საზოგადოება

”სამუშაო ოფისში!” – ბლეფი თუ წარმატების შანსი?

13 აპრილი, 2010 • 3162
”სამუშაო ოფისში!” – ბლეფი თუ წარმატების შანსი?

”ანაზღაურება 500 ლარიდან მზარდი, გიწვევთ სამუშაოდ ოფისში”, _ ”ბათუმელების”  რესპონდენტები ამ შინაარსის განცხადებების საფუძველზე მივიდნენ ”საქართველოს თავისუფალი ბიზნესჯგუფში”. მათი მიზანი დასაქმება იყო. ახლა ისინი თავს მოტყუებულად გრძნობენ. კომპანიის ხელმძღვანელს კი თავისი, ამის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვს. საიას იურისტი ”გაზეთ ბათუმელების” მიერ მოპოვებულ ფაქტებზე დაყრდნობით კანონის დარღვევაზე მიუთითებს.

 „გვესაჭიროება რამდენიმე დამხმარე კადრი ოფისში სამუშაოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. მივიღებთ სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირებს. შევითავსებთ სტუდენტებსაც. შერჩეული კადრები ადგილზე გაეცნობიან საქმის სპეციფიკას. ანაზღაურება სოლიდური _ 520 ლარიდან მზარდი. დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ოპერატორს~.

ვუკავშირდებით ოპერატორს განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე _ 858 73 38 63. ოპერატორი მხოლოდ ასაკს გვეკითხება და ბათუმში რუსთაველის ქუჩის 13 ნომერში გვეპატიჟება. იქვე გვაძლევს განმარტებას, რომ გიორგი იმნაძე ვიკითხოთ. ტელეფონში ხმა მპირდება, რომ დანარჩენ კითხვებზე პასუხს ოფისში გამცემენ: უპირობოდ დასაქმების პირობას ვიღებ. ოპერატორი მიმარტავს, რომ დასაქმებიდან პირველი თვის შემდეგ სტაბილურ ხელფასს მივიღებ.

ზემოთ აღნიშნულ მისამართზე „საქართველოს თავისუფალ ბიზნესჯგუფის“ ოფისია განთავსებული.

რამდენიმე თვეა ბათუმის ცენტრალური ქუჩების სახლებსა და სარეკლამო დაფად ქცეულ ელექტროენერგიის ბოძებზე ასეულობით ასეთი განცხადება გვხვდება. განცხადებების შინაარსი აბსოლუტურად იდენტურია, მხოლოდ მობილური ტელეფონების ნომრებია განსხვავებული.

რუსთაველის ქუჩის #13-ში მდებარე ოფისში რამდენიმე ახალგაზრდა თანამშრომელი გვხვდება. ვითხოვთ კომპანიის დებულებას და ხელშეკრულებას. ოფისის თანამშრომელი გვიხსნის, რომ ჯერ ანკეტა უნდა შევავსოთ, შემდეგ კი მომსახურების 40 ლარი გადავიხადოთ. თხოვნის განმეორების შემდეგ კი, ჯგუფის დირექტორის _ შორენა კალანდაძის და კომპანიის პრომოუთერის კოორდინატებს გვაძლევს. 

გაზეთი „ბათუმელები“ ამ განცხადებით შემთხვევით არ დაინტერესებულა. `თავისუფალ ბიზნესჯგუფის~ საქმიანობით მას შემდეგ დავინტერესდით, როცა რედაქციაში რამდენიმე მოქალაქემ მოგვმართა. ისინი თავს `კარგად დაგეგმილ მაქინაციის~ მსხვერპლად მიიჩნევენ. 

ერთ-ერთი მათგანი 23 წლის რუსუდან ბაგრატიონია: „ჩემმა ნათესავმა ქუჩაში ნახა განცხადება და ტელეფონის ნომერი. ჯერ დავრეკეთ. მკითხეს, რა მქონდა დამთავრებული. ვუპასუხე, რომ ინგლისურის სპეციალისტი ვარ და საბუღალტრო კურსები მაქვს გავლილი. დამიბარეს ვაჟა-ფშაველას ქუჩის 9 ნომერში (მაშინ ეს ოფისი ამ მისამართზე მდებარეობდა) და გამაფრთხილეს, გიორგი ბასილაძე მეკითხა… ჯერ ანკეტა შევავსე. შემდეგ ამიხსნეს, რომ 40 ლარი უნდა გადამეხადა და თან  კონტრაქტისთვისაც მომეწერა ხელი. მითხრეს, რომ ტრენინგები უნდა გამევლო. ვიკითხე, რა უნდა გამეკეთებინა, რაზეც მიპასუხეს, რომ მარკეტინგის თემა ხუთ წუთში არ აიხსნება… ექვსი ლექცია ჩაგვიტარეს~.

რუსუდან ბაგრატიონის თქმით, მეექვსე ლექციის შემდეგ ის გააფრთხილეს, რომ მინიმალური თანხა 200, მაქსიმალური კი 600 ლარი უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, თუ დარჩებოდა ოფისში სამუშაოდ, უნდა მიეყვანა დასაქმების სხვა მსურველები, რომლებიც 40 ლარს გადაიხდიდნენ. იქედან 10 ლარი მათი იქნებოდა. `სწორედ ამის შემდეგ გამართლდა ჩემი ეჭვი. მოტყუებული აღმოვჩნდი. საჯაროდ ამის განცხადება მხოლოდ იმიტომ მინდა, რომ სხვებიც არ მოტყუვდნენ“, _ ამბობს რუსუდან ბაგრატიონი.

რუსუდანს მარკეტინგის თუნდაც მოკლე კურსი რომ აქვს გავლილი, ვერაფრით დაამტკიცებს. მისთვის შესაბამისი სერტიფიკატი კომპანიას არ მიუცია.

ბაგრატიონს ერთადერთი საბუთი აქვს _ ქვითარი, რომელშიც წერია, რომ მას 40 ლარი აქვს გადახდილი. კომპანიის ბეჭედდასმულ ქვითარზე, სალაროს შემოსავლის ორდერის ჩანაწერის გასწვრივ არც ნომერია მითითებული, არც თარიღი და არც ხელწერაა.

თანხა დასაქმების მსურველმა კომპანიის ოფისში გადაიხადა. დანიშნულებაში მითითებულია, რომ ეს მომსახურების საფასურია.

რუსუდანი ერთადერთი არ არის, ვისაც მიაჩნია, რომ მოატყუეს.

29 წლის უმუშევარმა ისტორიკოსმა _ გიული გურგენიძემ `სამუშაო ოფისის~ შესახებ ინფორმაცია 25-ე არხის მცოცავ სტრიქონებში წაიკითხა. ამბობს, რომ მისი ყურადღება მიიქცია სოლიდურმა ანაზღაურებამ _ `500-დან 600 ლარამდე და მზარდი~.

ის ოპერატორს, თამარ ქურიძეს ესაუბრა (თამარ ქურიძეც იმ მეთოდით არის დასაქმებული, როგორც სხვებს სთავაზობენ). სავარაუდოდ, ქურიძის წილი გიული გურგენიძის გადახდილი თანხიდან 10 ლარია. `მეგონა, რომ ოფისში ვიქნებოდი დასაქმებული. შემდეგ ექვსი ლექცია შემოგვთავაზეს _ `ტიენსის~ პროდუქციის, მაგალითად, 20-დოლარიანი კბილის პასტის შესყიდვაზე. ოფისში რომ დავესაქმებინე ე.წ. კომპიუტერის ნომერი უნდა მეყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, 25-ე არხზე განცხადება გამეკეთებინა ჩემი ტელეფონის ნომრის მითითებით. შორენა კალანდაძეს ვუთხარი, რომ შეეძლოთ ეს წინასწარ ეთქვა და 40 ლარს აღარ გადავიხდიდი. ქვითარი მომცეს და შემდეგ გამომართვეს. მარტო ჩვენს ჯგუფში 25 ადამიანი იყო. იმ პერიოდში ასეთი 3-4 ჯგუფი ჰყავდათ. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ჯგუფიდან მუშაობის გაგრძელების სურვილი აღარავის ჰქონია~, _ ამბობს გიული გურგენიძე.

19 წლის მარიც (მას თავისი გვარის გამხელა არ სურს) დაახლოებით იმავეს ყვება. `40 ლარი გადავიხადე, მაგრამ არავის უხსენებია, სამუშაოს გაგრძელებისთვის ფული კიდევ თუ იყო გადასახდელი. ეს გავაპროტესტეთ, მაგრამ მითხრეს, რომ ვერაფერს დავაკლებდი, რადგან ხელშეკრულებაზე ხელი ჩემი სურვილით მქონდა მოწერილი. სამწუხაროდ, ხელშეკრულებას ხელი ისე მოვაწერე, არც წამიკითხია~.

გარდა იმისა, რომ ეს პირები ხელშეკრულებას არ გაცნობიან, არც ერთ მათგანს არ აქვს ხელშეკრულების ეგზემპლარი.

`ბათუმის ფილიალის ოფისში~ დასაქმებულები გვიხსნიან, რომ ისინი ტიბეტური მედიცინის გზით დამზადებულ ტიენსის პროდუქციის რეკლამირებას ეწევიან. კითხვაზე: როგორ? პასუხობენ _ „ისე, როგორც დუტა ეწევა ჯეოსელის რეკლამირებას, მასაც ხომ ლაპარაკში უხდიან ფულს“.

ლევან ვერძაძე აქ ექვსი თვეა მუშაობს: `გაზეთ ბათუმელებთან~ საუბარი მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა გაიგო, რომ სტატიაში უკმაყოფილო რესპონდენტების პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული. „40 ლარის შემდეგ არაფერი გადამიხდია. უბრალოდ, ტიენსის პროდუქციის მომხმარებელი ვარ და პირველად 100 ლარის წამლები ვიყიდე. ზუსტად არ მახსოვს, რა თანხის პროდუქცია გამოვიწერე. რაც შეეხება ხელფასს,  200 ლარიც ამიღია, 400-ც, 500 ლარიც. ხელფასს სახალხო ბანკში ვიღებდით, მაგრამ ახლა პროკრედიტთან აქვთ მგონი გაფორმებული ხელშეკრულება~.

20 წლის გიორგი ბასილაძეც მათ შორის არის, ვისაც გაუმართლა და ოფისში დაასაქმეს. სექტემბრიდან მუშაობს, მაგრამ ამბობს, რომ ანაზღაურებას 2010 წლის იანვრიდან იღებს. ხელფასის ოდენობა ზუსტად არც მას ახსოვს. `მამაჩემისთვის 300 ლარის წამლები ვიყიდე. თვეში 150 ლარიც მაქვს მიღებული და 200 ლარიც. ჯამში 520 ლარი ავიღე~.

ჯერ ანაზღაურება არ მიუღია სოფო დევაძეს. მან ტრენინგები გიორგისთან და ლევანთან ერთად გაიარა და ახლა პირველი ხელფასის მოლოდინშია.

ამ კომპანიის დირექტორი შორენა კალანდაძეა. ის თბილისიდან, სათავო ოფისიდან ბათუმში მხოლოდ მაშინ ჩამოდის, როცა ჯგუფი იკრიბება, რომელსაც ტრენინგებს ჩაუტარებენ. მომავალი ტრენინგები 20 მარტის შემდეგ აქვთ დაგეგმილი. `მე მაქვს გაკეთებული ტრენინგცენტრი და ადამიანებს ვუხსნი ქსელური გზის სისტემას. მე სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია. ტრენინგები ფასიანია ყველგან _ ადამიანს თუ აქვს სურვილი, ხდება კომპანიის თანამშრომელი. თავისუფალი ბიზნესჯგუფი  დაფუძნდა თბილისში. მაქვს რეგიონული ოფისები გორსა და ქუთაისში. საგადასახადოში რეგისტრირებულია ჩვენი ორგანიზაცია. რაც გინდათ, ის დაწერეთ, თქვენ ალბათ გაცნობიერებული გაქვთ, რომ ბიზნესი იწყება თანხით. მსმენელს 600 ლარს არავინ სთხოვს. შეუძლია სისტემაში 10 ლარითაც შემოვიდეს~.

კომპანიის დირექტორს ორგანიზაციის წესდებასა და დებულების მოწოდებას ვთხოვთ. გვპასუხობს, რომ თან არ აქვს და გვიხსნის, რომ ამ დოკუმენტებს ბათუმში, რუსთაველის #13-ში მივიღებთ.

კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი, მაკა ანთია ამბობს, რომ ის კომპანია `ტიენსის~ პრომოუტერია. `დირექტორი მანდ არ არის და სტატიას აქვეყნებთ? რომ რამე, გიჩივლებთ, იცოდეთ… მარკეტინგი ყველასთვის არ არის გასაგები. მას მარკეტოლოგები წლების განმავლობაში ქმნიან. სისტემას ყველა ვერ გაუგებს~.

`ბათუმელების~ კითხვას, ვინც განცხადებით მოგმართავთ, ყველას აკმაყოფილებთ? მაკა ანთია გვპასუხობს _ `კი, ყველას, ვისთვისაც კომპანიის პირობები მისაღებია. 40 ლარი მომსახურების თანხაა და წინასწარ ვუხსნით ამის შესახებ. კომპანიას გააჩნია მარკეტინგი, ვისაც უნდა ნულიდან დაიწყებს, ვისაც უნდა _ საშუალო დონიდან, ვისაც უნდა _ მაქსიმუმიდან. ჩემთვის არავის არაფერი მოუთხოვია, მეც ნულიდან დავიწყე და დღეს კომპანიაში მეორე საფეხურზე ვარ და სერიოზული ხელფასი გამომდის~.

ინტერვიუების ჩაწერის შემდეგ „თავისუფალ ბიზნესჯგუფის“ ბათუმის ოფისში `გაზეთი ბათუმელები~ კიდევ ერთხელ მივიდა ზემოთ დასახელებული დოკუმენტების გასაცნობად. სამი ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვცეს (მათ შორის კომპანიის წესდება და დებულება არ იყო). მოწოდებული დოკუმენტების მიხედვით კი ირკვევა, რომ 1. `თავისუფალ ბიზნესჯგუფი~ მართლაც არის რეგისტრირებული საგადასახადოში. 2. მაკა ანთიასთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება, რომელიც აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ამ დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მაკა ანთია კომპანიაში ტრენინგის წამყვან სპეციალისტად არის დასაქმებული და ამისთვის მას ყოველთვიურად 70 ლარს უხდიან. გარდა ამისა, როგორც ანთია ამბობს, ის კომპანიის პრომოუტენია და მისი ხელფასი 700 ლარს აღწევს. 3. საიჯარო ხელშეკრულება. დოკუმენტების ქსეროასლების გადაღების უფლება დირექტორთან საუბრის შემდეგ აღარ მოგვცეს. თუმცა ამ დოკუმენტაციის ფოტოს გადაღების უფლება მოგვცეს.

დოკუმენტების მიხედვით, „საქართველოს თავისუფალი ბიზნესჯგუფი“ ბათუმში 2009 წლის მაისში დაფუძნდა. თავდაპირველად ოფისი რუსთაველის ქუჩის 21 ნომერში მდებარეობდა, შემდეგ _ ვაჟა-ფშაველას ქუჩის #9-ში. კომპანიაში საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას ახალი ოფისიც ორი თვით _ მაისის ჩათვლით აქვს დაქირავებული და ფართობის სანაცვლოდ მეპატრონეს 600 ლარს უხდის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი, გია ქარცივაძე `ბათუმელების~ მიერ მოპოვებული ფაქტების საფუძველზე განმარტავს:

`სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ქმედების თავისუფლება შეზღუდულია კეთილსინდისიერების პრინციპით. ანუ ის ქმედება, რომელსაც კანონი არ კრძალავს (ანუ მისი განხორციელების უფლება აქვს მხარეს), უნდა ეფუძნებოდეს კეთილსინდისიერების პრინციპს.

სამართლებრივად „საქართველოს თავისუფალ ბიზნესჯგუფს~ ნამდვილად აქვს უფლება მოქალაქეთა შემდგომი დასაქმების მიზნით განახორციელოს მათი აღრიცხვა, მაგრამ მათთვის გარანტირებული დასაქმების პირობის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გამორთმევა და შემდგომ ამ პირობის შეუსრულებლობა ნამდვილად ცდება უფლების კეთილსინდისიერად გამოყენების პრინციპს და არა მარტო მას.

ზოგადად, ნებისმიერ ურთიერთობას ახლავს გარკვეული რისკები, რაც შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვანაირად შეფასდეს სამართლებრივად. `ბათუმელების~ მიერ მოპოვებული ფაქტების მიხედვით, ორგანიზაციის ქმედებების ქრონოლოგიური აღწერა იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ: გარკვეული პირების ქმედებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით).

ასევე მნიშვნელოვანია, თანხის გადახდის სანაცვლოდ მოქალაქეებზე გაცემული  დოკუმენტის შესაბამისობა კანონმდებლობის მოთხოვნებთან”.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვის~ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების “ნაციონალური წვლილი დემოკრატიისთვის“(NED)  და ,,B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპს „გაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისას „გაზეთ ბათუმელების“ მითითება აუცილებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი