საზოგადოება

ლეპტოპები არჩევნების ნაცვლად

8 აპრილი, 2010 • 1554
ლეპტოპები არჩევნების ნაცვლად

„ეს ძალიან კარგი იდეაა, იმიტომ რომ ერთი მხრივ შეაჩვევს ბავშვებს კომპიუტერთან მუშაობის წესებს, და მეორე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შეამსუბუქებს მათ ჩანთას.  ჩემი აზრით ბავშვების ძალიან მძიმე ჩანთებით სიარული პრობლემაა სააქართველოში“ – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ც პირველკლასელები წიგნების ნაცვლად საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ ახალი სასწავლო წლიდან.

 ” წიგნთან დამოკიებულებას რაც შეეხება, როცა ამაზე საუბრობენ, რატომღაც გულისხმობენ ფურცელთან დამოკიდებულებას. წიგნი კი კითხვასთან დამოკიდებულებაა. თუ კარგი ეკრანი ექნება ამ ლეპტოპს და იმ ეკრანზე წაიკითხავს ბავშვი, რა არის ამაში პრობლემა”? – ასე აფასებს ახალ ინიციატივას თევზაძე.  

 ”კომპიუტერული და ლინგვისტური რევოლუცია”  უწოდა ინიციატივას პრეიზდენტმა სააკაშვილმა რომლითაც იგი ქუთაისში მთავრობის სხდომაზე გამოვიდა:

 “თქვენ გეგონათ რომ ჩემი შემდეგი დიდი გამოწვევა არის არჩევნები. მინდა დაგაწყნაროთ, ნამდვილად დიდი გამოწვევა  მოდერნიზაციის კუთხით არის ის, რომ საქართველოში დავგეგმოთ კომპიუტერული და ლინგვისტური რევოლუცია”

 ახალი პროგრამა ინგლისური ენის სწავლების პირველი კლასებიდან დაწყებას და თითოეული პირველკლასელისთვის XO მინილეპტოპის დარიგებას გულისხმობს. 

 ლეპტოპში სასწავლო პროგრამა იქნება ჩატვირთული, რომელიც შემდეგ წელს გადაიტვირთება. ლეპტოპით სარგებლობა რამოდენიმე წელი იქნება შესაძლებელი.

 განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფას ეროვნული სასწავლო ცენტრი მოახდენს, თუმცა ეს პროგრამა ჯერჯერობით დამუშვების პროცესშია და უფრო კონკრეტული ინფორმაცია დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ერთადერთი, რაც ცნობილია, ის არის რომ ნოუთბუქების პროგრამული უზრუნველყოფაც გაქართულდება.  .

  „ეს არის ექსპერიმენტული პროგრამა, რამდენიმე ათას კომპიუტერს ჩვენ ეხლავე შევიძენთ და მოვამზადებთ მასწავლებლებს მათი სწორად გამოყენებისთვის. ასევე მინდა რამდენიმე დაზარალებულთა და დევნილთა დასახლებაში დავარიგოთ. მათაც მივცეთ ეს განსაკუთრებული შანსი“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა.

 ნოვაციასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა „რუსთავი ორს“ განუცხადა, რომ ნოუთბუქის გამოყენება მშობელზე იქნება დამოკიდებული, „თუ ექნება საშუალება და სურვილი, იყიდის წიგნს, თუ არა და გამოიყენებს ამ ნოუთბუქს, რომელსაც სახელმწიფო მას საჩუქრად გადასცემს“.

 ზოგიერთი მშობელი ეჭვით უყურებს ახალ ინიციატივას. 5 წლის ნინის დედა, თამარ გელაშვილს მთავრობის ახალი ინიციატივა არ მოსწონს. მან შვილი სკოლაში პირველად სწორედ 2010 წლის სექტემბრიდან უნდა მიიყვანოს :

„აქამდე წიგნით ვსწავლობდით და რა საჭიროა ეხლა ლეპტოპები? ამერიკაშიც წიგნებით სწავლობენ ბავშვები და ჩვენ მათზე წინ ვართ? ხომ ექნება გამოსხივება ამ კომპიუტერებს? და დაუზიანებს ბავშვებს თვალებს.”

 161 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო ნარინდაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არასრულყოფილი ინფორმაცია აქვს.  –”მე როგორც ვიცი, ლეპტოპები იქნება წიგნთან ერთად დამხმარე, ამ შემთხვევაში კარგი იდეაა ბავშვის განვითრებისათვის. დღესდღობით წიგნები იმდენად არ უყვართ ბავშვებს და ვფიქრობ იქნებ კომპიუტერიდან მაინც მიიღონ საჭირო ინფორმაცია”

 რაც შეეხება სასწავლო ლეპტოპებს. ეს XO აის იაფფასიანი პორტატული კომპიუტერია, რომელიც გამოიყენება ძირითადად განვითარებადი ქვეყნების დაწყებითი კლასის მოსწავლეებში იმისათვის, რომ მათ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს

 კომპიუტერი შემუშავებულ იქნა არაკომერციული ორგანიზაციის One Laptop Per Child” (აშშ, შტატი დელავერი) მიერ, რომელიც დაარსებულია მასაჩუსეტის შტატის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლაბორატორიის (MIT Media Lab) მიერ. მწარმოებელი არის Quanta Computer.

 კომპიუტერის ფასი 80 – 100 დოლარია.

 აღნიშნული მეთოდით სწავლება დანერგილია მსოფლიოს შემდეგ ქვეყნებში: არგენტინა, ბრაზილია, ეგვიპტე, ამერიკა, კამბოჯა, დომინიკის რესპუბლიკა, კოსტა რიკა, ტუნისი, პაკისტანი, ვენესუელა.

 მიხეილ სააკაშვილი ამ პროგრამას სიღარიბის დაძლევის ერთ–ერთ მნიშვნელოვან პირობადაც მიიჩნევს:

 ”როცა ოჯახში შედის კომპიუტერი, თუნდაც როცაპატარა ბავშვს  აქვს ეს, ეს ოჯახი უკვე იღებს სერიოზულ შანსს იმისა  რომ როგორი ღარიბიც არ უნდა იყოს,  სიღარიბეს თავი დააღწიოს. ”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი