საზოგადოება

მოსახლეობა სტიქიით მიყენებულ ზიანს ითვლის

18 ივნისი, 2010 • 1782
მოსახლეობა  სტიქიით მიყენებულ ზიანს ითვლის

სტიქია
სტიქია

სვანეთში ახლაც წვიმს. ძლიერი წვიმების გამო სოფლებს შორის კავშირი გაწყვეტილია. სამი დღის წინ მდინარეებმა – ჭუბრულამ და ნენსკრამ,  მესტიის რაიონის ცენტრალური რკინის ხიდი წაიღო.  ამჟამად ამ მდინარეების გაღმა მდებარე სოფლების მოსახლეობა ვერ გადმოდის მდინარის მეორე მხარეს.

უკვე სამი დღეა, რაც  ამ სოფლებში მცხოვრები ბავშვები   ჭუბერის სკოლაში ვეღარ დადიან, რომელიც მდინარის მეორე ნაპირზე მდებარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი  გოჩა ჭელიძე ამბობს, რომ სტიქიის გამო, ბავშვებს სკოლაში წასვლა აუკრძალეს.

CENN-ის წარმომადგენელი სვანეთში გოჩა ხორგუანი ამბობს, რომ  ამჟამად დარჩენილია ერთი საცალფეხო ბილიკი, რომელსაც ვერ გამოიყენებ. მდინარეების გაღმა არსებული პატარა სოფლები – ქვედა და ზედა მარღი, ლარი-ლარი, ტიტა და იქ მცხოვრები დაახლოებით 100 კომლი  მდინარეების მეორე სანაპიროს მოსწყდა. წყალმა ასევე წაიღო გზა,  შევარდა მდინარის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის სავარგულებში.  

გოჩა ჭელიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ხიდების მშენებლობა, თუმცა მისი დასრულების ზუსტ დროს იგი ვერ აკონკრეტებს. საჭიროა ხიდის დაპროექტება, რის შემდეგაც მოხდება მისი აშენება. 

ინფრასტრუქტურის აღსადგენად  თანხა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა  გამოყო, რომელიც ასეთი შემთხვევისთვის ჰქონდათ გადანახული. გამგებლი არ აკონკრეტებს მის ოდენობას, ამბობს, რომ თანხები ”მწირია”. მისივე ინფორმაციით,  ცენტრალური მთავრობიდან უკვე ჩავიდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამჟამად ზარალს ითვლიან, რის შემდეგად, ჭელიძის თქმით, მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

ელოდებიან საგზაო დეპარტმენტის წარმომადგენლებსაც.

”წყლის დაკლებას ელოდებიან. მომარაგებულია ტექნიკა, რათა კომუნიკაციები აღდგეს”, – ამბობს გოჩა ხორგუანი.

გზები ამჟამად აღდგენილია ამბროლაურის რაიონში, ამბობს CENN-ის წარმომადგენელი რაჭაში ზაზა ბოჭორიშვილი.

ონის შესასვლელში მეწყერი გუშინ ჩამოწვა, თუმცა მოსახლეობისთვის ზიანი არ მიუყენებია. ონის ბაზარი ხუთშაბათობით მუშაობს, ამიტომ გუშინ მოვაჭრეები ამბროლაურიდან ონში მეწყერის გამო ვერ გადავიდნენ. 

 

დღეს ამბროლაურში არ წვიმს.

ამბროლაურის რაიონის გამგებელი ლევან ჯმუხაძე ამბობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 250 ათასი ლარი გამოყო ადგილობრივი ინფრასტრუქტურის აღსადგენად, როგორიცაა წვიმის შედეგად დაზიანებული გზების, ხიდების ჯებირების აღდნენა. ამჟამად, ჯმუხაძის თქმით, მიმდინარეობს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობა.

15 ივნისს  ამბროლაურის რაიონის სოფელ ლიხეთის მკვიდრის – კუკურ მალაჩანიძის სახლს მიწა მოაწვა, რაც მისი სახლის უკან მეწყერის ჩამოწოლამ გამოიწვია. მალაჩანიძე ორსართულიან სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მის სახლს არანაირი საშიშროება არ ემუქრება, რადგან ადგილობრივი გამგეობის მუნიციპალიტეტის დახმარებით, მისი სახლიდან მიწა ტრაქტორებით გაიტანეს, მაგრამ ნაწილი ჯერ კიდევ გ.ასატანია.

როგორც მალაჩანიძე ამბობს, ამ დროისთვის სამუშაოები გაჩერებულია. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მას შეჰპირდნენ, რომ დარჩენილ მიწასაც გაიტანენ.

განხორციელდა მდინარის კალაპოტების რეგულაციაც. მდინარეები ოტეურა და კრიხულა, რომლებიც  კალაპოტიდან გადმოვიდნენ, ისევ კალაპოტში მოაქციეს. ჯმუხაძის თქმით, სამუშაოებს, ძირითადად, ადგილობრივი სპეციალისტები აწარმოებენ.

იგი ამბობს, რომ ფიზიკური პირებისთვის, ანუ მოსახლეობისთვის თანხა ჯერ არ გამოუყვიათ.  რაც შეეხება სახლებს, რომლებსაც მიწა მოაწვა ან დაიტბორა, სპეციალური ტექნიკით, მათ შორის, ტრაქტორებით, დაეხმარნენ. ფიზიკურ პირებზე თანხის გამოყოფა კი მომავალში იგეგმება. 

დაეხმარნენ კუკურ მალაჩანიძესაც. თუმცა, თუ მის დახმარებას მომავალშიც არ განაგრძობენ, არსებობს საფრთხე, რომ  მალაჩანიძე  ეკომიგრანტი გახდეს – ამბობს  კავკასიის CENN-ის წარმომადგენელი ამბროლაურის რაიონში  ზაზა ბოჭორიშვილი.

გასული გაზაფხულის განმავლობაში დაიმეწყრა ამბროლაურის რაიონის სოფელი ტოლა, ონის რაიონის სოფელი ღარი, სადაც   სახლებში წყალი შევიდა.  

CENN-ის წარმომადგენელი სამეგრელოში რომან თოლორდავა ამბობს, რომ სამეგრელოში ამჟამად ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ამჟამად  სამეგრელოს რაიონებშიც – ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და მარტვილში ”კოკისპირულად წვიმს. ”

გუშინ წვიმდა ზუგდიდშიც, თუმცა, თოლორდავას თქმით, ”სერიოზული ზარალი ” არ შეინიშნება.

”დღემდე სტიქიას სამეგრელოსთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია”, – ამბობს თოლორდავა. -”სამეგრელოს ზარალის დათვლა ორ-სამ დღეში დამთავრდება.”

CENN-ის წარმომადგენელი კახეთში გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ამჟამად არ წვიმს და არც მნიშვნელოვანი ზარალი მომხდარა.

”სტიქიამ მხოლოდ რამდენიმე სახლს გადახადა სახურავი, ამ სახლების მაცხოვრებლებს ადგილზე ესტუმრნენ გამგეობის წარმომადგენლები და დახმარებას დაპირდნენ”,  –  ამბობს მთივლიშვილი.

 გუშინ წვიმის გამო  ელექტროენერგია მთელი დღის განმავლობაში გაეთიშა საგარეჯოს, თელავის, სიღნაღის, გურჯაანის და ახმეტის სოფლებს, მაგრამ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, შუქი გუშინვე აღდგა.

”დღეს მხოლოდ რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება შუქი,”- ამბობს მთივლიშვილი– მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი