საზოგადოება

მზარდი შიდსი საქართველოში

17 იანვარი, 2011 • 1793
მზარდი შიდსი  საქართველოში

სახელმწიფომ შიდსთან ბრძოლის ახალი, 2011-2015 წლების სტრატეგია აამოქმედა, რომლის მიზანია, შიდსზე გამოკვლევა ჩაუტარდეთ არა მხოლოდ რისკ-ჯგუფებს.

მიმდინარე წლის 14 იანვრის მონაცემით, საქართველოში შიდსის ვირუსით დაინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ეს ციფრი 6 ერთეულით აღემატება გასულ წელს ამავე პერიოდში გამოვლენილ შიდსის შემთხვევებებს, ამბობს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომდგენელი, მედიცინის დოქტორი, ექიმი-კონსულტანტი მაია ცინცაძე.

მის მიერ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წელს დაინფიცირებული 11 ადამიანიდან -7 მამაკაცი და 4 ქალია.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის  მონაცემის მიხედვით, 7 ადამიანი ნარკოტიკების მოხმარების შედეგად, 3 -ჰეტეროსექსუალური  და ერთი -ჰომოსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა.

”11– დან 3 გარდაიცვალა”. -აღნიშნულია ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის განყოფილების გამგე ფატი გაბუნია ამბობს, შიდსის გავრცელება მთელ მსოფლიოში მზარდია.

”თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა ბოლო წლების განმავლობაში მიაღწიეს გარკვეულ ზღვარს-ეს მაჩვენებელი ერთ დონეზეა შეჩერებული”, -ამბობს ფატი გაბუნია.

გაბუნია შიდსის ზრდადობის ტენდენციას საქართველოში ნარკომანიის გავრცელებას უკავშირებს.

”იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე მეტადონით ჩანაცვლების და შპრიცების გაცვლის პროგრამები არსებობს, ეს არაფერს ცვლის რეალურად, რადგან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში კიდევ უფრო მეტი ჩანაცვლებითი თერაპიები და შპრიცების  გაცვლის პროგრამებია ,”-ამბობს ფატი გაბუნია.

მეორე ფაქტორს, რის გამოც საქართველოში შიდსით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა, გაბუნია ხსნის იმით, რომ  ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობს უსაფრთხო სექსის გაგება და პრეზერვატივის გამოყენების კულტურა.

”ამას ემატება ჩვენს მეზობელ უკრაინაში და რუსეთში შიდსის მაღალი მაჩვენებლი. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ იქ არის წასული”, -ამბობს გაბუნია.

39 წლის ელენა ჰეპატიტის ერთ -ერთი ფორმით არის დაავადებული. როგორც ირწმუნება,  ნარკოტიკი არ მოუხმარია, ასევე გამორციხავს სქესობრივი გზით ჰეპატიტით დაავადებასაც.  

”დარწმუნებული ვარ,  სილამაზის სალონში მანიკურის გაკეთების დროს დამაინფიცირეს. იმდენი ნამდვილად არ მაქვს, რომ ძვირდაღირებულ სალონებში ვიარო. ამიტომ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ იქ დავინფიცირდი”,-ამბობს ელენა.

”თეორიულად, შანსი იმისა, რომ კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებთან იყოს დაკავშირებული დაინფიცირება, რა თქმა უნდა, არსებობს. თუმცა, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში კვლევებით ასეთი რამ დადასტურებული არ არის”, -ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, გადადების რისკებს შორის ჩამონათვალში არსებობს დეფინიცია – დაუდგენელი. ასეთ დროს პაციენტები დარწმუნებული არ არიან, სქესობრივი გზით დაინფიცირდნენ, თუ კოსმეტოლოგიური ან სხვა სამედიცინო მანიპულაციების შედეგად. ამის დადგენა, როგორც ფატი გაბუნია ამბობს, თითქმის შეუძლებელია.

გაბუნიას თქმით, თუ სტერილიზაციის სტანდარტები დაცულია, მაშინ რისკიც ათარ იარსებებს, რომ ადამიანი კოსმეტოლოგიური მანიპულაციების, ტატუირების ან  პირსინგის დროს დაინფიცირდება.

”არა მხოლოდ შიდსის, ნებისმიერი ინფექციის გადადების შანსი არსებობს იქ, სადაც სტერილიზაციის სტანდარტები დაცული არ არის”, -ამბობს ფატი გაბუნია.

ქვეყანაში არ არის სამსახური, რომელიც კოსმეტოლიგიურ დაწესებულებების ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს.

ფატი გაბუნია დასავლეთის ქვეყნებში შიდსის დაავადების ზრდის ტენდენციის შეჩერებას კიდევ სხვა ფაქტორებით ხსნის – პროფილაქტიკური და საგანმანათლებლო პროგრამები, მასმედიის ჩართულობა, სოციალური რეკლამები, ლექციები და საყოველთაო გამოკვლევები.

”ჩვენთან მხოლოდ რისკ ჯგუფების გამოკვლევები ხდება, ჯერჯერობით”,-აღნიშნავს გაბუნია.

2011 წელს სახელმწიფომ შიდსთან ბრძოლის ახალი, 2011-2015 წლების სტრატეგია აამოქმედა. სტრატეგიის მიზანია შიდსზე გამოკვლევა არა მხოლოდ რისკ-ჯგუფებისათვის.

თუ 1994 წლიდან დღემდე უფასო იყო გამოკვლევა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებისათვის, და ამ რისკ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებლები, მათი სქესობრივი პარტინორები, ჰეპატიტებით დაავადებულები, კომერციული სექს-მუშაკები შედიონდნენ, ახალი სტრატეგიის შესაბამისად, კლინიკური ნიშნების მიხედვით, სტაციონარში მოხვედრილი ყველა პაციენტი უნდა გამოიკვლიონ. 

 ”თუ ადამიანს აქვს გაკეთებული აბორტი, აქვს დაუცველი სქესობრივი კავშირები, აქვს გაკეთებული ტატუირება და პირსინგი, ოდესმე გადაესხა სისხლი, გამოკვლევა მათთვისაც უფასო იქნება.

ახალი სტრატეგიის მიზანი უფრო მეტი ადამიანის გამოკვლევა და შიდსის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში-კონსულტირება-ტესტირებისათვის სახელმწიფომ 679 ათას 650 ლარი გამოყო.

1989 წლიდან 2011 წლის 14 იანვრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 2 ათას 702 შემთხვევა. აქედან, 1996 მამაკაცი და 706 ქალია. დაინფიცირებულთა უმრავლესობა 29-39 წლამდეა. დაინფიცირებულებიდან შიდსი 1430 პაციენტს განუვითარდა. 576 გარდაიცვალა. ამჟამად მკურნალობას  830 პაციენტი იტარებს, მათგან -34 ბავშვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი