საზოგადოება

ტყვე დათვები თავშესაფრის მოლოდინში

27 მაისი, 2010 • 2615
ტყვე დათვები  თავშესაფრის მოლოდინში

თბილისის ზოოპარკის დირექტორის,ზურაბ გურიელიძის  მობილური ისევ რეკავს – მას კიდევ ერთი ობოლი ბელის შეფარებას სთხოვენ.  გურიელიძე თანხმდება, სატელეფონო საუბრის დამთავრების შემდეგ კი ამატებს: „უკვე აღარ ვიცი, ამდენი სად წავიყვანო.“  

 ამჟამად თბილისის ზოოპარკში 17 დათვი იმყოფება, თუმცა,  გურიელიძის თქმით,  ზოოპარკისთვის ორიც კი სრულიად საკმარისია.

„მათ მიღებაზე იმიტომ  დავთანხმდი, რომ ცხოველები იტანჯებიან”.

 ეს ის დათვები არიან, რომლებიც თავის დროზე ტყვეობაში იმყოფებოდნენ და ყოფილ უკანონო „მფლობელებს“ ჩამოართვეს.

 2008 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამაც სთხოვა ზურაბ გურიელიძეს დათვების შეფარება.

 მაშინ აი–ბი–ეფ (დათვის საერთაშორისო ფედერაცია,)  საქართველოსა და შპს ”ზოოლოგიურ პარკს” შორის  ხელშეკრულება დაიდო,  რომლის თანახმადაც, ზოოპარკს შვიდი დათვი უნდა შეეფარებინა, ორი წლის შემდეგ კი ისევ უკან დააბრუნებდნენ.

“დათვების წამოყვანა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”, – ამბობს ნანა დვალი, აი–ბი–ეფ საქართველოს ხელმძღვანელი. მისი თქმით, ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყდა და მისი ლიკვიდაციის საკითხის დაყენებას აპირებს. ხელშეკრულების შესრულების პასუხისმგებლობა კი, დვალის თქმით, აი–ბი–ეფ საქართველოსთან ერთად, დათვის საერთაშორისო ფედერაციას ეკისრება.

 სანამ აი–ბი–ეფ საქართველო ზოოპარკთან დადებდა ხელშეკრულებას, სხვა – ნახევარ მილიონ ევროდ ღირებული – პროექტი არსებობდა, რომელიც დათვებისთვის ცალკე თავშესაფრის აშენებას გულისხმობდა.მაშინ ამ საქმეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურიც იყო ჩართული, თუმცა, როგორც ამ სამსახურის  უფროსი იოსებ ქარცივაძე აღნიშნავს, კანონში არსებული ხარვეზის გამო, ვერ მოხერხდა მიწის გამოყოფა. შემდეგ კი პროექტის დაფინანსებაც შეწყდა.

 პროექტის ერთ-ერთი მიზანი მოსახლეობაში ტყვე დათვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც იყო, რაც, დაფინანსების შეწყვეტის გამო, ვერ განხორციელდა.

 „ხალხმა უნდა გაიგოს, რომ დათვი ძალიან საყვარელი არსებაა, მაგრამ ძალიან მალე დიდი და ღონიერი  ხდება. აქ ჩნდება კონფლიქტი დათვსა და ადამიანს შორის“, – ამბობს გურიელიძე.

 მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტყვეობაში გაზრდილი და ველურ ბუნებაში გაზრდილი  დათვების ქცევა ერთმანეთისგან განსხვავდება.

მარიონ შნაიდერი, რომელიც კიოლნის ზოოპარკში, დათვების ქცევას სწავლობს, ამბობს, რომ ტყვეობიდან ან თავშესაფრიდან პირდაპირ ბუნებაში გაშვებული დათვები  „შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდნენ“ ადამიანისთვის. ამასთან, ისინი ხშირად  იღუპებიან, რადგან ველურ ბუნებაში ცხოვრებას გადაჩვეულნი არიან.

 „ქცევების ნაწილს დათვები მემკვიდრეობით იღებენ, მაგრამ  მათი  უმრავლესობა ნასწავლი აქვთ. ტყვეობაში გაზრდილი ბელები  ველურ ბუნებაში  ვერ მოიპოვებენ საკვებს, ვერ პოულობენ პარტნიორებს და ისევ ადამიანებს უბრუნდებიან, რადგან მათ არიან მიჩვეულნი.  დაობლებულ ბელებს, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებოდნენ, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ სოციალური უნარ–ჩვევები შეეთვისებინათ,“ – ამბობს შნაიდერი.

 ბელის დაჭერა მის დაობლებას ნიშნავს, რადგან, როგორც ლევან ბუთხუზი, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი, ამბობს, ეს მხოლოდ დედა დათვის მოკვლის  შემდეგ არის შესაძლებელი.  

საქართველოდან კი, თავშესაფრის არარსებობის გამო, ორი წლის წინათ სამი დათვი გაიყვანეს.

 

ამჟამად იგორი, დუკი და  დიზელი ჰოლანდიის ქალაქ რენენში, უვეჰანდის ზოოპარკთან არსებულ დათვების თავშესაფარში, იმყოფებიან.  უფროსი – იგორი დაახლოებით 10 წლისაა, დუკი და დიზელი კი დაახლოებით ექვსი წლისანი.  დათვებს სახელები ჰოლანდიელმა ბავშვებმა შეურჩიეს, რომელთაც    სასურველი სახელის შერჩევა  ნაციონალური ტელევიზიით ხმის მიცემის საშუალებით შეეძლოთ. 

„ყველაზე კარგი სახელები შევარჩიეთ,“ – ამბობს კოენ კუიტენი, ჰოლანდიაში დათვების კონსერვაციის ფონდის წარმომადგენელი.

 ყველაფერი ასე დაიწყო: 2006 წელს,  როცა რუსთავის მერიამ ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე ზოოკუთხეს დაფინანსება შეუწყვიტა, რუსთავის პატარა ზოოპარკი გაუქმდა. ამ ზოოკუთხის ბინადარ ცხოველთა დიდი ნაწილი თბილისის ზოოპარკმა შეიფარა, მაგრამ  სამი დათვის მიღება ვერ მოახერხა.

 დადგა მათი ევთანაზიის საკითხი.

 ამის შემდეგ სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა „ნაკრესი“ ჰოლანდიურ ფონდ „ალერტისს“ დათვების შესახებ შეატყობინა. „ალერტისის“ კოორდინატორი – კოენ კუიტენი და უვეჰანდის ზოოპარკის წარმომადგენელი ჰერარდ მეიერი საქართველოში საგანგებო მისიით სწორედ ამ სამი დათვის გამო ჩამოვიდნენ. 2007 წლის 29 აპრილს, გამთენიისას,  სამი დათვი ჰოლანდიაში თვითმფრინავით გადაიყვანეს. 

 

„თავიდან ამ დათვებს ”მენტალური” პრობლემები ჰქონდათ და სტრესის ქვეშ იმყოფებოდნენ”, – ამბობს კოენ კუიტენი.

 

ჰოლანდიაში ჩასვლისას დათვებმა ექვსი კვირა  კარანტინში დაყვეს, სადაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს, შესაბამისი კვება დაუნიშნეს და დასვენებისთვის საჭირო პირობები უზრუნველყვეს,  რათა შემდეგ   თავშესაფრის ე.წ. „დათვების ტყეში“ გაეშვათ. 

თავშესაფრის შიგნით არსებული „დათვების ტყე“ სპეციალურად მათთვის მოწყობილი ნახევრად ბუნებრივი სივრცეა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი ტყვე დათვებისათვის: ხეები, ტბორი, გამდინარე სუფთა წყალი, ქვიშა და საბუნაგე ადგილები.

 ჰოლანდიის ამ თავშესაფარში გერმანიიდან, რუსეთიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან ჩაყვანილი ყოფილი მოცეკვავე, აგრეთვე, ცირკის მიერ მიტოვებული და სასტიკ მოპყრობას გადარჩენილი დათვები იმყოფებიან.

 საქართველოში ტყვე დათვების ნახვა ბენზინგასამართ სადგურებთან ან რესტორნებში შეიძლება, სადაც ისინი გალიაში სხედან და „პატრონები“ მათ ხალხის მისაზიდად და გასართობად იყენებენ.

 „ასეთი რამ ძალიან ცუდ იმიჯს უქმნის საქართველოს. ამით ჩვენ  ტურისტებს ვაჩვენებთ, რომ საქართველოში კანონი არ კანონობს და, ამასთან ერთად,  არაჰუმანური ადამიანები ვართ“, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორინატორი.

 ლევან ბუთხუზი, სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ წარმომადგენელი ფიქრობს, რომ, „ტრადიციულად, დათვები საშინელ დღეში არიან, ეს, ფაქტობრივად,  სადიზმის პროპაგანდაა“.

 

 „ნაკრესის“ მიერ 2007 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საქართველოში 30–მდე ტყვე დათვი არსებობდა.

 

„დათვებს კავკასიაში არასოდეს ექცეოდა შესაბამისი ყურადღება”,- ამბობს ფრენკ მანენი, დათვის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) პრეზიდენტი ნეტგაზეთთან საუბარში.

 

მურა დათვი, ლათინური სახელწოდებით Ursus arctos  საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც „მცირე, ფრაგმენტული პოპულაცია“.

 

„სახეობის წითელ ნუსხაში შეტანა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხდება“, ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი. „ბოლოს, საქმე ისე უნდა წავიდეს, რომ მათი გადაშენების საფრთხე აღარ იყოს და სახეობა წითელი ნუსხიდან ამოიღონ. საქართველოში ასე არ ხდება: სახეობა შედის წითელ ნუსხაში და, პრაქტიკულად, რჩება.”

 დათვის წითელი ნუსხიდან ამოღების მომხრეა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე. ის, ასევე, არ გამორიცხავს დათვებზე ნადირობის დაკანონებას, სამონადირეო მეურნეობის საკითხის გადაწყვეტის ფარგლებში. 

 “ვიღაცა იტყვის: დათვზე თუ ზრუნავ, როგორ შეიძლება მასზე ნადირობა ლეგალიზებული გახადოო?”, – კითხულობს ხაჩიძე – “ ნებისმიერ სოფელში შეხვალ და იპოვნი ადამიანს, რომელიც წაგიყვანს და დათვს მოგაკვლევინებს. ეს ასეა და თავი არ უნდა მოვიტყუოთ.  დათვი უნდა დაემორჩილოს ნადირობას, რომ ამ გზით შემოვიდეს ფული და არა ისე, ახლა რომ არალეგალურად ნადირობენ. ეს ფული კი ჩაიდოს ისევ გარემოს დაცვაში. “

მინისტრის სიტყვებით, ეს უნდა განხორციელდეს “ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხის ჩართულობით” – დათვების კონკრეტულ ადგილზე “მეცნიერულად დათვლის, აღრიცხვის, ინფრასტრუქტურის შექმნის და წითელი ნუსხიდან ამოღების შემდეგ ნადირობაზე მკაცრი კონტროლის დაწესებით.”

 ამ ეტაპზე კი მინისტრი თავშესაფრის არსებობის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რაც, მისი აზრით, ზოოპარკის გაფართოების ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

“ვოლიერი უნდა იყოს იმხელა, რომ ყველა დათვს ჰქონდეს არსებობის საშუალება”, – აცხადებს მინისტრი. 

 ნანა დვალი, აი–ბი–ეფ საქართველოს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ არც მათ გეგმებში შედის ცალკე თავშესაფრის აშენება. თუმცა, მისი თქმით, დათვის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი – ჰერარდ ბაარსი, დათვებისთვის საკვების დაფინანსებას და ახალი კონტეინერების გამოყოფას პირდება.

 „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დაარსდეს დათვების თავშესაფრები იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ტყვეობაში არიან,“ – ამბობს კოენ კუიტენი.

 ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი იოსებ ქარცივაძე კი აცხადებს, რომ ისიც აწარმოებს კონსულტაციას “ერთ-ერთ დონორთან”:

 “საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ არ მინდა ორგანიზაცია დავასახელო,”ამბობს ქარცივაძე.

ზურაბ გურიელიძეს 27 მაისს  კიდევ ერთ ობოლ ბელს მიუყვანენ ზოოპარკში, ერთიც 2008 წლის ომის დროს გორიდან ჩამოუყვანეს.

“აბა როგორ მეთქვა მის შეფარებაზე უარი?”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი