საზოგადოება

გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა შავი ზღვის სანაპირო ზონაზე

8 აგვისტო, 2011 • 3517
გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენა  შავი ზღვის  სანაპირო ზონაზე

შავი ზღვის სანაპირო ზონა საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ სამ მოწყვლად რეგიონს შორის ერთ–ერთია მეორე ეროვნული შეტყობინების  მიხედვით.

ეროვნული შეტყობინების მომზადება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის წევრ ყველა ქვეყანას ევალება. საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია 1994 წელს მოახდინა და როგორც განვითარებად ქვეყანას, ევალება ყოველ სამ წელში ერთხელ მოამზადოს ეროვნული შეტყობინება. გლობალური გარემოსდადაცვითი ფონდი კონვენციის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის დონორები განვითარებული ქვეყნები არიან და განვითარებად ქვეყნებს ეროვნული შეტყობინების მომზადებაში ფინანსურად ეხმარებიან.  

ამ  შეტყობინების მიხედვით, აიწია შავი ზღვის დონემ ხმელეთის მიმართ, მოიმატა  შტორმების ინტენსივობამ და შეიცვალა ზღვის სხვადასხვა ფენის ტემპერატურა– ეს გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენის შედეგია შავი ზღვის სანაპირო ზოლზე.

ადლია, აჭარა
ადლია, აჭარა

შტორმებისა და წყალმოვარდნების დროს ხშირია ადამიანთა მცხვერპლი, სტრესი, ტრავმები, ინფექციურ დაავადებათა გავრცელება– ნათქვამია შტყობინებაში.

სასოფლო–სამეურნეო ნიადაგების დამლაშება  ზარალს აყენებს მოსახლეობას, რომელიც სასოფლო მეურნეობით ირჩენს თავს. ამის გამო ხშირია ეკომიგრაცია.

შტორმებისა, წყალმოვარდნებისა და ნაპირის ჩარეცხვის შედეგად ხდება პლაჟების წარეცხვა და დეგრადაცია, რაც ცუდ გავლენას ახდენს ტურიზმზე.  

ანგარიშის მიხედვით, სოხუმში ზღვის ზედაპირის ტემპერატურა 1925 წლის შემდგე 0,6 გრადუს–ცელსიუსით შემცირდა, მაგრამ 1995–2006 წლებში როგორც ზღვის, ისე ჰაერის ტემპერატურა 1,0–1,5 გრადუს–ცელსიუსით გაიზარდა.

 რაც შეეხება ატმოსფეროს ტემპერატურას,  როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო წლიურმა ტემპერატურამ  3–5 გრადუსით მოიმატა. 

ტემპერატურა  გავლენას ახდენს ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებებზეც (როგორიცაა ლეიშმანიოზი, რომლის რიცხვი, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ყოველ წელს იმატებს).  კლიმატური ფატქორები გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებზეც, რომელთა მაჩვენებელი საქართველოში 65,5 პროცენტია, (მაჩვენებელი 100000 სულ მოსახლეზე – 637,5).

შეიცვალა ზღვის ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოც, რამაც გამოიწვია თევზის ზოგიერთი ჯიშების საარსებო გარემოს გადაადგილება და სარეწაო თევზის 70–80%–ით შემცირება.                                                                                                           

შავი ზღვის ტერიტორიაზე განლაგებული ქალაქები – ბათუმი, ფოთი და სოხუმი თავიანთი პორტებით, სუფსისა და ყულევის საზღვაო ნავთბტერმინალები და  ბათუმის აეროპორტი ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტულ–რეკრეაციული მეურნეობის ადგილებია. ამ გზით მოძრაობს საქართველოს ძირითადი საგარეო ეკონომიკური ტვირთები.  ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურის –  სარკინიგზო და საავტომობილო გზების ქსელის თითქმის 60% ზღვისპირეთს მიუყვება.

მეორე ეროვნული შეტყობინების მიხედვით, კლიმატური პირობების ცვლილება გავლენას ახდენს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარებაზე, მათ შორის, ტურიზმზე,   ბათუმისა და სოხუმის მონაკვეთებზე კი  – სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. 

მდინარე რიონის ქვემო დინების სეგმენტის სავარგულების 30–40% დატბორვა–ჩარეცხვის მუდმივი საფრთხის წინაშეა, რის გამოც  მოსახლეობის ნაწილი (დაახლოებით 5–7 ათასი კაცი) ზოგჯერ იძულებულია სხვაგან  ეძიოს საცხოვრებელი  და საარსებო გარემო.

კოლხეთის ეროვნული პარკი, რომელიც რიონის ქვედა ნაწილშია, წყალმოვარდნების დროს რამდენიმეჯერ დაიტბორა და დაზარალდა.

ზღვის დონის აწევამ მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა მოახდინა მეორე დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, პალიასტომის ტბაზე. ზღვის წყლის შემოჭრის შედეგად გაიზარდა ტბის წყლის მარილიანობა და თევზების ენდემური სახეობები ჩანაცვლდა ზღვის თევზების სახეობებით.

„კლიმატურ ცვლილებას სეროიზული გავლენა ექნება იმ სეგმენეტბზე, სადაც ანთროპოგენული (ადამიანის ხელით გამოწვეული) ან სხვა ბუნებრივი მოვლენის შედეგად დარღვეულია ბუნებრივი წონასწორობა,’’– ამბობს მარინა შვანგირაძე, მეორე ეროვნული შეტყობინების კოორდინატორი.                     

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი