საზოგადოება

ჯანდაცვა წინასაარჩევნო კამპანიაში

20 მაისი, 2010 • 1518
ჯანდაცვა წინასაარჩევნო კამპანიაში

ოპოზიციის კანდიდატები, ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე, ამომრჩეველს თითქმის სრულყოფილ  ჯანდაცვას პირდებიან.  ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს კი ბიუჯეტის თუნდაც გაორმაგება,  მომდევნო 2-3 წელიწადის  განმავლობაში, შეუძლებლად მიაჩნია.  კონკრეტულად რას პირდებიან პარტიები, როგორ აპირებენ დაპირების რეალობად ქცევას გამარჯვების შემთხვევაში და რამდენად რეალურად გამოიყურება ეს პროგრამები?

ოჯახის ექიმი და სამედიცინო დაზღვევა ყველა თბილისელს, უფასო მშობიარობა, ქრონიკული დაავადებების დროს საჭირო მედიკამენტები, ლაბორატორიები, პოლიკლინიკები და ამბულატორიები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის, რაც, დაახლოებით, 6 წელწადია,  ყველა მოქალაქისათვის უფასოა, სარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო დაპირებებში მოხვდა.  

ეროვნული საბჭო

„ეროვნულ საბჭოში“ შემავალ პარტიებს  საარჩევნო პროგრამებში ჯანდაცვის პოლიტიკის სხვადასხვა ხედვა აქვთ. „კონსერვატორების“ და „ხალხის პარტიის“ მთავარი ფოკუსი თბილისში მცხოვრები დაბალშემოსავლიანი პენსიონერებისათვის სადაზღვევო პოლისებია, რაც, საერთოდ, არაა ნახსენები საბჭოში შემავალ ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” პროგრამაში.

 „გამარჯვების შემთხვევაში სადაზღვევო პოლისით სარგებლობა შეეძლება ყველა ნაკლებადშემოსავლიან თბილისელ პენსიონერს და მის ოჯახის წევრებს”,-  ამბობს „ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატი ზვიად ძიძუგური.

 კითხვაზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პენსიონერი, რომ მან ისარგებლოს ასეთი პოლისით,  ზვიად ძიძიგური, თბილისის მერობის კანდიდატი, პასუხობს, რომ ასეთია  ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე სახის ბიზნესში არაა ჩართული.

„ეროვნულმა საბჭომ“ ამ კატეგორიის ამომრჩეველი თბილისში დაახლოებით 100 000 ადამიანით  განსაზღვრა. ყველა მათგანს „ეროვნული საბჭო“ პირადი ექიმის, წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევების, ჰოსპიტალური და ამბულატორიული მომსახურების, გეგმური და გადაუდებელი ოპერაციების,  ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების, გადაუდებელი სტომატოლოგიური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების  ხარჯების 100 %–ით  დაფარვას ბიუჯეტიდან პირდება.

ეროვნული საბჭო ამომრჩეველს ასევე პირდება უფასო სასწრაფო დახმარებას, რომელიც ისედაც უფასოა მთელს საქართველოში 2004 წლიდან.

ზვიად ძიძიგურის თქმით, ამ სადაზღვევო პროგრამის ღირებულება უკვე დათვლილია და  150 მლნ ლარს შეადგენს.

თბილისის 2010 წლის  ბიუჯეტი 741 მილიონი ლარია. აქედან სამედიცინო დაზღვევისა და დახმარების პროგრამისთვის  სულ, დაახლოებით, 19 მლნ ლარია განსაზღვრული.

„ეროვნულმა საბჭომ“  7– ჯერ მაინც უნდა გაზარდოს მერიის სამედიცინო დაზღვევისა და დახმარების პროგრამების ბიუჯეტი, რომ დანაპირების შესრულება შეძლოს. 

„ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში,   4  წელიწადი მაინც თავს შევიკავებთ პომპეზური საახლწლო ღონისძიებებისა და ქალაქში დეკორატიული მშენებლობებისგან, და ხალხის ჯანმრთელობას მივხედავთ“, – ამბობს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი.

დავითაშვილი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიებისთვის ტენდერს გამოაცხადებენ.

ნეტგაზეთმა დაზღვევის ამ პაკეტის რეალობის შეფასება დაზღვევის საქართველოს ასოციაციას თხოვა.

”პროფესიონალური თვალსაზრისით, ეს პროდუქტი მოიკოჭლებს, რადგან პრაქტიკულად ყველაფერი 100% -ით და ულიმიტოდ არის დაფარული. შესაბამისად, შეუძლებელია მაქსიმალური რისკის გაანგარიშება და, აქედან გამომდინარე, თქმა იმისა, თუ რა უნდა ღირდეს ეს პროდუქტი სადაზღვევო თვალსაზრისით. ბაზარსაც ასეთი პროდუქტების გამოცდილება თითქმის არ აქვს. ეს რისკი კი საკმაოდ მაღალია და შეუძლებელია მისი დათვლა” – მიიჩნევს  ირაკლი კილასონია, ასოციაციის წარმომადგენელი.

„ეროვნული საბჭოს“ გეგმით კი ერთი სადაზღვევო პაკეტის ღირებულება 1500 ლარია.

„ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატის ამ პროგრამის განხორციელების რეალობა  ეჭქვეშ დგება საბჭოში შემავალი „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსათვის” განცხადების მიხედვით.

„სამართლიანი საქართველოსთვის“ ჯანდაცვის პროგრამა   „მოძრაობის“ ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის კანდიდატმა ლევან როინიშვილმა შეიმუშავა. როინიშვილის თქმით, თუ ქვეყნის ჯანდაცვის ბიუჯეტი არ გაორმაგდა და არსებული 409 მილიონის ნაცვლად, 800 მილიონი მაინც არ გახდა, ყველა მათი დაპირების რეალობად ქცევა შეუძლებელი იქნება.

„სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენი მთავრობა ყველაზე ნაკლებს ხარჯავს მოსახლეობის ჯანდაცვაზე, ჩვენი მეზობელი ქვეყნები 16–17 %–ს ხარჯავენ, ჩვენ– 4%–ს“, – ამბობს ლევან როინიშვილი.

კრიტიკულად უყურებს, ასევე, როინიშვილი „იაფი დაზღვევის“ პროგრამას– „იაფად  დაზღვევა არ გამოდის. სადაზღვევო კომპანია ან ექიმს არ გადაუხდის ფულს, ან ბინტის და დანის  გარეშე გაგიკეთებს ოპერაციას“.  გამოსავალს როინიშვილი სადაზღვევო სისტემის სრულ დამოუკიდებლობაში ხედავს, რომელშიც სახელმწიფო, სადაზღვევო პაკეტის საფასურის დადგენაში, არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს.“ ადამიანის ღირსეულად დაზღვევა შესაძლებელია, ამის რესურსი ნამდვილად არსებობს“,-აღნიშნავს როინიშვილი.

„სამართლიანი საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, ასევე, საავადმყოფოების, პოლიკლინიკებისა და ლაბორატორიული ქსელების განვითარება. „საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად ხარჯები მთლიანად სახელმწიფომ უნდა დაფაროს“.

პირველადი ჯანდაცვის განვითარების პრიორიტეტულობას როინიშვილი ასე ხსნის: „საავადმყოფოში მკურნალობა ყოველთვის ძვირი დაჯდება. იქ ერთ საწოლს, შესაძლოა, ერთი დატრენინგებული ექიმი და ექთანი ემსახურებოდეს, რომელთა ტრენინგიც, სავარაუდოდ, ძალიან ძვირი დაჯდება. ამიტომ, თუკი ადამიანი თითს გაიჭრის, იგი არ უნდა მირბოდეს პირდაპირ საავადმყოფოში. ამისათვის საჭიროა, განვითარდეს პოლიკლინიკების ქსელი, რომელიც საავადმყოფოზე იაფი დაჯდება.“ 

„სამართლიანი საქართველოსთვის“ ჯანდაცვის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიული ქსელის განვითარებაცაა ნახსენები.  ლევან როინიშვილი ამ საკითხს შემდეგნაირად ხსნის: ”ლაბორატორიული ქსელი არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ყველა სოფელში უნდა იყოს ძვირადღირებული ლაბორატორია. საკმარისია, რომ იყოს ლაბორატორიული საშუალებების ნაკრები, სადაც მოხერხდება თუნდაც ფეხმძიმობის ტესტის ჩატარება. მნიშვნელოვანი კვლევებისთვის კი, გადამისამართება უნდა შეეძლოთ”.

ფეხმძიმობის ტესტი თითქმის ყველა მოქმედ აფთიაქში იყიდება და საშუალოდ 1.50 ლარი ღირს. ფეხმძიმობის დადგენა ნებისმიერ პაციენტს ამ ტესტის საშუალებით ექიმისგან დამოუკიდებლად შეუძლია.

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“  60 წელს გადაცილებულ ყველა ამომრჩეველს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ყველაზე ხშირად მოხმარებად მედიკამეტებს უფასოდ პირდება. საშუალოდ, რა თანხის მედიკამენტები სჭირდება ამ ადამიანებს  და რამდენი  დაუჯდება ეს ბიუჯეტს, ამ კითხვაზე მაგდა ანიკაშვილი, ქრიასტიან დემოკრატიული მოძრაობის წარმოამდგენელი, რომელიც პარტიის ჯანდაცვის პროგრამაზე მუშაობდა, ამბობს: „სამწუხაროდ, ამის დათვლა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ქვეყანაში არაა დანერგილი რეცეპტების სისტემა, ამისათვის კვლევები უნდა ჩატარდეს“.

პროგრამის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებელობების და ქრონიკული დაავადებების მქონე ამომრჩეველს „ქრისტიან დემოკრატები“ საჭირო სპეციფიკური მედიკამენტების დაფინანსებასაც პირდებიან. კითხვაზე,  აპირებენ თუ არა „ქრისტიან დემოკრატები“ ერთ–ერთი ქრონიკული დაავადების, C ჰეპატიტის სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების საფასურის ანაზღაურებას, მაგდა ანიკაშვილი ამბობს, რომ ამ დაავადების მკურნალობა ძალიან ძვირი ჯდება და ამიტომ სახელმწიფო ვერ შეძლებს მის დაფარვას: „ სახელმწიფოს დახმარება შესაძლებელია მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებში, მაგალითად, თუკი ვინმეს მკურნალობის საშუალება არ აქვს“.

შეზღუდული შესაძლებელობების მქონე ადამიანებისათვის დღის ცენტრების შექმნაც, „ქრისტიან დემოკრატების“ პრიორიტეტული პუქტია ჯანდაცვის პროგრამაში. მაგდა ანიკაშვილის თქმით, „უნდა მოხდეს შშმპ–ს კლასიფიკაცია და გარკვევა,  ვის ჭირდება დღის ცენტრი და ვის –არა, მერე უკვე შესაძლებელია, ვილაპარაკოთ, რა თანხებთან არის ეს დაკავშირებული“.

ალიანსი საქართველოსათვის

2010–2014 წლების თბილისის ჯანდაცვის ბიუჯეტი გაწერილია  „ალიანსის“ მერობის კანდიდატის  ირაკლი ალასანიას ცვლილებების გეგმაში.  

სპეციალურად თბილისისთვის შემუშავებული  მუნიციპალური პროგრამის 15– გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს თბილისის ჯანდაცვის  სისტემის ანალიზს, ხოლო ცვლილებების გეგმა 4 ძირითად კომპონენტს ეყრდნობა.

ოჯახის ექიმი – ყველა თბილისელს (ერთი ექიმი ან ექთანი მოემსახურება 2500 პაციენტს–33,000,000 ლარი); სამედიცინო დაზღვევა – ყველა ოჯახს (600 000 ადამიანი– 49,მილიონ 800 ათასი ლარი).

პროგრამა „სამედიცინო დაზღვევა – ყველა ოჯახს“  „ალიანსის“ გეგმის მიხედვით, განხორციელდება, როგორც მუნიციპალური პროგრამა, რისთვისაც თბილისის მუნიციპალიტეტი გამოაცხადებს ტენდერს  პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიების გამოსავლენად;

მესამე კომპონენტია უფასო და იაფი წამალი ყველა თბილისელს, რომელიც მოიცავს ორ პუნქტს: უფასო წამალი 6 წლამდე ბავშვებს (65 000 ბავშვი) და ხანდაზმულებს (150 000 კაცი) და წამალი შეღავათიან ფასად ყველა თბილისელს (17 მილიონ 500 ათასი ლარი); უფასო მშობიარობა და ორსულობის პატრონაჟი (20 000 ორსული –16 მილიონი ლარი  ლარი). 

გეგმების რეალობად ქცევისათვის „ალიანსი საქართველოსთვისაც“, დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მსგავსად, ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს. ოღონდ ერთი განსხვავებით– ჯანდაცვის ბიუჯეტი სამჯერ უნდა გაიზარდოს–117 მილიონ ლარი, არსებული 33 მილიონი ლარის ნაცვლად. ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას   ალიანსი ასაბუთებს, ასევე, იმით, რომ ქვეყანაში მოსახლეობის “ჯიბიდან” დანახარჯების ძალიან მაღალი დონეა – 73 %–ს. „ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპაში და აღემატება დსთ-ს საშუალო მაჩვენებელს – 46%-ს“, – ნათქვამია პროგრამაში.

ნაციონალური მოძრაობა

ჯანდაცვა „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის პრიორიტეტი არ არის. გიგი უგულავას მიაჩნია, რომ თუკი დასაქმების პრობლემა მოგვარდება, გადაიჭრება ჯანდაცვის საკითხიც.

 „ჯიბიდან გადახდილი“ თანხები ჩვენთვის, მართლაც, ძალიან მაღალია, –დაახლოებით 70 %.  ამის გამოსწორება კი მხოლოდ და მხოლოდ რეფორმებით მიიღწევა“ ,- ამბობს სანდრო კვიტაშვილი, ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრი. მისი  თქმით, ბიუჯეტის გაზრდა ამჟამად უეფექტო იქნება – „ჩემი აზრით, ჯერ  ზოგადად უნდა გამოსწორდეს ქვეყანაში სიტუაცია, უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალური ინფრასტრუქტურის ქსელი და მენეჯმენტი საავადმყოფოებში. როგორც კი ეს სისტემა დალაგდება,  შეიძლება ბიუჯეტის გაორმაგება და გასამაგება. ეს, ალბათ, 2–3 წელიწადში შესაძლებელი გახდება“,- აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრი. 

დანარჩენი პარტიების წინასაარჩევნო ჯანდაცვის პროგრამებს ნეტგაზეთმა ვერ მიაკვლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი