საზოგადოება

მზიური, ვერე და მაგისტრალი

23 თებერვალი, 2010 • 2361
მზიური, ვერე და მაგისტრალი

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის გამზირის შემაერთებელი ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა კვლავ გრძელდება. გზატკეცილმა მზიურის პარკში უნდა გაიაროს. ეს კი დამატებით კითხვებს აჩენს ისედაც ბუნდოვანი პროექტის ირგვლივ.
ორგანიზაციის ‘მწვანე ალტერნატივა“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძეს დღემდე არ უნახავს მაგისტრალის გეგმა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას „საქგზამეცნიერება“გასული წლის ივლისში უნდა წარედგინა.

მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ გზის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს:

„დარღვევა არის ის, რომ პროექტი ვერ მოვიპოვეთ. თან ხაზავენ და თან ახორციელებენ პროექტს, რაც ძალიან პრობლემატურია. გამოვითხოვეთ არქიტექტურული სამსახურის ნებართვა, რომელიც არ მოუწოდებიათ და არ ვიცი ეს ნებართვა არსებობს თუ არა”.

ასევე უცნობია, არსებობს თუ არა     გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი. მანანა ქოჩლაძის ორგანიზაციამ მიმართა თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიეწოდებინათ ეს დოკუმენტი. თბილისის მერიამ მოთხოვნას უპასუხა, რომ შიდასაქალაქო გზების მშენებლობას ასეთი დასკვნა არ სჭირდება, გარემოს დაცვის სამინისტრომ კი მერიის საწინააღმდეგო პასუხი გასცა.

ორი სახელმწიფო ინსტანციის პასუხზე რეაგირებისთვის ორგანიზაციამ გარემოს დაცვის ინსპექციას მიმართა. ამ უკანასკნელმა კი ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მოიწერა:

„თვითონ გარემოს დაცვის ინსპექციას განმარტება არ გაუკეთებია, რომელ წერილს უნდა დავეყრდნოთ. ჩვენ ასეთი წერილები მანამდეც გვქონდა. თუმცა მათ მიაჩნიათ, რომ საქმე უკვე დახურეს, მაგრამ ძალიან გაურკვეველია რაზეა საერთოდ საუბარი“ – საუბრობს მანანა ქოჩლაძე.

ამიტომაც, ორგანიზაციას უჭირს ზუსტად განსაზღვროს ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა ამ მაგისტრალის აშენებამ გამოიწვიოს. „ჰიპოთეტურ საშიშროებათა“ ნუსხაში მანანა ქოჩლაძე ასახელებს მდინარე ვერს დაკარგვას:
„მდინარის დაკარგვა არ ნიშნავს მარტო იმას, რომ  მდინარე აღარ იარსებებს. ის არ გაქრება არსად, ამის იმედი ნურავის ნუ აქვს, მაგრამ იპოვნის ახალ კალაპოტს. რამაც ზედმეტი ზიანი შეიძლება შეუქმნას მოსახლეობას… ჩადგეს წყალი შენობების საძირკველში.“

თუ კი გავითვაკლისწინებთ იმას, რომ „თბილისი მთლიანად წყალზე დგას“, მდინარე ვერეს კოლექტორებში „:შებოჭვამ“ მდინარის წყალმარჩხობისა თუ წყალმცირობის დროს დამატებითი პრობლემებიც შეიძლება შექმნას.  
ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც „მწვანე ალტერნალტივამ“ მიიღო ეს იყო მდინარე ვერეს ხეობის ეკოლოგიური ანგარიში. ანგარიშში საუბარია მდინარე ვერეს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლის გამოსასწორებლადაც თბილისის მერია კოლექტორების აშენებას აპირებს.

მანანა ქოჩლაძეს ეს საკმარისად არ მიაჩნია, რადგან მდინარე ვერე მზიურიდან არ იწყება და მისი დაბინძურება მაღალი დონეებიდან მოდის, დაბალი დონეების გაწმენდა კი არაეეფქტური ან უშედეგო იქნება.

“მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელს უკვირს, რომ თბილისის გენერალურ გეგმაში არ იყო მოხსენიებული ასეთი მასშტაბური პროექტი, რომლის დასაფინანსებელი ხარჯი დაუდგენელია.

მანანა ქოჩლაძის ორგანიზაციამ ვერ შეძლო რაიმე „ხელჩასაჭიდი“ ეპოვნა მერიის ქმედებაში. რადგან თბილისისი საკრებულომ მზიურს მოუხსნა რეკრეაციული პარკის ფუნქცია.

„ზოგადად, ისე ცდილობენ ყველაფერს რეგულირება მოაცილონ, რომ არ ექვემდებარებოდეს გარემოს ზემოქმედების შეფასებას“– ამბობს მანანა ქოჩლაძე.

ამის გარდა, ირღვევა ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებები და იმათიც, ვინც მზიურის პარკს დასასვენებლად იყენებენ.
ჯერ კიდევ სექტემბერში სოციალურ ქსელ facebook–ზე შეიქმნა ჯგუფი „გადავარჩინოთ მზიური“, რომელშიც დღეს გაწევრიანებულია 1800 ადამიანამდე. ისინი გასულ შაბათს შეიკრიბნენ მზიურის პარკში და არლეკინის ძეგლთან საუბრობდნენ მზიურის გადარჩენის გზებზე.

ისინი აპირებენ, რომ  მერიიდან გამოითხოვონ მაგისტრალის მშენებლობის გეგმა და ასევე შეეწინააღმდეგონ მზიურის ტერიტორიაზე მსგავსი გეგემის განხორციელებას. სურთ, რომ მოსახლეობაში გაავრცელონ ინფორმაცია საინფორმაციო სტიკერების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი