საზოგადოება

ფორმულა E

20 აპრილი, 2010 • 5317
ფორმულა E

„E”, რომელიც საკვებ პროდუქტს შენახვის ვადას, ფერსა და გემოს უცვლის, სხვადასხვა დაავადების გამომწვევია.

 „სიმართლე გითხრა, თითქმის, არასდროს ვუყურებ ეტიკეტს.  ყველაფერი იმდენ დანამატს შეიცავს, გამოდის მშიერი უნდა იჯდე“,–ამბობს თბილისში, ჩიქობავას 15– ში პატარა სასურსათო მაღაზიაში შემოსული მყიდველი და „დიროლს“ ყიდულობს.

 დამატკბობელი (სორბიტოლი, ქსილიტი, მანნიტი, მალტიტის სიროფი, ასპარტამი, რეზინის ფუძე, ნატურალურის იდენტური და ნატურალური არომატიზატორები, გამასქელებელი E414 მჟავები E296, E330, საღებავი E 171, ემულგატორი E322, დასაფარი მასალა E903, ანტიოქიდანტი E 321, შეიცავს ფენილანინის წყაროს (არ არის რეკომენდირებული ფენილკეტონურიით დაავადებულთთავის – ეს ინგრედიენტები „დიროლის“ ეტიკეტზე წერია.

 „აზრზე არ ვარ, რა რა არის და საიდან უნდა დავასკვნა რა არის ცუდი და რა კარგი?, –კითხულობს მყიდველი.

 სურსათის მაღაზიის გამყიდველის თქმითაც, ისეთი კლიენეტები თითქმის არ შედიან მის  მაღაზიაში, ეტიკეტის კითხვა რომ დაიწყონ, –„ისეთი პრეტენზიული კლიენტები არ მყავს, რომ რაღაცეები იკითხონ. მითუმეტეს, თუ ბავშვი შემოვიდა, ის რას წაიკითხავს?“, –ამბობს სურსათის მაღაზიის გამყიდველი.

 საკვები დანამატების გამოყენებას  მსოფლიომ განსაკუთრებული ყურადღება ХХ საუკუნეში მიაქცია, – 1953 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა საკვები დანამატების კლასიფიკაციისთვის შეიმუშავეს ნუმერაციის  სისტემა. მას შემდეგ ყველა საკვებ დანამატს საკუთარი საერთაშორისო ნომერი გააჩნია, რომელიც “E” –ზე იწყება. მაგალითად, თუკი პროდუქტის ეტიკეტზე ინგრედიენტებს შორის E100– E199–მდე რომელიმე დანამატია შესული, საკვებ პროდუქტში საღებავია. 

 საღებავები ყველაზე ხშირად საკონდიტრო, უალკოჰოლო სასმელებისა და ზოგიერთი ლიქიორის და არაყის წარმოებაში გამოიყენება.

 ყველა საკვები დანამატი, რომელიც პროდუქტის წარმოების დროს გამოიყენება, ბუნებრივ, ბუნებრივის იდენტურ და ხელოვნურ დანამატებად იყოფა.

 საქართველოს სანიტარულ–ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის მიხედვით, ხელოვნურ საღებავებს შორის პრაქტიკულად უვნებელი ნივთიერება არ არსებობს, არ გააჩნია არანაირი კვებითი ღირებულება და ხშირად მომწამვლელი ეფექტიც აქვს.

 ზოგიერთი საკვები საღებავი კანცეროგენსაც წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში კიბოს გამომწვევ დანამატადაა ცნობილი.

 დღეს რიგი ქვეყნების კანონმდებლობით საკვები საღებავების გამოყენება რძეში, ხორცში, პურში, ფქვილში, ასევე ბავშვთა და დიეტური კვების სპეციალურ პროდუქტებში დაუშვებელია. 

 საქართველოში აკრძალულ 5 საკვებდანამატებს შორის, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს  #311-n ბრძანებითაა განსაზღვრული, ორი საღებავია E121 და E123. მაშინ როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საღებავებიდან (ძირითადად, ევროპის კავშირის ქვეყნებში და აშშ–ში) დამატებით, E102, E105, E107, E110, E111, E120, E124, E126, E128,  E142, E150 დანამატია აკრძალული, რომელთაგან ზოგიერთი, საქართველოს სანიტარულ–ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის მიხედვითაც, პოტენციურად საშიშ–კიბოს გამომწვევ დანამატებს წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციაში საშიშ დანამატად ცნობილი E128 საღებავი, ძირითადად, სოსისის წარმოებაში გამოიყენება და პროდუქტს  მოვარდისფრო შეფერილობას აძლევს.

 ტოქსიკოლოგიის ასოციაციის თავმჯდომარის, შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელის, მედიცინის დოქტორის, ინგა ღვინერიას თქმით,  იმის გამო, რომ საქართველოში დღეს ლაბორატორიული შემოწმების საშუალება ფაქტიურად არ არსებობს, რთულია თქმა, ესა თუ ის პროდუქტი რა საფრხის შემცვლელია.

 „კიბომ რომ მოიმატა საქართველოში, ეს ფაქტია, მაგრამ გარემო ფაქტორები–ეკოლოგიური მომენტები  მხოლოდ 25–30 % თამაშობს მის გაჩენაში. ასე რომ, ცალკეულ პოპულაციებში კვლევების  გარეშე, იმის თქმა, რომ საკვები დანამატები იწვევს ამას და ამას, არ შეიძლება.  საერთოდ,  ყველა  ქიმურ ნივთიერებას ახასიათებს დოზა და  ეფექტი, გააჩნია რა დოზით მიიღებ ამა თუ იმ დანამატს.  დღეს ცოტას მიიღებ, ხვალაც ცოტას და საბოლოო ჯამში ორგანიზმში კონცენტრაცია იზრდება“, –ამბობს ტოქსიკოლოგი.

„ჩუპა–ჩუპსი“, რომლის ძირითადი მომხმარებელი ბავშვია,  E 330–ს  (E300 – E399   ანტიოქსიდანტები, რომლებიც დამჟავებისგან და ფერის შეცვლისგან იცავს პროდუქტს) და   E 270 –ს (E200 – E299    კონსერვანტები,  რომლებიც საკვების შენახვის ვადას ახანგრძლივებს  და სხვადასხვა ბაქტერიებისა  და მიკრობებისგან იცავს) შეიცავს.  E 330 დანამატი საშიშ დანამატადაა ცნობილი, E 270 კი, – კიბოს გამომწვევად.  

ტოქსიკოლოგის, ინგა ღვინერიას თქმით, დანამატები განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა საშიში, –„ასეთი საკვები არ უნდა აჭამო ბავშვს“, –ამბობს ღვინერია.

პედიატრიის ინსტიტუტის, ჩვილ ბავშვთა კვების განყოფილების გამგის, მედიცინის დოქტორის, რუსუდან მაზმანიშვილის თქმით, ისინი ენდობიან სახელმწიფოს კონტროლს და ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი მათთვის სანდოა,–“ ჩვენ არ გვაქვს კონტროლის სხვა მექანიზმი. ამ სერტიფიკატების მიხედვით კი, ადრეული ასაკის ბავშვთა საკვებში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის, ნატურალურია და საფრთხეს არ წარმოადგენს“.

„ხშირად ეტიკეტი ერთი აქვს პროდუქტს, შიგთავსი– მეორე, და ამ შიგთავსის გამოცნობაა სწორედ პრობლემა“, –ამბობს ტოქსიკოლოგი ინგა ღვინერია.

საქართველოს მომხმარებელთა ასოციაციის წარმომადგენელი, ქეთევან დადიანიც ფიქრობს, რომ ბავშვთა საკვების ეტიკეტების შესაბამისობა, მხოლოდ ლაბორატორიებში კვლევის შედეგად შეიძლება გაიგო, – „ლაბორატორიები კი,  საქართველოში დღეს „აქილევისის ქუსლია“, –ამბობს ქეთევან დადიანი.

იმ ქვეყნებში კი, სადაც ლაბორატორიული შემოწმების საშუალება არსებობს, თავისუფლად შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების გამოვლენა. რამდენიმე წელის წინ , რუსეთისა და უკრაინის  სამედიცინო ექსპერტებმა ყველაზე მავნე საკვები  გამოავლინეს. 

ექსპერტების აზრით, პირველ ადგილზე ჩიპსია, რომლის დამზადების ტექნოლოგია სხვადასხვა სახის კანცეროგენის წარმოქმნის, რაც კიბოს გაჩენას უწყობს ხელს და ლიმონათი,   რომლის დიდი  რაოდენობით მოხმარების შედეგად, ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით შაქარი გროვდება, რომელიც ორგანიზმში  ნივთიერებათა ცვლას აფერხებს და მასში შემავავალი სხვადასხვა სახის საღებავი ალერგიის გამომწვევია. სიაში კაცნეროგენებით მდიდარი „ფასტფუდები“, არომატიზატორებით და საღებავებით გაჯერებული იაფფასიანი ძეხვეული, შებოლილი პროდუქტი, მაიონეზი, მარგარინი, საკონდიტრო ნაწარმი, ყავა, ენერგეტიკული სასმელები, ნაყინი და „კეტჩუპი“ მოხვდა, რომელიც სხვადასხვა სახის მოდიფიცირებული სახამებელს შეიცავს.

 მოდიფიცირებული სახამებლის წარმოებაში გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდულია და მისი მოხმარების დოზებია განსაზღვრული, ისევე როგორც ნიტრატების გამოყენება, რომელიც E 250–სა და  E 252 –ის კოდითაა ცნობილი საკვებ დანამატებთა სიაში.  ამ დანამატებს ევროპის კავშირის ქვეყნები კრძალავენ, ქართულ წარმოებაში კი, E 250 ( „შირნჰოფერის“, „ნიკორას“ და სხვ.) ძვირადღირებული ძეხვეულის საკვები დანამატია. E 250,  ნატრიუმის ნიტრატი, საღებავი და კონსერვანტი ხორცის კონსერვაციისთვის  გამოიყენება და ძეხვეულს წითელ შეფერილობას ანიჭებს. ეს დანამატი, შესაძლოა, ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობის, ნერვული აშლილობების, მოწამვლის, ვიტამინების შემცირების და ონკოლოგიური დაავადებების მიზეზი გახდეს.

 ონკოლოგიურ დაავადებს იწვევს, ასევე, გაზიან სასმელებში შემავალი დანამატები,  მაგალითად, „პეპსის“ ერთ–ერთი დანამატი Е330.

 ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” მიერ 2009 წელს ჩატარებულ კვლევაში „სურსათის უვნებლობა საქართველოში“ აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო, როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ფიზიკური ინფრასტრუქტურის ორგანიზება, წარმოების მონიტორინგისთვის მონაცემების გამოყენება და სანიტარული ნორმების დაწესება შეუძლია, თითქმის მთლიანად გაქრა სურსათის სექტორიდან. მომხმარებელი კი საკუთარი თავის იმედად დარჩა“.

 საქართველოში აკრძალულ 5 საკვები დანამატის  (E121, E123, E240, E924 b) აკრძალვაც კი, მხოლოდ ქაღალდზე რჩება, რადგან, როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურში აცხადებენ, ამჟამად საქართველოში იმის გამო, რომ ჯერ–ჯერობით არ არის შესაბამისი ლაბორატორია, საკვებდანამატების ლაბორატორიული კვლევის მეთოდი არ გამოიყენება.  

2004 წლის 11 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ დირექტივაში „საკვები დანამატები, გამოყენებული საკვებ პროდუქტების წარმოებაში“ შესწორებები შეიტანა, რომელიც თანახმადაც აკრძალულ დანამატთა გრძელ სიას კიდევ ორი, საკონდოტრო და ხორცის პროდუქტების წარმოებაში გამოსაყენებელი E 216 და Е 217 საკვები დანამატი შეიტანა. ამ დანამატებთან დაკავშრებით, შესწორებები შეიტანა  რუსეთის ფედერაციამაც და აკრძალა მათი წარმოებაში გამოყენება აკრძალა. 

როგორც საქართველოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური აცხადებს, ის უკვე მუშაობს ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საკითხებზე, მათ შორის საკვებდანამატების კუთხითაც და სავარაუდოდ, აკრძალული საკვებდანამატების რაოდენობა საქართველოში უახლოეს მომავალში გაიზრდება.

 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი