საზოგადოება

დაზარალებულები ნათესავების ამარა

21 ივნისი, 2010 • 1232
დაზარალებულები ნათესავების ამარა

დაზარალებული შვიდი ოჯახი სამი დღეა ღამეს ნათესავებში ათენებს. თაბუკაშვილის #25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, რომელმაც ნგრევა 18 ივნისს დაიწყო, მაშველები ისევ მუშაობენ. ,,ნეტგაზეთთან” საუბარში ძველი თბილისის გამგებელმა, დავით ავალიანმა განაცხადა, რომ დაზარალებული ოჯახებისათვის ბინები ძველი საცხოვრებლის ახლოს მოძებნეს. თუმცა თავად დაზარალებულები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

თაბუკაშვილის #25-ში მდებარე საცხოვრებელმა სახლმა ნგრევა 18 ინვისს, პარასკევს, დაიწყო. დილის 10 საათისათვის ამ სახლის ბინადართა ევაკუაცია განხორციელდა. მაშველები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ  სახლის კედლები გაემაგრებინათ და  დაზარალებულ ოჯახებს ბინიდან ავეჯი და საჭირო ნივთები გამოეზიდათ. თუმცა, ეს ჯერ ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი დაზარალებული, ციცი ჩხაიძე ამბობს, რომ ნივთების გამოტანა ამ დრომდე ვერ შეძლეს.

,,სახლის კედლები ისევ ინგრევა, მაშველები ისევ მუშაობენ, თუმცა ჯერჯერობით იქ შესვლა ისევ შეუძლებელია”.

თაბუკაშვილის #25-ში მცხოვრები, ქეთი ჯიბლაძე განმარტავს, რომ თავის ოჯახთან ერთად ისევ იმ სახლში ცხოვრობს.

,,სულ ორი ოჯახი შევედით ისევ ამ სახლში, რადგან ჩვენი მხარე ნაკლებადაა დაზიანებული. თუმცა მას მერე დავრბივარ და ბინას ვეძებ”, – განმარტავს ჯიბლაძე.

ძველი თბილისის გამგებლმა, დავით ავალიანმა ,,ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ გამგეობა დაზარალებულ ოჯახებს ყოველთვიურად 300 ლარს გამოუყოფს, იმისათვის, რომ მათ ბინა იქირაონ. მან ასევე განმარტა, რომ ღამის გასათენებლად,  ბინები უკვე მოუძებნეს ძველ საცხოვრებელთან ახლოს.

,,აქვე ახლოს მოვძებნეთ ბინები, სადაც ისინი ამაღამ გაათენებენ. შემდეგ კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ,,ძველი თბილისის ახალ პროექტის“ მესამე ეტაპში“.

თაბუკაშვილის#25-ში მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ ნაწილი დაზარალებულებისა ღამეს მანქანებში ათენებს, ნაწილი კი ნათესავებში. ბინების მოძებნაც თავად უწევთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი