საზოგადოება

თბილისის ტრანსპორტის იუბილე

10 მარტი, 2010 • • 4738
თბილისის ტრანსპორტის იუბილე

127 წლის წინ, თბილისში პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კონკა, ცხენებზე შებმული ოთხთვალა, გამოჩნდა. დღეს კი მის ფუნქციას ბოგდანის ტიპის  ე.წ. ყვითელი ავტობუსები ასრულებენ. ამ დროის მანძილზე ქალაქმა მრავალი სახის სატრანსპორტო საშუალება გამოსცადა.
თბილისის ტრანსპორტის ისტორია კი დღეს, ფოტოების დახმარებით მუზეუმ „ქარვასლაში“ გაცოცხლდა.

ქალაქის ტრანსპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა, დღეს მოეწყო. “ტფილისის ჰამქარს” გამოფენის ორგანიზებაში დაეხმარნენ ეროვნული არქივი, ფონდი“ღია საზოგადოება-საქარველო,“ მუზეუმი ქარვასლა.

თბილისის ტრანსპორტის განვითარების ისტორიის ამსახველი ფოტოსურათები ე.წ. “კურტნის მუშებით” იწყება.

ამ პროფესიის ადამიანები მე-19 საუკუნის თბილისში ტვირთის ყველაზე გავრცელებული გადამზიდები იყვნენ.Mმოხრილ წელზე შემოდგმული მართკუთხა საზიდარითა და მასზე დაწყობილი ბარგით ურთულეს ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.

თუმცა “ტფილის ქალაქის” “მთელი ინფრასტრუქტურა” მხოლოდ “კურტნის მუშებზე” არ იყო დამოკიდებული. ხმელეთის სატარანსპორტო ტრადიციულ საშუალებებს შორის მათ ცხენები, აქლემები და სახედრებიც კი უწევდნენ კონკურენციას. უკანასკნელთაგან ყველაზე დაჩაგრული სახედარი აღმოჩნდა. 1940-იან წლებში, კანდიდ ჩარკვიანის გადაწყვეტილებით, სახედრებით თბილისში შემოსვლა აიკრძალა.

მე-19 საუკუნის ტექნიკური პროგრესის ფონზე, ვერც აქლემები აღმოჩნდნენ კონკურენტუნარიანი. “ახალ დროებას” მხოლოდ ცხენებმა აუწყეს ფეხი. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში თბილისში ახლად გაჩენილ “დროშკების” (ერთცხენიანი ეტლები) სამართავად, მათ გამოიყენებდნენ. იმ დროს ერევნის მოედანი (ახლანდელი თავისუფლების მოედანი) ეტლების ცნობილი ბირჟა იყო. “დროშკების ბირჟა” კი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდებარეობდა.

საცხენოსნო ტრასპორტის განვითარებასთან ერთად, თბილისში ოთხთვალა_”ლინეიკა” ჩნდება. “ლინეიკას” კი ცხენებშებმული “კონკები” ავითარებენ. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში კონკამ პირველი მარშრუტი სადგურის მოედნიდან ვორონცოვის მოედნამდე გაიარა. თბილისის ფოტოსურათებზე შემონახულია რიყეზე, ვერის ხიდსა (გალაკტიონის ხიდი) და ვორონცოვის (საარბრიუკენის მოედანი) მოედანზე მოძრავი კონკები.

თბილისში სამდინარო ტრასპორტიც ყოფილა განვითარებული. მდინარე მტკვრის კლდოვან ნაპირებს შორის, ძველი თბილისის უბნებში ტივები დაცურავდნენ. სათევზაოდ გამოიყენებოდა ე.წ. “ნაუტიკები”- ტივის ფორმის სატრანსპორტო საშუალებები. 

ხიდების სიმცირის გამო, თბილისის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს, ზოგან ბორნები აკავშირებდნენ. 1911 წლამდე, მუხრანის ხიდის აშენებამდე მის მაგივრობას ბორანი სწევდა.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, თბილისში განსაკუთრებით პერსპექტიული სახმელეთო ტრანსპორტი გახდა. პირველი თაობის ავტომობილები თბილისის ქუჩებშიც დადიოდნენ.

ასე მაგალითად, კავკასიის უკანასკნელი მეფისნაცვლის საკუთრებაში არსებული ავტომობილი საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას ემსახურებოდა სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, რუსი სამხედროების შეიარაღებაში მყოფი “ჰარლეი დევიდსონის” ქართული ეროვნული არმიაც გამოიყენებდა.

მოტოციკლზე უფრო იშვიათობა, თბილისის ქუჩებში, ველოსიპედის ნახვა იყო. სამაგიეროდ, პროლეტარიატის ეპოქაში, განსაკუთრებით პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ტრამვაი იყო. ქარვასლაში ეროვნული არქივის მოწოდებული იშვიათი ფოტოსურათიც იყო გამოფენილი, სადაც ტრამვაის სახურავზეც კი არიან მგზავრები შემომსხდარი.

ელექტროტრამვაის პირველი ხაზი 1904 წელს გაიყვანეს. ტრამვაის მფლობელები ბელგიელი აქციონერები იყვნენ. თუმცა, თბილისის ტრამვაის თბილისის მოქალაქეები მართავდნენ. ელექტროტრამვაის პირველი ვატმანი მიხაკო ქაცარავა ყოფილა. ელექტროტრამვაი თბილისის ისტორიის ნაწილია. უკანასკნელი ტრამვაის ხაზი დიდუბესა და ავჭალას აკავშირებდა. იგი ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გაუქმდა.

ტრამვაის პოპულარობა მეტროს გაჩენასთან და მის განვითარებასთან ერთად გაქრა. პირველი მეტროსადგური თბილისში 1960-იან წლებში გაჩნდა. დღესდღეობით მასში 22 მეტროსადგურია და სარკინიგზო ხაზის სიგრძე 26, 4 კმ-ს შეადგენს.

მეტროპოლიტენისგან განსხვავებით, შიდასაქალაქო მგზავრობისთვის რკინიგზის გამოყენება არ იყო აპრობირებული მეთოდი საბჭოთა კავშირის დროს. მხოლოდ 2007 წელს აეროპორტისა და რკინიგზის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი აშენდა. 2009 წელს იგი ნავთლუღშიც ჩერდება (სამგორში) და დღეში 8-ჯერ მოძრაობს. 

უცხო ქვეყნის მთავრობის ნაჩუქარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცხო არ ყოფილა თბილისისთვის. თუ დღეს ნიდერლანდებისა და უკრაინის მთავრობების ნაჩუქარი მეორეული ავტობუსები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ქალაქის ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაში, საბჭოთა პერიოდში ათენის მერიის  ნაჩუქარი ტროლეიბუსები ასრულებდნენ შიდასაქალაქო მარშრუტს. აღმოჩნდა, რომ “შკოდას” წარმოების ტროლეიბუსი ყველაზე გამძლე ყოფილა.

მეოცე საუკუნის ბოლოს სცადეს თბილისში ორსართულიანი ავტობუსების ჩამოყვანა, თუმცა ისინი, სამარშრუტო ტაქსებთან შედარებით არაფექტური აღმოჩნდნენ.

გამოფენის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თქვა,რომ „ტფილისის ჰამქარი“ მხოლოდ გამოფენით არ შემოიფარგლება და თბილისის ტრანსპორტის ისტორიაზე წიგნსაც დაწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი