საზოგადოება

ქართული ენა არაქართულენოვან სკოლებში

8 მარტი, 2010 • 2780
ქართული ენა არაქართულენოვან სკოლებში

განათლების კანონში შესული ცვლილების შემდეგ, არაქართულენოვან სკოლებში უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.  ამიერიდან სომეხ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უკვე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა, რის შემდეგაც ისინი ქართული ენის ერთწლიან კურსს გაივლიან. თუ რა მდგომარეობაა ქართული ენის სწავლების მხრივ არაქართულენოვან სკოლებში, ამის გასარკვევად “ნეტგაზეთი” თბილისის სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლებს ესტუმრა.

თბილისის 110–ე  სომხურ საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილი მიმდინარეობს. მე–12 კლასის მოსწავლე გოგონა კონსტანტინე გამსახურდიას  „დიდოსტატის მარჯვენის” ერთ–ერთ ფრაგმენტს ყვება, ცოტა დამტვრეული ქართულით, თუმცა საკმაოდ გარკვევით.

კლასის მოსწავლეთა უმეტესობამ ქართული ენა კარგად იცის. როგორც ამბობენ, უმაღლესი განათლების მიღება საქართველოში ურჩევნიათ. სომხეთში წასვლა მათთვის უფრო მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა, როგორც ქართული ენის მასწავლებელი ლუიზა მაკაროვა ამბობს, გასულ წელს რამდენიმე მოსწავლე სომხეთში გაემგზავრა სასწავლებლად:  „ზოგი აქ რჩება სასწავლებლად, ნაწილი სომხეთში მიდის. თითქმის თანაბრად არის. შარშანდელი გამოშვებიდან ორი საქართველოში დარჩა და აქ სწავლობს, ორი კი  გაემგზავრა და სწავლობს ერევანში.’’

მარიანა არაქელიანი მე–12 კლასის მოსწავლეა. სწავლის გაგრძელებას ქართულ უმაღლეს სასწავლებელში ამჯობინებინებს, ინგლისური ენის განხრით:  „ვფიქრობ, განათლების ახალი კანონი კარგია მათთვის, ვინც ქართული ენა კარგად არ იცის. მე ალბათ სომხურ ენაზე ჩავაბარებ ზოგადი უნარების გამოცდას. ბოლომდე ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი’’.

არუთინ ხოცარიანიც მე–12 კლასის მოსწავლეა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რომელ სპეციალობაზე ჩააბარებს: „ჩემთვის ორივე ენაზე მოსახერხებელია. როგორც ქართული,  ასევე  სომხური’’.

კლასში ორი მოსწავლე ბიჭია. სხვებთან შედარებით ქართულ ენას ცუდად ფლობენ. ერთი ნინოწმინდადან არის, მეორე თეთრიწყაროდან: „ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი სად ჩავაბარებთ. ზოგადი უნარების გამოცდას ალბათ სომხურ ენაზე ჩავაბარებთ“. მასწავლებელი, ლუიზა მაკაროვა ამბობს,  რომ ქართული ენა უჭირთ, თუმცა ქართულად კითხულობენ და კითხვებზეც პასუხობენ.

110 –ე სკოლაში ქართულ ენას პირველივე კლასიდან ასწავლიან. მას კვირაში სამი საათი ეთმობა, თუმცა სახელმძღვანელოების პრობლემაა.  სომეხი მოსწავლეებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელო მხოლოდ პირველი და მესამე კლასებისთვის არის. ლუიზა მაკაროვა ამბობს: „დანარჩენ კლასებში ძველი წიგნებით ვმუშაობთ. ქართული სკოლის სახელმძღვანელოებიდან ვიღებთ მასალას და ვამატებთ’’. მისი თქმით შემოსულ მოსწავლეებს არ უჭირთ ქართულად საუბარი: „ პირველივე კლასიდან რომ შემოდიან, მეტყველება არ უჭირთ. გასულ წლებთან შედარებით იგრძნობა, რომ უკეთესად ფლობენ  ქართულ ენას. ეს ალბათ იმის შედეგია, რომ ქართულ სატელევიზიო გადაცემებს უყურებენ, კონტაქტი აქვთ ამხანაგებთან უბანში, წინსვლა იგრძნობა და დაინტერესებულებიც არიან “.

წელს  110–ე  სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ოლიმპიადაშიც მიიღეს მონაწილეობა. „თორმეტი ბავშვი გადავიდა  მეორე ტურში. ეს ძალიან კარგი შედეგია ჩემი აზრით. რაც შეეხება სახელმძღვანელოებს, ყველა კლასში არა, მაგრამ წელს მივიღეთ წიგნები ისტორიაში, ქიმიაში, გეოგრაფიაში. დაახლოებით 70% სახელმძღვანელოებისა უკვე მიღებული გვაქვს.“–ამბობს ენოქ ტატევოსიანი, 110–ე  სკოლის დირექტორი.

თბილისში სულ ორი აზერბაიჯანული სკოლაა. მათგან ერთ–ერთი, 64–ე სკოლა საბურთალოზე მდებარეობს. სკოლაში სამი სექტორია  – ქართული, რუსული და აზერბაიჯანული. აზერბაიჯანულ სექტორში სულ 135 მოსწავლეა. მოსწავლეები ძირითადად ვეძისის დასახლებიდან არიან. სკოლაში ქართული ენის სწავლებას ასევე სამი საათი ეთმობა და იგი პირველივე კლასიდან ისწავლება.

სკოლის დირექტორს, ეკა გურგენიძეს მე–11 კლასის მოსწავლეებთან შევყავარ.  კლასში სულ ცამეტი მოსწავლეა. მათი უმეტესობა პირველივე კლასიდან აქ სწავლობს. ნაზილა რუსამოვაც მეთერთმეტე კლასშია. ინტერვიუს დროს ცოტა ნერვიულობს და კითხვებზეც მოკლედ მპასუხობს. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას საქართველოში აპირებს: ,,ჩემთვის უფრო სასურველია აზერბაიჯანულად ჩავაბარო ზოგადი უნარების გამოცდა, მომავალ სპეციალობაზე კი ჯერ არ მიფიქრია”.

მასწავლებლის კითხვაზე, სურთ თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა, ხელს ყველა მაღლა წევს.  სწავლის გასაგრძელებლად ქართულ სასწავლებლებს ამჯობინებენ.

,,რამდენიმე წელიწადია არ გამიგია, რომ ბაქოში წასულიყვნენ სასწავლებლად, აქ აბარებენ, ისეთი გამოშვება არ გვყავს მე–11 კლასელების, რომ არ ჩააბარონ, 5–6   მოსწავლე ყოველთვის აბარებს.” – აცხადებს აზერბაიჯანული სექტორის ხელმძღვანელი გულნაზი აგაევა და ამატებს, რომ მისი სკოლის ზოგიერთი კურსდამთავრებული იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტში მუშაობს.

როგორც ქალბატონი გულნაზი ამბობს, სკოლაში  სახელმძღვანელობთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ. მოსწავლეები საქართველოში დაბეჭდილი წიგნებით სწავლობენ.

,,ბავშვები, რომლებიც დადიან ბაგა–ბაღში, მათ ქართული იციან. იმ დონეზე არა, როგორც ქართველმა ბავშვებმა, მაგრამ ჩვენი მასწავლებლები ფლობენ აზერბაიჯანულ ენას. თუ მოსწავლემ ვერ გაიგო რამე სიტყვა, მოსწავლე ეუბნება აზერბაიჯანულად.”

სკოლის დირექტორი ეკა გურგნიძე ამბობს, რომ ზოგიერთი აზერბაიჯანელი უკვე ქართულ სექტორზე სწავლობს: ,,ისეთი ოჯახებიც გვხვდება, რომ ბავშვები შეყავთ ქართულ სექტორზე.  რომ შეხვიდეთ ქართულ სექტორზე, იქაც შეგხვდებიან აზერბაიჯანელები, რომლებიც სწავლობენ ქართულად.”

ინტერვიუს დასრულებისას ქალბატონი ეკა და გულნაზი აგაევი განსაკუთრებით იმ ერთ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ სკოლაში არასდროს ყოფილა კონფლიქტის შემთხვევა აზერბაიჯანელ და ქართველ  მოსწავლეებს შორის და მათ შორის კარგი ურთიერთობაა. ბავშვებიც აღნიშნავენ, რომ ქართველ მოსწავლეებთან მეგობრობენ და მათთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი