საზოგადოება

ნახშირორჟანგის ბირჟა საქართველოსთვის

2 აპრილი, 2010 • 3183
ნახშირორჟანგის ბირჟა საქართველოსთვის

კომპანია Simizu Corporation-ის  თბილისის ნაგავსაყრელზე 500 ათასი ტონა მეთანის გამოყოფას შეამცირებს, რაც მას საშუალებას  აძლევს ამდენივე ტონა ნახშირორჟანგი გამოყოს იაპონიაში.  ეს შესაძლებლობა მას თბილისის მუნიციპალიტეტმა მისცა. მსოფლიოს დიდი კომპანიების ნაწილი მსგავსი კრედიტების შესაძენად ნახშიროჟანგის ბირჟებს მიმართავს.  ეს ბირჟები ქართული საბანკო სექტორისთვის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა.

ნახშირორჟანგის ბირჟების არსებობა ატმოსფეროში მისი გამოყოფის დარეგულირებას ემსახურება. ბირჟის კლიენტები მსხვილი ბანკები ან საწარმოები არიან. მათ ერთი მიზანი ამოძრავებთ: ისე აწარმოონ ბიზნესი, რომ არც კლიმატის დათბობას  შეუწყონ ხელი  და გარემოს დაცვის ხარჯზე არც შემოსავლები შეიმცირონ.

ნახშირორჟანგის ბირჟა კიოტოს პროტოკოლის მექანიზმია, რომელიც გარემოს დაცვას ეკონომიკასთან აკავშირებს.

კიოტოს პროტოკოლის რატიფიცირება 180-მა ქვეყანამ მოახდინა. ქვეყნები ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ორ ნაწილად იყოფიან: განვითარებულ და განვითარებად –ქვეყნებად. საქართველო განვითარებადი ქვეყნების ჯგუფში შედის.

ყველა განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა თავისი ქვეყნის საწარმოს, (მაგალითად, ცემენტის ქარხანას) ნახშირორჟანგის ემისიის ზღვარს უწესებს და გადაჭარბების შემთხვევაში, აჯარიმებს.

თუ საწარმო გადაწყვეტს, რომ იმაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოუშვას ატმოსფეროში (რაც მას დამატებით შემოსავალს აძლევს), ვიდრე ამის უფლება მისმა ქვეყანამ მისცა,  საწარმო ან კომპანია იძულებულია ზუსტად იმდენი ნახშირორჟანგის გამოყოფისაგან დედამიწის სხვა წერტილი დაიცვას. მაგალითად, თუ იაპონურმა კომპანია Simizu Corporation-მა 500 ათასი ტონა ზედმეტი ნახშირორჟანგი გამოუშვა გარემოში, მან ამავე რაოდენობის ნახშირორჟანგის გამოყოფა უნდა შეამციროს, მაგალითად, საქართველოში, რაც იმას ნიშნავს რომ პროექტი ოფიციალურად სუფთა განვითარების აღმასრულებელმა საბჭომ.

ამცირებს კიდეც. პროექტი ”თბილისის ნაგავსაყრელზე მეთანის გამოყოფის შმცირება და მისი სუფთა ენერგიად გამოყენება”   უკვე დამტკიცებულია.

პროექტის მიხედვით, კომპანია Simizu Corporation-ის მიზანია თბილისის ნაგავსაყრელზე 500 ათასი მეთანის გამოყოფის შემცირება, რაც მას საშუალებას აძლევს ამდენივე ზედმეტი ტონა გამოყოს თავის ქვეყანაში.

ბალანსი ნულის ტოლია. არც გარემო ზარალდება ზედმეტად და არც კომპანიას უმცირდება შემოსავლის წყარო.

Simizu Corporation-მა ეს შესაძლებლობა მისი მასპინძლის – თბილისის მუნიციპალიტეტისგან მიიღო, რომელმაც დაწერა პროექტის კონცეფცია ნაგავსაყრელზე მეთანის გამოყოფის შემცირების შესახებ. ეს პროექტი სუფთა განვითარების მექანიზმის ფარგლებში ხორციელდება.

სუფთა განვითარების მექანიზმი, ე.წ. CDM (Clean Development Mechanism), კიოტოს პროტოკოლის მექანიზმია. იგი (CDM) ეფუძნება მოსაზრებას, რომ განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას გაუძნელდება კიოტოს ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე ღონისძიებების გატარებით. სათბური ეფექტების მქონე გაზების ემისიის შემცირება რთულია განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ინდუსტრია განვითარებულია და ემისიების გამოყოფაც დიდია. მეორეს მხრივ, განვითარებად ქვეყნებში სათბურის ეფექტების მქონე გაზების ემისიების შემცირება შეიძლება. შემცირება კი სწორედ სუფთა განვითარების მექანიზმით არის შესაძლებელი.

თუ საწარმო მისი საქმიანობის შედეგად  გარემოში სათბურის ეფექტის მქონე გაზს გამოყოფს , მას შეუძლია სუფთა განვითარების პროექტი დაწეროს. მაგალითად, “საქცემენტი” აუცილებლად იქნება ასეთი საწარმო, რადგან ცემენტის წარმოებისას გარემოში აუცილებლად გამოიყოფა ნახშირორჟანგი. კომპანიას შეუძლია დაწეროს სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტი, რომელიც მას 15 ათასიდან 250 ათას დოლარამდე დაუჯდება.  თუმცა კომპანიამ ეს,  შეიძლება, მარტო ვერ განახორციელებს ფინანსების შესაძლო არქონის გამო.

სწორედ აქ  მას შეიძლება რომელიმე ბანკი დაეხმაროს. საბანკო სექტორს  კი აქ ერთადერთი ინტერესი ექნება: CDM პროექტს აქვს გარემოში გაზების გამოყოფის შემცირების კონცეფცია. პროექტის სერთიფიცირების შემთხვევაში, ის მოიპოვებს სერთიფიცირებული ემისიის შემცირების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს, სხვა სიტყვებით ე.წ. ”ნახშიროჟანგის კრედიტებს” (CER – certified emission reduction).

ბანკის, ან სხვა ინვესტორის ინტერესი კი სწორედ ესაა: პროექტი, რომელიც შეიძლება არაა ეკონომიკურად მიმზიდველი, მაგრამ ახლავს პირობა, რომ, მაგალითად, 1 მილიონი ტონა ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას უზრუნველყოფს,  უკვე მიმზიდველი ხდება ინვესტორისთვის. მომავალში ბანკს შეეძლება ეს კრედიტები რომელიმე ნახშირორჟანგის ბირჟაზე გაყიდოს და პროექტში ჩადებული ინვესტიცია უკანვე დაიბრუნოს.

ნახშირორჟანგის ბირჟაზე კრედიტების ფასები სტაბილურია ბოლო ორი წლის განმავლობაში: საშუალოდ 10 ევრო. http://www.pointcarbon.com/ მიხედვით  2010 წლის 1 აპრილს სერთიფიცირებული ემისიის შემცირების (CER – certified emission reduction ) ფასი ერთ ტონა ნახშირორჟანგზე 11.51 ევროა.

კომპანია თუ საწარმო, რომელიც ვერ მოახრხებს ბაზარზე სერთიფიცირებული ემისიის შეძენას, მას ერთ ტონა ზედმეტად გამოყოფილ გაზზე ორმოცი ევრო ჯარიმის გადახდა მოუწევს.

“ამიტომ, საწარმოსთვის უფრო მომგებიანია, რომ ნახშირორჟანგის კრედიტი აიღოს, ვიდრე ჯარიმა გადაიხადოს “, – ამბობს დემეტრე პაპაიანოუ ”ნეტგაზეთთან” საუბარში. მას  სათბურის ეფექტის მქონე გაზების ემისიის სფეროში მუშაობის 10 წლის გამოცდილება აქვს.

სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტების დაფინანსება რისკებს უკავშირდება.

პროექტს აღმასრულებელი საბჭო – გაეროს მიერ შერჩეულ ექსპერტთა ჯგუფი არეგისტრირებს. თუ საბჭო ხედავს, რომ პროექტი არ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს, არ აძლევს სერთიფიკატს და ვერც ინვესტორი მიიღებს კრედიტებს. ამიტომაც, არის შემთხვევები, როცა რომელიმე ბანკი პროექტს აფინანსებს, რაც გულისხმობს სამოქმედო ხარჯების დაფარვას, შემდეგ კი ეს პროექტი ვერ რეგისტრირდება და ბანკი, ან სხვა ინვესტორი, აგებს ინვესტიციას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო სუფთა განვითარების მექანიზმის ეროვნული პასუხისმგებელი ორგანოა. სუფთა განვითარების მექანიზმის პროექტის კოორდინატორმა გრიგოლ ლაზრიევმა შეადგინა ბროშურა, რომელიც ასახავს ამ მექანიზმის არსს. იგეგმება მისი გაგზავნა სხვადასხვა საწარმოებში, დაინტერესების შემთხვევაში სამინისტრო პოტენციურო პროექტის ავტორებს კონსულტციებს უწევს.

ბანკების გაცნობიერების საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციებიც თავიანთ წვლილს თამაშობენ.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), 2010 წლის 27 იანვარს ქართულ ბანკებს ტრეინინგი ჩაუტარა იმ საკითხებზე, თუ როგორ შეუძლიათ მათ წვლილი შეიტანონ გლობალური დაათბობის შემცირებაში და თან საკუთარი შემოსავალიც გაზარდონ CDM პროექტების დაფინანსებით და ნახშირბადის კრედიტების ბაზარზე გასვლით.

ამ ტრეინინგს ProCreditBank-ის წარმომადგენელიც ესწრებოდა. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეკლა გურიელიძე ამბობს, რომ მათთვის ცნობილია CDM პროექტის კონცეფციის შესახებ.

“ჩვენ საწყის სამუშაო ეტაპზე ვიმყოფებით, ამიტომ კონკრეტული გეგმები ჯერ არ გვაქვს,“ -ამბობს გურიელიძე.

ქართულ ბანკებს CDM პროექტები ჯერ არ დაუფინანსებიათ.

“საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თუ სხვა ფინანსური ინსტიტუტები უფრო მეტი წარმატებით შეძლებდნენ ქართული ბანკების წახალისებას, მათთვის, რჩევებთან ერად, ცალკე საკრედიტო ხაზები რომ გამოეყოთ, “ – ამბობს ინვესტორი თომას ბლეიქი.

რიგ ქვეყნებში თვით ქვეყნის მეთაურები ახალისებენ თავისი ქვეყნის საწარმოებსა თუ გუბერნატორებს, რომ მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“თქვენი აქტიურობა გადამწყვეტია პლანეტისთვის…სანამ მე პრეზიდენტი ვარ, ნებისმიერი კომპანია, რომელიც ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას, ეყოლება პარტნიორი თეთრ სახლში, “- აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა ბარაკ ობამამ 2008 წლის 17 ნოემბერს .

ეს ნიშანდობლივი იყო, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებს კიოტოს პროტოკოლის რატიფიკაცია არ მოუხდენია და არც სათბურის ეფექტების მქონე გაზების ატმოსფეროში გამოყოფისთვის ისჯება გაეროს მიერ. თითქოს ამის საკომპენსაციოდ, ობამამ პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები სათბურის ეფექტების მქონე გაზების გამოყოფის წლიურ ზღვარს დააწესებდა და ნახშირორჟანგის კრედიტების სისტემასაც შემოიღებდა (cap-and-trade system); 2050 წელს კი 1990 წელთან შედარებით მისი ქვეყანა 80%-ით შეამცირებდა ატმოსფეროში სათბურის ეფექტების მქონე გაზების გამოყოფას.

აპირებებს თუ არა საქართველოს მთავრობა ბანკების წახალისებას, რათა ბანკებმა CDM პროექტები დააფინანსონ, უცნობია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოთქვა სურვილი, რომ დააფინანსოს ერთი CDM პროექტი, რომელიც შეიმუშავა კომპანია “კოდამ.”

“კოდა” მეფრინველეობის ფაბრიკაა. მისი საქმიანობის შედეგად, ფრინველის ნაკელის ბუნებრივი ხრწნის შედეგად ატმოსფეროში მეთანი გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში კი, მოხდება მეთანის გამოყენება ან სითბოს, ან ელექტროენერგიის მისაღებად.

 “ვიცი, რომ ამ პროექტის იდეა სწორია,” – ამბობს გრიგოლ ლაზრიევი, სუფთა განვითარების მექნიზმის პროექტის კოორდინატორი გარემოს დაცვის სამინისტროში –  ”რადგან მოხდება სათბურის ეფექტის გაზების გამოყოფის შემცირება “.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი