საზოგადოება

რა ხდება ხუთ კილომეტრში ცხინვალამდე

22 ივნისი, 2010 • 1265
რა ხდება ხუთ  კილომეტრში ცხინვალამდე

სოფელ არბოს, დიცსა და ქორდს ოსურმა მხარემ წყლის მიწოდება ორი კვირაა, რაც აღუდგინა.  წყალი სოფლებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეუწყვიტეს.  ოსებმა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, წყლის სანაცვლოდ ფული მოთხოვეს. სოფელში არც ეს თანხა არსებობდა და არც იმის გარანტია, რომ, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, წყალი ხელახლა არ შეწყდებოდა, ამბობენ კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლები.

როგორც სოფელ არბოს, დიცისა და ქორდის გამგეობის სპეციალისტი ალიკა ჯალაბაძე ამბობს, გამგებელმა მას დაავალა, რომ წყლის ჩასართველად ოსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასულიყო.  რუსმა სამხედროებმა დანიშნულების ადგილას მისვლა დააგვიანეს და ალიკა ჯალაბაძე ოსებმა დააკავეს. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ალიკა ჯალაბაძე  ინციდენტის  დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ წყლის პრობლემა, მისი აზრით, ”მთავრობის დონეზე” გადაწყდა: ”იქ ისე ვერ ავიდოდით, შანსი არ გვქონდა”.

ჟენევის ბოლო მოლაპარაკებებზე ოსურმა მხარემ წყლის სანაცვლოდ ახალგორისთვის გაზის მიწოდების საკითხი  დააყენა.  ოფიციალური ინფორმაციით, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარის აზრით, ახალგორისთვის მიწოდებული გაზი რუსული სამხედრო ბაზებისთვის არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ნეტგაზეთის ამ ინტერვიუდან ჩანს, რომ კონფლიქტის ზონაში მდებარე სამი ქართული სოფლისთვის წყლის მიწოდების აღდგენის საკითხზე შეთანხმება სწორედ რუს სამხედროებთან არსებობდა:

სოფელ დიცთან, რომელიც ცხინვალიდან 5 კილომეტრში მდებარეობს, ბოლო ქართული ბლოკპოსტია, სადაც  სამი ქართველი სამხედრო დგას. სოფელ დიცის შემდეგ ორი ქართული სოფელი – ქორდი და არბოა. ამ სოფლებიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ რუსებმა ბაზის მშენებლობა მარტის თვიდან დაიწყეს და სამშენებლო სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს. ბაზის ირგვლივ დაბალი შენობებიც შენდება, ე.წ. ტექნიკის სადგომები და კორპუსები ოფიცრებისთვის. სოფელ დისევში, რომელიც ქართული სოფლის, არბოს გადაღმა მდებარეობს, რუსი სამხედროები მეორე სამხედრო ბაზას აშენებენ. როგორც გამგეობაში ამბობენ, ამ ბაზას პატარა აეროპორტიც ექნება.

 

სოფელ დიცში, არბოსა და ქორდში ათასამდე კომლი ცხოვრობს. მათი ბაღების უმეტესობა, საიდანაც მოსავალს იღებდნენ, სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარეობს. ამ ბაღების დამუშავებას დღეს უკვე ვეღარ ახერხებენ.  რუსი სამხედროები ამ ტერიტორიაზე ყოველდღე ახორციელებენ შემოვლას. როგორც  ამბობენ, რუსებს თან ძაღლებიც დაჰყავთ და  ადგილობრივ მოსახლეობას ამ ბაღებში ასვლას უკრძალავენ. თუმცა, ამის მიუხედავად, სოფლის ზოგიერთი  მკვიდრი მაინც დადის ბაღის მოსავლელად. ტრაქტორის აყვანა და მიწის დამუშავება, როგორც ქორდის მკვიდრი ავთო   გვარამაძე   ამბობს, ვერ ხერხდება.

 

რუსულ სამხედრო ბაზის მშენებლობაზე, ძირითადად, კრასნოდარელი და ჩეჩენი მუშები მუშაობენ – ამბობს სოფელ არბოს მოსახლეობა. მათი თქმით, რამდენჯერმე ისინი (მუშები) სოფელ არბოში ჩამოვიდნენ და და დასალევი ითხოვეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ტერიტორია მთლიანად დაუცველია და ფაქტიურად უპრობლემოდ შეუძლიათ ჩამოსვლა, როგორც ბაზის მშენებლობაზე მომუშევეებს, ასევე რუს სამხედროებს.

რამდენიმე თვეა, რაც სახელმწიფო დახმარებები  აქაურებს შეუწყდათ. მოსახლეობამ რამდენჯერმე მიმართა ადგილობრივ გამგეობას, მაგრამ იქ ამბობენ, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული. მთავრობა მოსახლეობას, ძირითადად, სასურსათო პროდუქტებით ეხმარებოდა. შარშან მოსახლეობას საწვავთან ერთად შხამ- ქიმიკატებიც დაურიგეს, თუმცა წელს არანაირი დახმარება აღარ ყოფილა.

ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს სამხედრო წვრთნები  იმართება. აქაურები უკვე შეეჩვივნენ სროლისა და აფეთქების ხმებს. „ორი კვირის წინ რაღაც ახალი გამოსცადეს, ეგეთი ომის დროსაც არ გამიგონია“, -ამბობს ავთო გვარამაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი