საზოგადოება

სამედიცინო მომსახურების გაძვირების პერსპექტივა

24 ივნისი, 2010 • 1377
სამედიცინო მომსახურების გაძვირების პერსპექტივა

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტში შესული ცვლილების თანახმად,  2011 წლის 1 იანვრიდან, შესაძლოა, სამედიცინო მომსახურება გაძვირდეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ახალი  საგადასახადო კოდექსის მიხედვით, მაღალშემოსავლიანი და კომერციულად მომგებიანი  სექტორები დაიბეგრება. მათ რიცხვში კი ძვირადღირებული სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდებაცაა.

„მაგალითად, თუ „სიმენსის“ ფირმის სამედიცინო ტექნიკა გიდგას, ე.ი. შემოსავალიც მაღალი გაქვს, სხვა შემთხვევაში,  არ გექნება. და თუკი მაღალი გაქვს შემოსავალი, მაშინ უნდა დაიბეგროს“, – განაცხადა  23 ივნისს, პარლამენტში ახალი საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების მოხსენების დროს, კახა ბაინდურაშვილმა. მისი  თქმით, ახალ საგადასახადო კოდესში შესული ცვლილებები ქვეყანაში დეფიციტით და ქვეყანაზე მსოფლიო კრიზისის კვალით აიხსნება: „ჩვენი მიზანია, 2013 წლის შემდეგ ისევ დავწიოთ გადასახადები და დეფიციტიც 3%–ზე დაბალი იყოს“.

ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის განყოფილების უფროსი, გიორგი ყაველაშვილი ამბობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი მხოლოდ „სიმენსის“ და სხვა ძვირადღირებული ტექნიკის დაბეგვრას არ ითვალისწინებს: „ 18%–ით დაიბეგრება ყველა სამედიცინო ტექნიკა, თუმცა არ არის შესული ცვლილება, რომ  ეს ფაქტი რამენაირად სამედიცინო მომსახურებასაც შეეხება“.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ ტექნიკის ფასების აწევა პირდაპირპროპორციულად აისახება  მომსახურების ფასებზე: „დაახლოებით 9–10 %–ით გაიზრდება სამედიცინო მომსახურება. სხვა შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებები აღარ იფიქრებენ ტექნიკის შეცვლაზე და კლიენტებს ძველი აპარატურით მოემსახურებიან, რაც ჯანდაცვის სფეროში კიდევ უფრო მეტ პრობლემას შემოიტანს“.

იმავეს ფიქრობს თავისუფალი უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და 2004–2007 წლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მეგრელიშვილი: „ბუნებრივია, ეს გაზრდის ფასებს სამედიცინო მომსახურებაზე. მაგას რად უნდა ფილოსოფია“.

ვახტანგ მეგრელიშვილის აზრით, თუკი ქვეყანაში საავადმყოფოები აშენდება (ცნობისთვის, ისევ ძალაშია ახალი საავადმყოფოების მშენებლობის პროგრამა), მათი აღჭურვაც იქნება საჭირო.

„გააჩნია სამედიცინო მიმართულებასაც, მაგალითად, ფსიქიატრიის სფეროში ალბათ ცვლილებები არ იქნება, მაგრამ თუნდაც კარდიოლოგიაში, სადაც მასობრივად გამოიყენება სხვადასხვა თანამედროვე ძვირადღირებული აღჭურვილობა, მომსახურების ფასები აიწევს“, – ამბობს ვახტანგიშვილი და თვლის, რომ სამედიცინო დაწესებულებები აღჭურვილობაზე ეკონომიიის გაკეთებას შეეცდებიან.

„თუკი  დაწესებულებები  ძვირადღირებული ტიპის აღჭურვილობის ყიდვას გეგმავდნენ, იყიდიან უფრო მეორადს, ან დაბალი ხარისხის აპარატურას, რადგან ყველა ცდილობს, ჩაჯდეს უკვე განსაზღვრულ ფინანსურ ჩარჩოებში“ – ამბობს მეგრელიშვილი.  

სამედიცინო აღჭურვილობის სარეალიზაციო ცენტრებში ამბობენ, რომ საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი