საზოგადოება

სამკერვალო ფაბრიკა ჩვიდმეტმა თანამშრომელმა დატოვა

10 თებერვალი, 2010 • 2453
სამკერვალო ფაბრიკა ჩვიდმეტმა თანამშრომელმა დატოვა

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკა BTM-ის 17-მა კონსულტანტმა სამსახური დატოვა. გოგონები მძიმე სამუშაო პირობების გარდა მენეჯერების დამოკიდებულებასაც აპროტესტებენ. გუშინ, მორიგი ინციდენტის შემდეგ, ფაბრიკის ხელმძღვანელებთან შეხვედრიდან გამოსულმა თანამშრომლებმა შენობის წინ აქცია მოაწყვეს.

პროტესტი პრობლემის მენეჯერის მეთოდით გადაჭრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია: “დღეს მენეჯერმა მაღაზიის დალაგება მოგვთხოვა. გვითხრა, რომ ეს მოთხოვნა იყო და ვინც მას არ შეასრულებდა, სამსახურს დატოვებდა. უარი ვთქვით. როცა ჩვენი უშუალო უფროსი ვერაფერს გახდა, ზემდგომ თანამდებობის პირს შევხვდით. იგავებით დაგვიწყო ლაპარაკი. მისი ნათქვამით, დამსაქმებელს კი არა ხელმწიფეს ველაპარაკებოდით. მართლა მონებივით გვექცევიან”.

მენეჯერის, მექილ იანლლის მიერ იგავებით გამოთქმული შენიშვნა თანამშრომლებმა შეურაცხყოფად მიიღეს. სამსახურის დატოვების საბოლოოდ გადაწყვეტილების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე აღშფოთებული ყვება მენეჯერის მიერ არაკით გამოთქმულ განმარტებას: “ერთმა ხელმწიფემ თავის ვეზირს იმ ქვეშევრდომის დასჯა მოსთხოვა, რომელიც აწუხებდა. ვეზირმა ქვეშევრდომს თავი წყალში ჩააყოფინა და დახრჩობის პირას მიიყვანა. ხელქვეითს მას შემდეგ უკმაყოფილება აღარ გამოუთქვამს”.

ამ “განმარტების” შემდგომ შეურაცხყოფილმა თანამშრომლებმა სამსახურის დატოვება გადაწყვიტეს. 22 კონსულტანტიდან მხოლოდ ხუთი დათანხმდა იმ პირობებს, რაც ფაბრიკის ადმინისტრაციამ დააწესა.

სამუშაო დღე BთM-ის მაღაზიაში დილის ცხრა საათზე იწყება და საღამოს რვა საათზე მთავრდება. ზამთრის დადგომამდე სრული 12 საათი იყო სამუშაო განაკვეთი. კონსულტანტებს უნიფორმით ყოფნა ევალებოდათ. დარბაზში ცივა, ამიტომაც მხოლოდ თხელი მაისურის ამარა ყოფნა მათთვის რთული იყო. კადრების განყოფილების უფროსის _ ნანა კლდიაშვილის თქმით, თბილი ზამთრის გამო დარბაზის ფანჯრები თითქმის ყოველთვის ღიაა და ამიტომაც გამორთეს გათბობა. ამის მიუხედავად, როგორც ის ამბობს, ადმინისტრაცია არავის უკრძალავდა გათბობის ღილაკის ჩართვას.

ადმინისტრატორის ეს ინფორმაცია კონსულტანტებმა არ დაადასტურეს. ნანა კლდიაშვილმა კომენტარზე უარი განაცხადა, მაგრამ პირად საუბარში იგი ირწმუნება, რომ ფაბრიკაში თანამშრომლების შრომითი უფლებები არ ირღვევა: “აქ ყველაფერი კანონის სრული დაცვით ხდება… ნამდვილად არ მჭირდება შუამავალი არც პროფკავშირების და, მითუმეტეს, არც მედიის სახით. პირობების გადახედვას არ ვაპირებთ. თუ სურთ სამუშაოზე დაბრუნება, მოვიდნენ, თუ არა და 250 კაცია რეზერვში”.

გაფიცვის დღეს ფაბრიკის მაღაზიაში, ძირითადად, ადმინისტრაციის და დაცვის თანამშრომლები მუშაობდნენ. ამასთან, კადრების მენეჯერი ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად სამსახური არა 17-მა, არამედ შვიდმა ადამიანმა დატოვა.
რაც შეეხება პრეტენზიებს, გოგონები ამბობენ, რომ მათ მთელი დღე ფეხზე დგომა უწევთ. დარბაზში მხოლოდ ერთი სკამია, რაზეც თანამშრომლებს მონაცვლეობით, რამდენიმე წუთით, შეუძლიათ ჩამოჯდომა. ისინი არც კვების ხარისხით არიან კმაყოფილნი: “ფაბრიკის 600 თანამშრომელი როცა გამოიკვებება, მერე გვაძლევენ ჭამის უფლებას. ზოგჯერ, რომ გააბევრონ, საჭმელს წყალს ასხამენ”.

ფაბრიკის თანამშრომლები კვირაში მხოლოდ ერთ დღეს და კიდევ დღესასწაულებზე ისვენებდნენ. კადრების მენეჯერი ამბობს, რომ ამ პირობებს ეს ადამიანები სამსახურში მოსვლის დროს დათანხმდნენ და გაუგებარია, ახლა რას აპროტესტებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი