საზოგადოება

მოდელირებული ახალი ამბავი

10 მაისი, 2010 • • 1952
მოდელირებული ახალი ამბავი

„კონსერვატორების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაჯიშვილის 15 ნომერში დევნილებს 2 წელიწადი ელექტროენეგრია არ მიეწოდებათ, სიმართლე არ აღმოჩნდა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიხედვით, დღეს „კონსერვატორული“   პარტიის წარმომადგენლმა ბიძინა გუჯაბიძემ სააგენტოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისში, სარაჯიშვილის 15 ნომერში, არის დევნილთა კომპაქტური ჩასახლება, სადაც  დევნილებს 2 წელიწადი ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.  სააგენტო, ასევე,  იუწყებოდა, რომ დევნილები სარაჯიშვილის ქუჩის გადაკეტვას დღესვე აპირებდნენ.

ამავე სააგენტოთი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო სარაჯიშვილის 15–ში დევნილთა ცხოვრების ფაქტს საერთოდ უარყოფდა.

სარაჯიშვილზე დევნილები  მართლაც ცხოვრობენ, ოღონდ, 8 ნომერში. შენობაში, სადაც დღესდღეობით დაახლოებით 80 ოჯახია შესახლებული, წლების წინათ მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტი იმყოფებოდა. აფხაზეთის ომის შემდეგ შენობა აფხაზეთიდან დევნილებმა დაიკავეს. დღეს ამ შენობაში, როგორც კორპუსის ერთ–ერთმა მცხოვრებმა  ლალი გოგიბერიძემ თქვა, აფხაზეთიდან დაახლოებით 38 ოჯახია. დანარჩენი ოჯახები კი ქალაქის მერიამ რამდენიმე წელია, რაც შეასახლა.

ელექტროენერგიის მიწოდება კორპუსს გუშინ შეუწყვიტეს. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები ამბობენ, ტექნიკური პრობლემების გამო. „გამრიცხველიანება დაიწყო და ამიტომ ტექნიკური პრობლემებია, ასე ვიცით. ტყუილია, რომ 2 წელი აქ შუქი არაა“ , ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი ციცინო ლობჟანიძე.

სახელმწიფო დევნილებს სულადობრივად თვეში 100 კილოვატი ელექრტოენერგიის საფასურს უნაზღაურებს, რაც 13 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს. „ხშირად მრჩება კიდეც დაუხარჯავი კილოვატები“, ამბობს აფხაზეთიდან დევნილი 81 წლის ლენა ჯალაძე.

კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, დაახლოებით, 5 წლის წინ ჰქონდათ, როცა 9 თვის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდათ. „ახლა თვეში ერთხელ მაინც დგება ეს პრობლემა იმის გამო, რომ საერთო მრიცხველია კორპუსში. ზოგიერთი ოჯახი გადახდაზე უარს ამბობს და თელასი გვითიშავს. მერე სამინისტრო აგვარებს, ან ჩვენ ვინაწილებთ გადასახადს და მერე გვირთავენ“, ამბობს ციცინო ლობჟანიძე.

როგორც მაცხოვრებლები ამბობენ, ეს პრობლემა წლებია არსებობს და ვინ და რატომ გადაწყვიტა დღეს სკანდალის აგორება, მათთვის გაუგებარია. „როგორც ჩანს არჩევნების წინ, ეს ვიღაცის ინტერესებში შედის“ , ფიქრობს კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე რევაზ ჭანტურია.

როგორც კონსერვატორმა ბიძინა გუჯაბიძემ თქვა, მან დანამდვილებით არ იცოდა, რა ხდება სარაჯიშვილის 15–ში, რადგან იქ არ ყოფილა და ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა, იცის ქალბატონისგან, რომელმაც მას დაურეკა და ეს ინფორმაცია მიაწოდა.

– მართლა დავურეკე მათაც და ტელევიზიებსაც შევატყობინე –ამბობს კორპუსის მაცხოვრებელი ელისო აბლათია– ოღონდ, დიდი ხანია უკვე, შეიძლება, თვეზე მეტიც იყოს. ვუთხარი, რომ ბევრი პრობლემაა, სახურავის გადახურვის, საერთო მრიცხველის და  ბინის მესაკუთრეობასთან დაკავშირებითაც. ახლა გაირკვა, რომ საარჩევნოდ ამ პრობლემებს აგვარებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი