საზოგადოება

პირველი კორუფციის დამარცხებაში

7 აპრილი, 2010 • 1699
პირველი  კორუფციის დამარცხებაში

,,საქართველო – მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით”, – ამ შინაარსის რეკლამებს ათავსებს BBC-სა და CNN-ზე  ქვეყანა, რომელსაც ამავე რეკლამის მიხედვით საქართველოს არ უყვარს (სძულს-პირდაპირი თარგმანი) იყოს მეორე (Georgia -Hate to be second). 

 არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”  აცხადებს, რომ საქართველოს დამზადებულ სარეკლამო რგოლის თავდაპირველ ვერსიაში ინფორმაციის წყაროდ სწორედ ეს ორგანიზაცია იყო დასახელებული. თუმცა ამჟამინდელ ვერსიაში, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადაიცემა CNN ზე ნათქვამია, რომ  საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში საერთაშორისო მონაცემების მიხედვით”.

 ” გამჭვირვალობა საქართველო” ამბობს, რომ  BBC-სა და CNN–ს სარეკლამო რგოლის შესწორებაზე  შუთანხმნენ, რადგან ინფორმაციის წყაროდ თავდაპირველ ვერსიაში სწორედ ეს ორგანიზაცია იყო მითითებული .

 ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ვახტანგ კობალაძის განცხადებით, სატელევიზიო რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის – ,,კორუფციის აღქმის ინდექსის” მონაცემები.

 ,,კვლევის ანგარიშში არ ყოფილა მითითებული, რომ საქართველო მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლაში ნომერ პირველი ქვეყანაა”- აცხადებს ვახტანგ კობალაძე.

 2009 წლის 17 ნოემბერს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით კორუფციის დონე საქართველოში წინა წლებთან შედარებით შემცირდა. 2009 წლის ,,კორუფციის აღქმის ინდექსის” შედეგების მიხედვით საქართველო 180 ქვეყნიდან 66-ე ადგილზე გავიდა და 4.1 ქულა მიიღო. ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 10-მდე (ყველაზე არაკორუმპირებული).

საერთაშორისო სარეკლამო კამპანია საქართველოს მთავრობამ წამოიწყო. რეკლამები, რომელბიც BBC-სა და CNN-ზე გავრცელდა მიზნად საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლებასა და ინვესტიციების მოზიდვას ისახავს.

 ,,საერთშორისო გამჭვირვალობას“ ამ საკითხთან დაკავშირებით  მოლაპარაკებები პრემიერ–მინისტრის აპარატთან ჯერ კიდევ 2009 წლის იანვარში ჰქონდა: ,,ჩვენ ვუთხარით,რომ რეკლამა მსგავსი სახით არ უნდა გასულიყო, მაგრამ შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა“, – ამბობს ვახტანგ კობალაძე.  მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს მთავრობას ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სამდივნოც დაუკავშირდა, თუმცა მათ არც ამჯერად გაიზიარეს ორგანიზაციის შენიშვნა.

 ამის შემდეგ ტელეკომპანია  BBC რეკლამის გაშვებამდე თავად დაუკავშირდა ორგანიზაციას და ინფორმაცია გადაამოწმა. თუმცა სარეკლამო რგოლის არასწორი ვარიანტი რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც გადიოდა – ამბობს  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” აღმასრულებელი დირექტორი.  

 ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა“  BBC  და CNN  სარეკლამო რგოლის შინაარსის შცვლაზე შეთანხმდნენ.  

 შესწორებულ ვერსიაში რეკლამის წყაროდ ,,საერთაშორ


ისო გამჭვირვალობის“ ნაცვლად  საერთაშორისო გამოკვლები უნდა ყოფილიყო  მოხსენიებული. რეკლამა ამჟამად სწორედ ამ ფორმილირებით გადის.

 ამ საკითხზე კომენტარის მისაღებად და იმის გასარკვევად თუ ვინ მუშაობდა რეკლამის დამზადებაზე, ასევე რა უჯდება ქვეყანას ამ რეკლამის განთავსება, ,,ნეტგაზეთი“  საქართველოს პრემიერ–მინისტრის აპარატს პირველად 19 მარტს დაუკავშირდა. ჩვენ ვთხოვეთ ასევე   ინფორმაცია, თუ სად შეიძლებოდა სარეკლამო რგოლის ნახვა.  მთავრობის პრესსპიკერმა ლეილა ავიძბამ განმარტა, რომ ამ სარეკლამო რგოლის მზადება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამჟამად მიმდინარეობს,  ამიტომ მათთვის ეს მასალა ჯერ–ჯერობით მიუწვდომელია.

 მეორეჯერ ,,ნეტგაზეთმა“ ლეილა ავიძბას 24 მარტს ესაუბრა. ამჯერად გაზეთმა მთავრობის პრესსპიკერს სთხოვა დაეკავშირებინა პიროვნებასთან, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული,,საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ მოლაპარაკებებში და უძღვებოდა სამთავრობო სარეკლამო კამპანიას.

 ლეილა ავიძბა: ,,მე, როგორც ვიცი ამ საკითხზე მუშაობს თამარ კოვზირიძე რომელიც საგარეო ურთიერთობებში პრემიერ–მინისტრის მრჩეველია. ის ამჟამად ფოთში იმყოფება მთავრობის სხდომაზე“.

 ,,ნეტგაზეთმა“  თამარ კოვზირიძესთან დაკავშირება მარტში ვერ შეძლო. 

 7 აპრილს  ,,ნეტგაზეთმა”  კვლავ სცადა თამარ კოვზირიძესთან დაკავშირება. მისმა  მდივანმა, ნათია ბერიძემ განმარტა, რომ დატვირთული დღის რეჟიმის გამო, მან შესაძლოა  ჩვენთან საუბარი ვერ მოახერხოს.

 მთავრობის პრესსპიკერი ასევე ამბობს, რომ სარეკლამო რგოლი,რომელიც BBC-სა და CNN-ზე ამჟამად გადის  რეკლამის მოკლე ვარიანტია. მისი თქმით, სრული სარეკლამო  ვიდეო ეთერში აპრილში გავა.   

 კვლევის შედეგების უზუსტობით გაშუქებაში  ,,საერთაშორისო გამჭვირვალობამ” 2009 წელს ქართული ტელეკომპანიებიც დაადანაშაულა. ,,იმედისა” და ,,რუსთავი 2”-ის ეთერში 2009 წლის 28 ოქტომბერს გასულ სიუჟეტებშიც ასევე ნათქვამი იყო, რომ ,,კორუფციის აღქმის ინდექსის” 2008 წლის ანგარიშის შედეგად საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. გასულ წელს საქართველოს ქულა კი, წლევანდელზე დაბალი 3.9 იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი