საზოგადოება

რუსულენოვანი პრესა საქართველოში

10 ივნისი, 2010 • • 3365
რუსულენოვანი პრესა საქართველოში

საქართველოში რუსულენოვანი ბეჭდური მედიის რედაქტორების ნაწილი მათი გამოცემების წინაშე არსებულ პრობლემებში სახელმწიფოს ადანაშაულებს. რედაქტორები  თვლიან, რომ ხელისუფლება  რუსულ ენასთან მიმართებაში არასწორ პოლიტიკას ატარებს.

4 წელია გიორგი ღლონტი თბილისში, თავისუფლების მოედანთან ახლოს, ერთ–ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე,  ჟურნალ–გაზეთებს ყიდის.

„საკმარისად კარგად შევისწავლე ეს ბაზარი. ბოლო დროს „ქართულენოვან ოპოზიციურ გაზეთებზე მოთხოვნამ ცოტა იკლო, სამაგიეროდ, რასაც რუსულ ენაზე უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ დღევანდელი ხელისუფლების ბევრი კრიტიკაა, ძალიან კარგად ვყიდი“, –ამბობს გიორგი ღლონტი.

ყველაზე კარგად, მისი თქმით, „კომსომოლსკაია პრავდა“, „არგუმენტი ი ფაქტი“ და „გოლოვინსკი პროსპექტი“ იყიდება.  „თითოეული ამ გაზეთის სადღაც 10 ეგზემპლიარს ვიღებ და ფასების (1.50 ლარი) მიუხედავად, კვირის ბოლოს არცერთი ნომერი აღარ მრჩება. კარგად იყიდება გასართობი ჟურნალი „პადრუგაც“. სხვებს არ ვიღებ, არ იყიდება“, –ამბობს პრესის გამყიდველი.

„კომსომოლსკაია პრავდას“, „არგუმენტი ი ფაქტის“, „გოლოვინსკი პროსპექტისა“ და ჟურნალ „პადრუგას“ გარდა, საქართველოში  კიდევ რამდენიმე რუსულენოვანი გამოცემაა: „სვობოდნაია გრუზია“, „ვეჩერნი თბილისი“ და საზოგადოებრივ–კულტურული ჟურნალი „რუსკი კლუბი“.

ამ გამოცემების რედაქტორები, რომლებიც გასულ კვირას რუსულენოვანი პრესის პრობლემებზე სასაუბროდ შეიკრიბნენ,  შემდეგ მთავარ პრობლემებს გამოყოფენ: რუსულენოვანი მოსახლეობის რიცხვის შემცირება, მკითხველის დაბალი  მსყიდველუნარიანობა, დაბალი ტირაჟი, სუსტი სარეკლამო ბაზარი და სახელმწიფოს მხარდაჭერის არარსებობა.

სახელმწიფოს მხარდაჭერაში რუსულენოვანი  გამოცემების რედაქტორები საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის შემცირებას გულისხმობენ.

„მე, როგორც „რეზონანსის“ ერთ–ერთ დაფუძნებელს, კარგად მახსოვს 15–20 წლის წინ რუსულენოვანი  „რეზონანსის“ 28 000–იანი ტირაჟი“,– ამბობს რეგიონული უშიშროების სამხრეთ კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, ალექსანდრ რუსეცკი. მისი თქმით, ის, რომ რუსულენოვანი პრესა საქართველოში არ ვითარდება, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის შედეგია: „სახელმწიფო ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ატარებს, როცა არ აქვს სტრატეგია, როგორ უნდა განვითარდეს კომუნიკაცია, თუკი კონფლიქტურ რეგიონებთან კავკშირი აღდგება“.  

რუსეცკი მიიჩნევს, რომ აუცლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებში რუსულენოვანმა პრესამ თავის როლი განსაზღვროს: „ეს იქნებოდა გარკვეული ხიდები. რამდენად ეფექტური – სხვა საკითხია“.

რუსულენოვანი გამოცემების მთავარი ნიშა კი, როგორც რუსეცკი ფიქრობს, სამხრეთ კავკასია უნდა იყოს: „ჩვენ რეალურად შეგვიძლია რეგიონში მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ ამ მხრივ. მაშინ შესაძლოა, გაიზარდოს მოთხოვნა და ინვესტირებაც მოხდეს ამ ინფრასტრუქტურაში”.

წარმატების მისაღწევად კი, ალექსანდრ რუსეცკის აზრით, პირველ რიგში რუსულენოვანი პრესის მიმართ, როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე სანდოობა უნდა გაჩნდეს.

„სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორი გამოცემის ტირაჟს კომეციული საიდულმლოების გამო არ ამხელს.  მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ისეთი ბიზნეს გარემო უნდა შექმნას, სადაც მედიას  არსებობისთვის ბრძოლა არ გაუჭირდება. სპეციფიური აუდიტორიის დაბალი მსყიდველუნარიანობა, რაც ლასხიშვილის თქმით, დაბალი ტირაჟის მიზეზია, რეკლამის განთავსებაზე მოქმედებს.

„საზოგადოებრივ დიალოგზე ლაპარაკობენ და რა დიალოგი შეიძლება იყოს პრესის გარეშე”? – კითხულობს „სვობოდნაია გრუზიას“ რედაქტორი, რომლის თქმით, „სვობოდნაია გრუზია“ არსებობა–არარსებობის წინაშე ფინანსების უქონლობის გამო დგას, – „სუბსიდიების გარეშე ვერცერთი რუსულენოვანი გაზეთი ვერ იარსებებს. პირველ რიგში კი, სახელმწფოს უნდა ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკა, რუსულენოვანი პრესის განვითარების მიმართ“.

ეს პოლიტიკა ლასხიშვილის თქმით, იმაში გამოიხატება, რომ  რუსულ ენას სახლემწიფომ თავისი ფუნქცია უნდა დაუბრუნოს,  რათა რუსულენოვანი პრესა გადარჩეს.

ერთადერთ ადგილად კი, სადაც საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესებსა და პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი, ლასხიშივლის თქმით,  თბილისის რია–ნოვოსტის საინფორმაციო ცენტრია.

ლასხიშვილი ამბობს, რომ  რუსულ ენაზე ინფორმაციის მიღების სურვილი დიდია. ერთ-ერთ მაგალითად მას სამცხე ჯავახეთი მოჰყავს და ამბობს, რომ ამ რეგიონის მოსახლეობა  ბეჭდურ პრესას მეზობელი ქვეყნებიდან არალეგალური გზებით იღებს. თუმცა, სამცხე ჯავახეთში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის გაზეთ ”სამხრეთის კარიბჭის” სომხური ვერსიაც გამოდის.

„თუკი გაქრება რუსული ენა, რომელ ენაზე ვაპირებთ აფხაზებთან ლაპარაკს, ინგლისურად?  –კითხულობს საინფორმაციო სააგენტოს „ნოვოსტი–გრუზიას“ მთავარი რედაქტორი ელენა იმედაშვილი, რომელსაც სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი არ აქვს – „სახელმწიფო მხარდაჭერა წარსულში რჩება, დღეს კი ინტერნეტის მეშვეობით უნდა ვიარსებოთ. მომხრე ვარ, ზოგადად პრესა როგორც ბიზნესი, ისე განვითარდეს და ცალკეულ შემოწირულობებზე დამოკიდებული არ იყოს. მაგალითად,  კრიზისამდე ანუ ომამდე ბანერი ჩვენს საიტზე 1500 დოლარი იყო“.

როგორც იმედაშვილი ამბობს, მარკეტინგული მიდგომებიც ძალიან მნიშვნელოვანია: „ჩვენმა  პროექტმა „ვიიტი ზამუჟ ზა გრუზინა” 10 000 ნახვა მოგვცა“.

„რუსკი კლუბის“ მთავარი რედაქტორი, ალექსანდრ სვატიკოვი  რუსულენოვანი პრესის ერთ-ერთ პრობლემად სახელმწიფოს მხრიდან რუსული ენის ხელოვნურად განდევნას მიიჩნევს. „რუსკი კლუბი“ საზოგადოებისა და კულტურის საკითხებს აშუქებს.  მთავარი რედაქტორის თქმით,  ჟურნალის ტირაჟი სტაბილურად 1000 -ია.  ჟურნალი, რომელიც უფასოდ რიგდება, მთლიანად შემოწირულობებით არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ სვატიკოვს თქმით, „რუსკი კლუბს“  დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს, საქართველოში რუსულენოვანი პრესის პრობლემები მისი თქმით, მაინც არსებობს.

„რუსული პრესა კვალდაკვალ მიყვება ქართულს, ქართული არის ბევრად ოპერატიული, გაბედული, ჩვენ  ყოველთვის ლავირებას ვცდილობთ,“– ამბობს სვეტიკოვი.

„ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან ნათელ მიზანს, ვჭირდებით თუ არა მას, ჭირდება  თუ არა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასეთ ვითარებაში არსებობა რთულია. როდესაც მე გავდივარ თბილისობაზე, სადაც „მე მიყვარს თბილისი“ რამდენიმე ენაზე წერია და ასეთივე ბანერს რუსულ ენაზე არ ვხედავ, მე ის მაკლია. ეს სახელმწიფოს პოზიციაა. ამ ქვეყანაში თავს პაპუასად ვთვლი. ვარ უცხო ხილი, მიუხედავად იმისა, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე“, –ამბობს ალექსანრდ სვატიკოვი, რომელიც გამართულად საუბრობს ქართულად.

პუბლიცისტი და პოლიტოლოგი, არნო ხიდიბეგაშვილი ფიქრობს, რომ რუსულენოვანი პრესის ასოციაცია უნდა შეიქმნას, რომელიც რუსულენოვანი პრესის განვითარების კონცეფციას ჩამოაყალიბებს, მიზნებს სტრატეგიულად დაგეგმავს და რუსულენოვანი პრესის წარმომადგნელების კადრების მომზადებაზეც იზრუნებს.

ჟურნალისტი ზვიად ქორიძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არც ერთი ენის პოპულარიზაციას არ უნდა ეწეოდეს, რადგან ეს სახელმწიფოს საქმე არ არის. ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებისთვის კი, რომელთა რიცხვი საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასს შეადგენს, ზვიად ქორიძის აზრით, სომხურენოვანი ბეჭდური გამოცემის არსებობა უფრო ეფექტური იქნებოდა. „და თუ აფხაზებთან ურთიერთობის პრობლემაა, მაშინ აფხაზური ვისწავლოთ. ისე, ვისაც აფხაზებთან დიალოგი უნდა, რეპეტიტორსაც აიყვანს და ისე ისწავლის რუსულს, თუმცა იმის თქმა, რომ რუსული არ ისწავლება და რუსულენოვანი ჟურნალისტების პრობლემაა ქვეყანში, არ შეიძლება,- სკოლებშიც ასწავლიან რუსულს და  უნივესიტეტშიც არსებობს ჟურნალისტიკის რუსულენოვანი ფაკულტეტი ”, – ამბობს ზვიად ქორიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი