საზოგადოება

აბიტურიენტები და კონკურენცია ეროვნული გამოცდების წინ

24 მაისი, 2010 • 10567
აბიტურიენტები და კონკურენცია  ეროვნული გამოცდების წინ

მიუხედავად იმისა, რომ  წელს აკრედიტებულ უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 9 ათასით გაიზარდა, ხოლო სტუდენტების რიცხვმა კი მხოლოდ 4 ათასით მოიმატა, პოპულარულ უნივერსიტეტების პოპულარულ ფაკულტეტებზე კონკურსი კვლავ მაღალია.

წელს სტუდენტი 33 ათასი აბიტურიენტი გახდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი ოფიციალურად რეგისტრირებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველი 36 ათას ხუთასამდე აბიტურიენტია.

ყველაზე მეტი განაცხადი, პირველი მონიშვნის მიხედვით, თავისუფალ უნივერსიტეტშია. შემდეგ მოდიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მთლიანი შემოხაზვების მიხედვით კი, ყველაზე დიდი მოთხოვნაა: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში (24.614 მონიშვნა აბიტურიენტის მიერ), ილიას სახელობის უნივერსიტეტში (21.597)და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (26.710).

აბიტურიენტს შესაძლებლობა აქვს, სასურველი 7 უნივერსიტეტი დაასახელოს. რიგითობის მიხედვით ისაზღვრება პრიორიტეტი. პირველ ნომრად ჩაწერილი უნივერსიტეტი  ნიშნავს, რომ, მაღალი ქულების დაგროვების შემთხვევაში, აბიტურიენტი სწორედ მის მიერ პირველ ნომრად არჩეულ უნივერსიტეტში ჩაირიცხება. მთლიან კონკურსში ისიც ითვლება, თუ აბიტურიენტმა უმაღლესი სასწავლებელი ბოლო, მეშვიდე ადგილზე შემოხაზა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის  ექვსივე ფაკულტეტი  პრიორიტეტად 11 499 აბიტურიენტს  აქვს დასახელებული, მისაღები ადგილი კი 2510–ია. რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტს, საერთო ჯამში კონკურსი ერთ ადგილზე, პირველი მონიშვნის მიხედვით, 1.9–ია. უნივერსიტეტი არსებულ 4 ფაკულტეტზე 1400 სტუდენტს მიიღებს. 2010 წლის ეროვნული გამოცდებისთვის თავისუფალი უნივერსიტეტი პრიორიტეტად დასახელებული აქვს 943 აბიტურიენტს. აქ კონკურსი, პირველი შემოხაზვის მიხედვით, საშუალოდ, ერთ ადგილზე 5.7–ია. საქართველოს უნივერსიტეტში 1265 მისაღები ადგილია, პრიორიტეტად კი უნივერსიტეტი შემოხაზული აქვს 538 აბიტურიენტს, ჯამური მონაცემებით კი 8293–ს.

კავკკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრებისთვის სულ 640 თავისუფალი ადგილია, ხოლო მსურველების რაოდენობა, შვიდივე კატეგორიის მიხედვით, 6560–ია. შავი ზღვის უნივერსიტეტში მისაღები 150 ადგილია, მსურველი კი ყველა ფაკულტეტზე ერთად, შვიდივე კატეგორიის მიხედვით, 974–ია. კავკასიის უნივერსიტეტში 860 ადგილია, მათ შორის ქალაქ ბათუმის ტურიზმის სკოლაც შედის, ხოლო  აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველი1324 აბიტურიენტია.

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყველაზე მაღალი კონკურსია ეკონომიკის და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და იურიდიულ ფაკულტეტებზე.

ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის  და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, პირველი მონიშვნის მიხედვით, კონკურსი  ერთ ადგილზე 6,05–ია, იურიდიულ ფაკულტეტზე კი– 4,7.

ილიას უნივერსიტეტში ყველა პოპულარული ფაკულტეტებია: ბიზნესის და სამართლის (3.3 მსურველი ერთ ადგილზე, პირველი მონიშვნის მიხედვით) და მეცნიერების და ხელოვნების (1,7  მსურველი ერთ ადგილზე, პირველი მონიშვნის მიხედვით).

თავისუფალი უნივერსიტეტში,  განაცხადებების რაოდენობის მიხედვით, ბიზნესის სკოლაა ყველაზე პოპულარული. აქ კონკურსი პირველი მონიშვნით, ერთ ადგილზე  9.1–ია.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ყველაზე პოპულარული მედიცინის ფაკულტეტია, პირველი მონიშვნის მიხედვით,  აქ კონკურსი ერთ ადგილზე არის 2.2. ფარმაციის ფაკულტეტზე კი – 2.3–ია.

შარშანდელი წლისგან განსხვავებით, საქართველოს მასშტაბით გაზრდილმა მისაღები ადგილების რაოდენობამ სხვა უნივერსიტეტებში კონკურსი დაწია. მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ალმა მატერი) 25 ადამიანს მიიღებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პირველი მონიშვნა კი აღნიშნულ ფაკულტეტზე მხოლოდ ერთ აბიტურიენტს აქვს დაფიქსირებული. თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 90 თავისუფალი ადგილია. პირველ ნომრად არჩეული კი, ამ უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთაგან მხოლოდ 5 აბიტურიენტს აქვს.

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალ ქულებს დააგროვებენ, იმ უნივერსიტეტებში  ჩაირიცხებიან, რომლებიც პირველ ნომრად  შემოხაზეს.  ვინც  ნაკლებ ქულას დააგროვებს,  მათ მიერვე შემოხაზული  უნივერსიტეტების ჩამონათვალის მიხედვით გადანაწილდებიან.

წელს 36 ათას ხუთასი მსურველიდან, დაახლოებით 4 ათასამდე აბიტურიენტი ვერ გახდება სტუდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი