საზოგადოება

ილარიონოვი: გლობალური დათბობა მითია

25 თებერვალი, 2010 • 2229
ილარიონოვი: გლობალური დათბობა მითია

24 თებერვალს, სანამ რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე და ეკონომისტი, პუტინის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი “თავისუფალ უნივერსიტეტში” ლექციის წაკითხვას დაიწყებდა, იქ მისულ საზოგადოებას, კახა ბენდუქიძემ მიმართა და სთხოვა, კიდევ ცოტა ხანს დაეცადა, რადგან ილარიონოვს შეაგვიანდებოდა.

ლექცია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. დაახლოებით ასკაციანი დარბაზი სავსე იყო. ლექციის თემა -“მითი გლობალური დათბობის შესახებ”.

ილარიონოვმა კახა ბენდუქიძეს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის, მერე კი საზოგადოებას ამცნო, რომ კახა ბენდუქიძესთან მუშაობა კომფორტული იყო მისთვის:  “კახას წამოსვლის შემდეგ, ყველამ დანაკლისი ვიგრძენით.”

კლიმატური პრობლემებით დაინტერესება კი, როგორც ილარონოვმა თქვა, 2001 წლის ივნისში დაიწყო, როცა დიდი რვიანის შეხვედრის ფარგლებში კოიტოს პროტოკოლის (გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენცია) რატიფიცირების განიხილავდნენ. მაშინ ის ამ შეხვედრას, როგორც პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ისე ესწრებოდა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რატიფიცირებას მხარს არ უჭერდა, აშშ იყო, “მე შოკირებული ვიყავი იმის გამო, რომ ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა აშშ-ს პრეზიდენტს, ამის გამო, ორი საათის განმავლობაში ნამდვილი ბუნტი მოუწყო. ბუში კი, მშვიდად იმეორებდა, რომ ეს მათთვის ხელსაყრელი არაა”.  

ილარიონოვმა თქვა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით შეიქმნა  სამუშაო ჯგუფი, რომელშიც, კლიმატის საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა რუსი მეცნიერები შედიონენ. ჯგუფს გლობალური დათბობობის შესახებ საკუთარი გამოძიება უნდა დაეწყო.

 ილარიონოვის თქმით ამ ჯგუფმა სრულიად საპირისპირო მონაცემები აღმოაჩინა: “ამ თემით დაინტერესებულებს ეცოდინება, რომ არსებობს მსოფლიოში კლიმატური ცენტრების მიმოწერა. ამ მიმოწერით მიხვდები, თუ როგორ იქმნება სამყაროში მითები და რა მეთოდებს მიმართავენ ამისთვის. როგორც გაირკვა,Fფალსიფიცირებული იყო ბევრი მონაცემი, ან უბრალოდ 21-ე საუკუნეში იყენებდნენ 1852-1856 წლების კლიმატურ მონაცემებს, დიახ, არ მოგესმათ, ნამდვილად ამ წლების იყო. მიმოწერა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მონაცემები გაყალბებულია”.

 “ვის აძლევს ხელს ამ მითების შექმნა, რასთან გვაქვს საქმე? –კითხვას დარბაზიდან ილარიონოვმა ასეთი პასუხი გასცა:

 ”ესაა მსოფლიოს Yყურადღების კონცენტრირება და ამით თემით მუდმივი მანიპულირება”. როცა ადამიანთა ჯგუფები ამბობენ, რომ წინ მსოფლიო კატასტროფაა, რა თქმა უნდა მსოფლიოს ყურადღებას გამოწვევს. ასევე, ამ დროს ქვეყნებს შორის ნაწილდება კვოტები. აქ ძალიან ბევრი რესურსი იყრის თავს. მათ შორის ფულადი. მუდმივად იზრდება, თითქოს ეკოლოგიურად დაუბინძურებელი, საკვების ფასი. არსებობს ასევე, ამაში იდეოლოგიურად დაინტერესებული გჯუფებიც”. 

მან ბევრი ისაუბრა იმაზეც, რომ ჰაერის ტემპერატურა ზოგადად განიცდის ცვლილებას, და რომ არსებობს 11, 60-65-70 წლიანი, 1000 და 100 000 წლიანი ციკლები. “ის ვინც ამტკიცებს, რომ დღევანდელი ტემპერატურა, ბოლო 600 წლის მანძილზე, ყველაზე მაღალია. შეიძლება არც შეედავო, უბრალოდ პლანეტის სიცოცხლისთვის 600 წელი, არაფერია. დასკვნების გამოტანაც მართებული არაა. თუ პრობლემა ნადვილად არსებობს, მაშინ 1998-2010 წლის პირველი ნახევრის კლიმატს თუ დავაკვირდებით, საპირისპიროში დავრწმუნდებით”.  

ილარიონოვმა, ყველა, ვისაც სიცხე აწუხებს, ურალში დაპატიჟა, და ამით შეეცადა აეხსნა ის, რომ ადამინისთვის კლიმატის ცვალებადობა სასიკვდილო სულაც არაა. რადგან ახლაც, მაგალითად, რუსეთიდან, სადაც -22 –იც შეიძლება იყოს, ხალხი დუბაიში მიფრინავს, +25 გრადუსზე გასათბობად.

იმ ადამიანთა ჯგუფების საყურადღებოდ კი, რომელებიც მოითხოვენ, რომ გლობალური დათბობის შეწყვეტის მიზნით, მსოფლიოში უნდა შეწყდეს სხვადასხვა ტიპის ნახშირორჟანგის გამოყოფა, თქვა, რომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს მსოფლიო ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტას გამოიწვევს, რადგან მსოფლიო ბუნებრივი ენერგიების მასობრივად გამოყენების საშუალებას არ იძლევა. საუბარში კახა ბენდუქიძეც ჩაერთო –“ თუ ყველა ეს ნორმა დაცული იქნება, მათი აზრით ეს მაინც არაა საკმარისი, იმისთვის რომ გლობალური დათბობა შეჩერდეს.”

იმათ, ვინც ამ ბრძოლაშია ჩართული ილარიონოვმა ”მწვანე ალარმისტები” უწოდა, და თურმე “მწვანე უმეცრების” იდექსიც ჰქონია შექმნილი. მან გაიხსენა, ასევე, რომ ობამამ, ერთ-ერთი თავის გამოსვლის დროს, CO2  როგორც მომწამვლელი აირი, ისე ახსენა, მაშინ როდესაც, ეს არცერთ ქიმიურ სარჩევშიც კი არაა აღნიშნული.

ილარიონოვთან შეხვედრაზე კონტრარგუმენტები გლობალური დათბობის საკითხისადმი არავის წარმოუდგენია.

ლექცია ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბოლოს, ერთ-ერთმა სტუდენტმა, თქვა, რომ ლონდონში ახალგაზრდულ კონფერენციაზე მონაწილეობდა, სადაც ერთ-ერთ პრიოტიტეულ თემად სწორად გლობალური დათბობის თემას განიხილავდენ.  ილარიონოვმა მასაც, ხუმრობით, “მწვანე ალარმისტი” უწოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი