საზოგადოება

გენოციდის აღიარება-რეპორტაჟი ახალციხიდან

13 აპრილი, 2010 • 1541
გენოციდის აღიარება-რეპორტაჟი ახალციხიდან

”ნეტგაზეთი” დაინტერესდა  რას ფიქრობს  სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა სომეხ სტუდენტთა ასოციაციის მიმართვაზე საქართველოს მთავრობის მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა აღიაროს სომეხთა გენოციდი.  

 ”ეთნიკური სომხების გენოციდი არაერთმა ქვეყანამ აღიარა და თუ ამას ქართველებიც აღიარებენ, ეს სომეხი ერის პატივისცემა იქნება. თუმცა, გენოციდის საკითხი არ უნდა იქცეს გარკვეულ ჯგუფებს შორის დაპირისპირების მიზეზად” – ამბობს ახალციხის მესამე, სომხური საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ მურადიანი. 

 ის ყოველ 24 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის დანარჩენ ეთნიკურ სომეხ მოსახლეობასთან ერთად გენოციდის მსხვერპლთა მემორიალთან მიდის და ყვავილებით ამკობს.

 ”ახალციხეში მემორიალი ვარდების რევოლუციის შემდეგ გააკეთეს. მანამდე ”სომხების სასაფლაოზე” ვაწყობდით მშვიდობიან მანიფესტაციას, – ამბობს მურადიანი.

 ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარებაზე  ყოველწლიურად მხოლოდ ამ შეხვედრაზე საუბრობს. საჯარო განცხადებები დღემდე, მით უფრო ხელისუფლებისთვის მიმართვა ადგილობრივ მოსახლეობას არ გაუკეთებია.

 სამცხე ჯავახეთში 2002 წლის აღწერის მიხედვით,  მოსახლეობის რაოდენობა 207 598 შეადგენს, აქედან 89 995 ეთნიკური ქართველია, 113 347 კი ეთნიკურად სომეხი.

 ის, რომ გენოციდის საკითხი ჩხუბის მიზეზად იქცეს, მურადიანის მსგავსად არც ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებ სომეხი ეროვნების ოჯახებს უნდათ, თუმცა ფიქრობენ, რომ გენოციდის აღიარების მოთხოვნით მშვიდობიანი აქციები სამცხე-ჯავახეთშიც უნდა იმართებოდეს.

 ”თუ საქართველო მის ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობას პატივს სცემს, მაშინ უნდა აღიაროს სომხების გენოციდი”, – აბობს 46 წლის ქალბატონი, რომელიც სახელისა და გვარის გამხელისგან თავს იკავებს.

 უცნობ ქალბატონს ეთანხმება 25 წლის ამალია სარქისიანი. მისი თქმით,  ჯერ საქართველომ უნდა აღიაროს გენოციდი და შემდეგ მას მიბაძოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა: ”საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები იმ ხალხის შთამომავლები ვართ, ვინც გენოციდს გადაურჩნენ. ამით არაფერი შეიცვლება, უბრალოდ პატივისცემას გამოხატავენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ”. 

 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის რუბენ კარაპეტიანის განცხადებით, ახალციხეში მცხოვრები ეთნიკური სომხები სახელმწიფოსგან გენოციდის აღიარებას დიდი ხანია ელიან: ”რა მნიშვნელობა აქვს როდის იქნება?! დღეს თუ ხვალ ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც დადგებოდა”.

 ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ვასილ ბერიძის განცხადებით კი ეს საერთაშორისო დონეზე გადასაწყვეტი საკითხია: ”ასეთ შემთხვევაში ფაქტის დადასტურება ძალიან რთულია, იმის მიუხედავად, რომ მრავალი საგამოძიებო ორგანო არსებობს. ეს ორ ერს შორის გასარკვევი და გადასაჭრელი საკითხია”.

ახალციხის ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ დღეს არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ  თბილისში, საქართველოს სომეხთა სათვისტომომ და სომეხ სტუდენტთა ასოციაციამ პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართეს გენოციდის აღიარების თხოვნით.

 ამავე თემაზე:

წუთიერი დუმილი თუ გენოციდის აღიარება

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი