საზოგადოება

საკვებისგან მოწამლული ოჯახი

8 აგვისტო, 2011 • 1372
საკვებისგან მოწამლული ოჯახი
წლინახევრის სანდრო ყაჭეიშვილი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა, ყოველ შემთხვევაში ამას ექიმები აცხადებენ. ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის რესპუბლიკური ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 13 მარტს სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს ტოქსიკური შოკი აღენიშნებოდა. პატარა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ხუთი საათის განმავლობაში იყო მიერთებული.
სანდროს გარდა საკვებით ოჯახის კიდევ ოთხი წევრი მოიწამლა. ოჯახის წევრების მტკიცებით, მოწამვლის მიზეზი “ბენზეს” ბაზარში ნაყიდი ყველია. ამ ყველით გამომცხვარი ხაჭაპური ერთადერთი საკვებია, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა იმ დღეს მიიღო, რის შემდეგაც ყველა მათგანს გულის რევა, ტემპერატურის მატება და სისუსტე აღენიშნებოდა.
– “ბავშვებმა ჭამეს პიურე, ქაში, მაგრამ უფროსებმა მხოლოდ ბავშვებთან ერთად ხაჭაპური შევჭამეთ, მე კუჭი მტკივა, ამიტომ ცოტას ვჭამ, მოწამვლაც ყველაზე იოლ ფარგლებში მე მქონდა”, – ამბობს გარდაცვლილის ბებია, ციური მახარაძე.
გარდაცვლილის დედა – ნატო ქიქავა ამბობს, რომ მის შვილს არაფერი ეშველება, ამიტომაც არც ექსპერტიზის ჩატარებას და არც ვინმესთვის ჩივილს არ აპირებს.
ბავშვის მამიდა – მაგდა ყაჭეიშვილი “ბათუმელებთან” მოგვიანებით, სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ პოლიცია ამ ფაქტითაა დაინტერესებული და თუ მშობლები თანახმა იქნებიან, ბავშვს ექსპერტიზა იმის დასადგენად ჩაუტარდება, რისგან გარდაიცვალა იგი.
ექიმების თქმით, სანდრო ყაჭეიშვილის სიკვდილის მიზეზი საკვები პროდუქტით მოწამვლა გახდა. იმავე დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ოჯახის კიდევ ოთხი წევრი მიიყვანეს. 
მთავარი ექიმის, ჯემალ დუმბაძის ინფორმაციით, პაციენტები საკვები პროდუქტისგან იყვნენ მოწამლულნი და გადასხმების გაკეთების შემდეგ ინფექციურიდან გაწერეს. ექიმის განმარტებით, იმის დასადგენად თუ რომელი საკვებისგან იყო ოჯახი მოწამლული, ცხედრის გაკვეთაა საჭირო:
– “პირნაღები მასის დათესვისგანაც შესაძლებელია ამის დადგენა, მაგრამ ამ პაციენტებს ეს ანალიზები არ ჩატარებიათ, ჩვენ რომ მოგვმართეს, ღებინება აღარ ჰქონიათ”.
უმთავრეს კითხვას – საკვებით მოწამვლის შედეგად გარდაცვალება რატომ შეიძლება დადგეს, პასუხი მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაეცემა.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი