საზოგადოება

ახალგორი: ორი პასპორტი, ფასიანი საზღვარი და ახალი ფილმი

3 ივნისი, 2010 • 2243
ახალგორი: ორი  პასპორტი, ფასიანი საზღვარი და ახალი ფილმი

ახალგორელებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ, მალე იქ დარჩენილ მოსახლეობას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პასპორტების აღება მოუწევთ. აქამდე ახალგორელი ქართველები საქართველოს პირადობის მოწმობებით სარგებლობდნენ.

 დაბის ოსურმა ადმინისტრაციამ პასპორტების შეცვლის თარიღად ჯერ 10 მაისი, შემდეგ კი 1 ივნისი გამოაცხადა, მაგრამ ეს პროცესი კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 2008 წლის ომამდე ახალგორში დაახლოებით 5500 ადამიანი ცხოვრობდა, უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. ომის შემდეგ დიდმა ნაწილმა დაბა დატოვა და წეროვანში დევნილის სტატუსით დაიწყო ცხოვრება. ამჟამად ახალგორში 1000–მდე ადამიანია დარჩენილი. დევნილებიც პერიოდულად  ბრუნდებიან ახალგორში და ვინც სამსახურებში არიან გაფორმებულები, არც ოსური ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ხელფასზე ამბობენ უარს, ისინი წეროვანშიც იღებენ დევნილთა შემწეობებს.

 არიან ადამიანები, რომლებსაც დაბა ერთი წუთითაც არ მიუტოვებიათ და  იქ არსებული პრობლემები მათ ყველაზე უკეთ იციან. ნეტგაზეთის ახალგორელი წყაროს ცნობით, ოსური ადმინისტრაცია, ახალი ოსური პასპორტების სანაცვლოდ, ქართული პირადობის მოწმობების ჩაბარებას ითხოვს. თურმე ერთ–ერთ აბიტურიენტს, რომელსაც ვლადიკავკაზის უმაღლეს სასწავლებელში სდომებია სწავლის გაგრძელება, ოსური პასპორტი სასწრაფოდ მიუციათ, სამაგიეროდ კი, ქართულის ჩაბარება მოუთხოვიათ, რაზეც ახალგაზრდას უარი უთქვამს. ახლა ახალგორელები იმაზე ფიქრობენ, პასპორტების გამოცვლის შემთხვევაში, შეუშვებენ თუ არა ქართველი სამართალდამცავები მათ ოსური პასპორტებით  საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.  არადა მათ ორივე პასპორტი სჭირდებათ , თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ, მაგრამ ახალგორში ოსური პასპორტის გარეშე გაუჭირდებათ. ამიტომ ჩვენმა წყარომ არც დამალა, რომ ოსური პასპორტის აღების დროს განაცხადებენ, რომ ქართული მოწმობები დაკარგული აქვთ. ეს უკვე იქაურმა ადმინისტრაციამაც იცის და თვალის დახუჭვასაც აპირებს თურმე. 

 გუშინ ახალგორიდან კიდევ ერთი ახალი ამბავი გავრცელდა. ახალგორის რაიონში შესვლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს.  

 ახალგორელების ინფორმაციით, რაიონში შესვლა და გამოსვლა, სავარაუდოდ, 250 რუბლი ეღირება. მთლიანობაში ახალგორში შესვლა და გამოსვლა 500 რუბლი დაჯდება, რაც თითქმის 28 ლარია.

 მათივე ინფორმაციით, არ არის დაზუსტებული, როდის ამოქმედდება ახალი წესი. თანხის გადახდა ახალგორელებს რაიონის შესასვლელში არსებულ ოსურ საგუშაგოზე მოუწევთ. ახალგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ახალგოrელები პროდუქტს, ძირითადად, თბილისში ყიდულობენ, ამიტომ  გადაადგილება მათ თვეში რამდენჯერმე უწევთ , საგუშაგოზე გადასახადის დაწესება კი ბევრი ახალგორელისთვის მრავალ პრობლემას შექმნის. მეარაყიშვილიც ფლობს ინფორმაციას, რომ ოსურ ადმინისტრაციაში ამის შესახებ უკვე მსჯელობენ, მაგრამ როდის ამოქმედდება ახალი კანონი ჯერ ვერ ამბობენ.

 კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა ახალგორის რუსი მესაზღვრეების ბაზაზე სოფელ ქარჩოხთან. იქ ერთი ჯარისკაცი მკვდარი იპოვეს. ოსურმა მედიის ცნობით, მესაზღვრე ქართული დივერსიული ჯგუფის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით კი უკვე კავკაზსკი უზელის ცნობით, ჯარისკაცმა ტაბელური იარაღით თავი მოიკლა. მას  ერთი ტყვია საფეთქელში ჰქონდა მორტყმული. ახალგორელი წყაროს ცნობით კი,  ჯარისკაცს ორი ნატყვიარი ჰქონდა თავში, რაც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. რუსული და ოსური წყაროები ჯარისკაცის ვინაობას ასაიდუმლოებენ. ქართული დივერსიული ჯგუფის ვერსიაც გამოირიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაზაზე განგაში გამოცხადდებოდა და იქ ცხინვალიდან დამატებით ძალებს გადაისროდნენ. ახალგორელების თქმით კი, ბაზაზე არანაირი მობილიზება არ შეინიშნებოდა. 

 ცხინვალში არსებულ სამხედრო ნაწილებში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე რუსულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა არაერთხელ განაცხადეს. ორგანიზაციის ჯარისკაცის დედების ხელმძღვანელმა ელლა პოლიაკოვამ რუს ჟურნალისტებს უამბო, რომ ცხინვალში დისლოცირებულ სამხედროებს არა მარტო თვითონ ჯარისკაცები, არამედ ოფიცრებიც სცემენ. ხშირად ფიზიკურ ზემოქმედებას და ეგრეთ წოდებულ „დედოვშინას“ ახალგაზრდა სამხედროები ვერ უძლებენ, რაც თვითმკვლელობის ან გაქცევის მიზეზი ხდება.    

 სამშაბათს, საღამოს, ქართულმა ნაციონალურმა არხებმა საზოგადოებას იტალიელი ჟურნალისტის და ევროპარლამენტის წევრის ჯულიეტო კიეზას ცხინვალში ვიზიტის შესახებ აცნობეს. ქართველი ჟურნალისტების ცნობით, კიეზა მოსკოვის დაკვეთით პროპაგანდისტულ ფილმს იღებს ოსების დამოუკიდებლობის ბრძოლის შესახებ და ეს ფილმი რენი ჰარლინის ფილმის ”ჯორჯიას”  საპირწონე იქნებაო. კიეზა რომ კოკოითის გულშემატკივარია, ამას თვითონაც არ მალავს და ცხინვალში ხშირადაც ჩადის.  

 ოსური სააგენტოების ცნობით, ფილმის “დამოუკიდებლობის გზა” გადაღებები ცხინვალში მიმდინარეობს. გადამღები ჯგუფის წევრის, იტალიელი ჟურნალისტისა და ევროპარლამენტის დეპუტატის ჯულიეტო კიეზას თქმით, დასავლელი ჟურნალისტების უმეტესობა სხვადასხვა მიზეზით ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესახებ ობიექტურ ინფირმაციას ვერ ავრცელებს.

 “ევროპასა და დასავლეთში არავინ არაფერი იცის არა მხოლოდ მიმდინარე მოვლენების,  საერთოდ, კონფლიქტის ისტორიისა და იმ პროცესების შესახებ, რომლებიც აქ მიმდინარეობს. შევეცდებით, ჩვენ ფილმში დასავლელ მაყურებლამდე ოსეთის თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა მივიტანოთ”, – განაცხადა კიეზამ.

 მისივე თქმით, ფილმის გადაღების იდეა დიდი ხნის წინათ გაჩნდა. კიეზამ აღნიშნა, რომ გადამღები ჯგუფი ცხინვალში უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა, გადაიღო კადრები 2008 წლის ომამდე და ომის შემდეგ, რომლებსაც ფილმში გამოყენებენ. კიეზას გადაღებულ ფილმს რუსულ ტელეარხებზეც აჩვენებენ.

 “ჩვენი ჯგუფი, რომელსაც ტელეკომპანია “Orme sas”-ის დირექტორი მარიო კანალე ხელმძღვანელობს, კვირის ბოლომდე სამხრეთ ოსეთში დარჩება”, – განაცხადა კიეზამ.

ევროპელი სოციალისტების პარტიის წევრი ჯულიეტო კიეზა წარსულში გაზეთების “უნიტას” და “ლა სტამპას” მოსკოვის კორესპონდენტი იყო. ასევე არის სვეტის ავტორი რუსლი გამოცემებში – “კომპანია” და “ლიტერატურნაია გაზეტა”. კიეზამ არაერთი სტატია გამოაქვეყნა, ასევე, რუსულ გაზეთებში – “დელავოი ვტორნიკ”, “მასკოვსკი ნოვოსტი”. ბოლო დროს იგი უმეტესად ომისა და გლობალიზაციის თემებზე მუშაობს. კიეზა თავისუფლად ფლობს რუსულ ენას.

 ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის საქმეთა კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, კულტურისა და განათლების კომისიის, დაცვისა და უსაფრთხოების კომისიის წევრია.  

 კიეზა ახალგორშიც იმყოფებოდა, სადაც ახალგორელი მოსწავლეები გადაიღო და იქ არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. კიეზა ჰარლინისგან განსხვავებით დოკუმენტურ ფილმს იღებს.  

 ახალგორელებს კიეზას ფილმი ნაკლებად აინტერესებთ. ახლა ისინი იმას ფიქრობენ, როგორ შეფასდება მათ მიერ ოსური პასპორტების აღება დანარჩენ საქართველოში, ბევრი მათგანი დაბის დატოვებას არ აპირებს , რადგან მიიჩნევს, რომ საკუთარი სახლის დაცვით და შენერჩუნებით საქართველოსთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი