჯახი 2008 წლიდან  მერიისგან იმ ”სოციალურ ბინას” ელოდება, რომელიც თბილისში, ვარკეთილში, შვეიცარიული გავნვითარების ფონდის მხარდაჭერით შენდება.

”როდესაც პირველი ნაკადი შეასახლეს ამ სახლებში, მაშინაც ვიყავით სიაში, მაგრამ რატომღაც იქ არ მოვხვდით. არადა წერილებში, რომლებსაც მერიიდან 2008 წლიდანვე გვიგზავნიდნენ, ნათქვამი იყო, რომ კომისია მოვიდოდა და შეგვაფასებდა, გვეკუთვნოდა თუ არა ნამდვილად საცხოვრებელი”, -ამბობს კუპრავა.

2008 წლიდან ოჯახები კომისიას ელოდებიან.

უკვე 5 დღეა კუპრავას ოჯახი მერიის რჩევით ისევ ქირით გადავიდა. 4 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი ნაძალადევის რაიონში, იმერეთის ქუჩაზე, 70 ლარად იქირავეს. ოთახში ერთი საწოლი, რომელიც კუპრავას 9 წლის შვილისთვის სამეცადინო მაგიდის ფუნქციასაც ასრულებს და ერთი სკამი დგას, რომელიც მერიის სოციალური სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას სახელზე დაწერილი განცხადებებითა და სამედიცინო დასკვნებითაა დაკავებული.  სამედიცინო ცნობების მიხედვით, გია კუპრავა და მისი 9 წლის შვილის, კონსტანტინეს დიაგნოზი სიმსივნეა.

”ჩემი თავი არ მადარდებს, მაინც დიდხანს ვერ ვიცოცხლებ, მეშინია, ჩემი შვილი არ დარჩეს ქუჩაში”,-ამბობს კუპრავა.

9 წლის კონსტანტინეს ზუსტი დიაგნოზი ექმიმებმა ვერ დაუსვეს, ამიტომ  მის სამედიცინო დასკვნაში ეგზოტიკური სიმსივნე წერია. კუპრავას თქმით, ბავშვის საერთო მდგომარეობას მათი საცხოვრებელი პირობებიც უშლის ხელს, -”ამ 4 კვადრატულში სუნთქვა უჭირს და ეზოში გაგვყავს, იქ უკეთესად გრძნობს თავს”.

”როცა მერიიდან გამოგვეხმაურნენ, მაშინ გვითხრეს, რომ თუკი წავიდოდთ მერიის ტერიტორიიდან, კომისიას ჩვენს ახალ მისამართებს გადასცემდნენ და პირველ რიგში  ჩვენს შესაფასებლად მოვიდოდნენ, მაგრამ ჯერ არავინ მოსულა, ველოდებით”,-ამბობს გია კუპრავა.

შვეიცარიული განვითარების ფონდში კი ამბობენ, რომ შერჩევის ეტაპი უკვე ერთი კვირაა დაიწყო. მათი თქმით, დღეში დაახლოებით 2-3 ოჯახს ამოწმებს კომისია. ფონდის წარმომადგენლების თქმით, ოჯახების შერჩევის პროცესი, სავარაუდოდ, კიდევ 2-3 კვირა გაგრძელდება.

მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, თამარ დვალი კი  ნეტგაზეტთან საუბარში ამბობს, რომ თბილისის მერია  ასპროცენტიან გარანტიას, რომ ისინი დაკმაყოფილდებიან საცხოვრებლით,  ამ ოჯახებს ვერ მისცემს ,-”თუმცა მათი ქულები ძალიან დაბალი იყო და დიდი შანსი აქვთ, რომ მოხვდნენ პროგრამაში. უბრალოდ, მერია ვერ მისცემს მათ ამის გარანტიას”.

სოციალურად დაუცველთა ოჯახების სიას თბილისის მერია ადგენს. შემდეგ ამ ოჯახებში სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი მიდის და ოჯახის მდგომარეობას სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს.

”პროექტის პარტნიორებს მოუწიათ ბენეფიციართა მკაცრი კრიტერიუმების შემოღება, რათა ამ კატეგორიის მოსახლეობას შორის კიდევ უფრო გაჭირვებული და მარგინალიზებული შეირჩეს სოციალურ სახლებში გადასასვლელად “, -ამბობს შვეიცარიული განვითარების ფონდის ჰუმანიტარული პროგრამების უფროსი კოორდინატორი თამარ წივიწივაძე.

”კიდევ 2-3 კ ვირას მოვიცდით, ვნახოთ, თუ დადებითად გადაწყდა ჩვენი საქმე, ბედნიერი ვიქნები, თუ არადა, ვეცდები, სხვა ქვეყანას ვთხოვო თავშესაფარი, მე დასაკარგი მეტი აღარაფერი მაქვს”, -ამბობს კუპრავა.

კუპრავას ოჯახის მსგავსად, მერიასთან ცხოვრების გადაწყვეტილება 20 მაისს კიდევ ორმა ოჯახმა მიიღო. ხუთი დღე  მერიასთან საცხოვრებლების მოთხოვნით, კიდევ სამი ადამიანი ცხოვრობდა.  ერთ-ერთი ოჯახიც, კუპრავების მსგავსად, მერიის რჩევით ისანში გადავიდნენ საცხოვრებლად და ბინა იქირავეს.   80 წლის ელენა ჩოლოგაური კი, როგორც გაირკვა, პროგრამის სიაში არ აღმოჩნდა, ამიტომ მას 2011 წლამდე მოცდა სთხოვეს.

”ელენამ დახმარებისთვის ლეიბორისტებში სოსო შატბერაშვილს დაურეკა. ჯერ უთხრეს, აქ მოდი და პრესკონფერენცია გავმართოთო. მერე კიდევ დაურეკეს იქიდან და კითხეს, ხმა ვის მიეციო. ინგა გრიგოლიასო, უპასუხა. ხოდა იმან მოგხედოსო. მაგის მერე არ მინახავს ელენა, სად წავიდა არ ვიცი”, -ამბობს გია კუპრავა.

კუპრავას ოჯახი ნაქირავებ ოთახში
კუპრავას ოჯახი ნაქირავებ ოთახში

პროექტის შესახებ

პროექტი „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში თბილისში” კომპლექსური  პროექტია. მისი მიზანია თბილისში რეგისტრირებული და მაცხოვრებელი სოციალურად ყველაზე დაუცველი და უსახლკარო ფენის წარმომადგენლების (მათ შორის დევნილების) გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სულ ორი 3-სართულიანი სახლის (მთლიანობაში 24 ბინით) აშენება თბილისში. სახლების მესაკუთრე იქნება ქალაქ თბილისის მერია. სოციალურ სახლებში გადასასვლელად შერჩეულ მოსახლეობას არ აქვს იმ ბინებზე საკუთრების უფლება, რომლებშიც ისინი იცხოვრებენ. ისინი პირდაპირ მფლობელებად ითვლებიან.

მოცემული პროექტის ფარგლებში, თბილისის გარდა, სოციალური სახლები შენდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და გორში (2 სახლი 14 ბინით თითოეულ ოთხ ქალაქში). მშენებლობის დამთავრება ხუთივე ქალაქში დაგეგმილია ამ წლის ივნისის ბოლოსთვის, ხოლო შერჩეული ბენეფიციარების გადაყვანა იგეგმება მიმდინარე  წლის ივლის-აგვისტოში.

პირველი მსგავსი პროექტი თბილისში 2008 წელს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. მაშინ 4 ორსართულიანი სახლი აშენდა ვარკეთილში, სადაც ამჟამად 28 ოჯახი ცხოვრობს.

ამავე თემაზე:

”სახლი” თბილისის მერიასთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი