ცილისწამება და ზიზღი თბილისში: ამომავალ პოლიტიკურ ვარსკვლავს საქართველოში ტალახს ესვრიან

თბილისის ცენტრალურ გამზირზე დიდი კუსტარული სარეკლამო ბანერი დგას, რომელზეც ირაკლი ალასანიას და მისი მეუღლის, ნათიას ფოტოებია გამოსახული. უკან კი ფონად არა თბილისის, არამედ მანჰეტენის ბრჭყვიალა ჰორიზონტი მოსჩანს

ბრაიან ვაითმორი, Radio Liberty, თარგმანი: ForeignPress.ge
თბილისის ცენტრალურ გამზირზე დიდი კუსტარული სარეკლამო ბანერი დგას, რომელზეც ირაკლი ალასანიას და მისი მეუღლის, ნათიას ფოტოებია გამოსახული. უკან კი ფონად არა თბილისის, არამედ მანჰეტენის ბრჭყვიალა ჰორიზონტი მოსჩანს.

გაკვირვებულ გამვლელებთან, რომლებიც ამ ბანერს  აკვირდებიან, ტელე-ჟურნალისტი მიდის და ერთადერთ კითხვას უსვამს – ”უნდა ცხოვრობდეს თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი ნიუ-ორკში?”

ერთმა ქალმა მას უპასუხა, რომ არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან ”მისი ყურადღება გაიფანტება”, არადა მისი ”გული და გონება აქ უნდა იყოს კონცენტრირებული”. ამ დროს მამაკაცი ერთვება – ”უკეთესი იქნება თუკი მას ცოლი მხარში ამოუდგება და მასთან ერთად იაქტიურებს”.

ფრაგმენტი, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან დაახლოებული კერძო არხის ”რეალ ტივი”-ს ეთერში გავიდა, იმ სატელევიზიო გადაცემის ნაწილია, რომელიც შობამდე ცოტა ხნით ადრე გადაიცა და სადაც  ალასანიას, თბილისის მერის არჩევნების მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს შეუტიეს. გადაცემამ ირაკლი ალასანია, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, კოსმოპოლიტად და ელიტის წარმომადგენლად წარმოაჩინა, ადამიანად რომელიც ამჯობინებს ოჯახი ნიუ-იორკში, კარგ პირობებში აცხოვროს, რაც ჩვეულებრივი ქართველი ამომრჩევლებისთვის მიუწვდომელია.

– ”გლობალური მეგაპოლისი (ნიუ-იორკი) ახლა შობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება და როგორც სჩანს ალასანიას ოჯახი გამონაკლისი არ არის”, – ისმის ხმა კადრს მიღმა, რომელზეც ნიუ-იორკის საცხოვრებელ სახლში ბინის კარია გამოსახული და მას ალასანიას სახელი აწერია.

– ”ალასანიას ცოლი და მისი შვილები ამერიკულ ოცნებაში უკვე 11 თვეა ცხოვრობენ და როგორც სჩანს შეერთებული შტატები მათთვის საცხოვრებლად ყველაზე სასურველ ადგილად რჩება”.

გადაცემამ, რომელიც ერთ-ერთია იმ გადაცემებს შორის, რომლებსაც ალასანიას მხარდამჭერები მისი რეპუტაციის შელახვის ღია კამპანიად აღწერენ, კონტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოტოვა. როდესაც ალასანია გაერო-ს ელჩის თანამდებობიდან გადადგა, სადაც ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და თბილისში 2008 წლის დასასრულს პოლიტიკაში ჩართვის მიზნით დაბრუნდა, არ მოისურვა მის მცირეწლოვან შვილებს ის საჯარო სკოლა მიეტოვებინათ რომელშიც მანამდე სწავლობდნენ. ამიტომ, ალასანიას მეუღლე და შვილები შეერთებულ შტატებში რჩებიან.

თბილისის მერის არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი და ბრძოლა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის, გაორმაგებული ძალით გაჩაღდა, თუმცა სათამაშო მოედანზე არასასურველი პირობებია. დღევანდელი მერი გიგი უგულავა, სააკაშვილის ახლო მოკავშირე და მმართველი პარტიის ”საქართველოს ნაციონალური მოძრაობ”-ის წევრი, საქართველოს პრო-სახელისუფლო მედიაში ფართოდ და პოზიტიურად შუქდება. ეს მედია-საშუალებები უგულავას რეგულარულად ქალაქის კომპეტენტურ, პრაქტიკულ მმართველად წარმოაჩენენ.

ამის საპირისპიროდ, იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც ალასანია ტელევიზიით ჩნდება, მას როგორც წესი აბუჩად იგდებენ. ინტერვიუში, რომელიც ალასანიამ ”კავკასიის ექო”-ს, ”რადიო თავისუფლებ”-ის, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის რუსულენოვან სამსახურს მისცა, იგი ამბობს, რომ ეს იმის ნიშანია, რომ დღევანდელი მთავრობა მერის პოსტზე მის კანდიდატურას პრობლემად აღიქვამს.

– ”ვფიქრობ მთავრობა და ”საქართველოს ნაციონალური მოძრაობა” ჩვენ ძალიან სერიოზულ კონკურენტად აღგვიქვამს” – ამბობს ალასანია – ”და ის რასაც ისინი აკეთებენ ჩვენ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლის გაგრძელების და ამ არჩევნების მოგების მოტივაციას გვიჩენს”.

გვაჩვენეთ თქვენი საათი!
თბილისის მერობის ირგვლივ კამოანიის ინტენსივობის მიზეზი ის არის, რომ ეს არჩევნები დიდწილად 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც განსაზღვრავს სააკაშვილის მემკვიდრის ვინაობას. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილის გუნდი ყველა რესურსს და ძალას უკეთებს მობილიზებას, რათა  დარწმუნებული იყოს რომ შემდეგი პრეზიდენტი კარგად შერჩეული მემკვიდრე იქნება – შესაძლოა თბილისის მერი, უგულავაც. ეს კი იმას ნიშნავს,  მათ სჭირდებათ ალასანიას კანდიდატურის გზიდან ჩამოშორება.

– ”უდაოა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს ალასანიას მერობა, რადგან ეს მას ავტომატურად პრეზიდენტობის წამყვან კანდიდატად აქცევს” – ამბობს ლოურენს შიტსი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი – ”დღევანდელ მთავრობას ხელისუფლების შენარჩუნება სურს, ალასანია კი მათთვის ძლიერი ოპონენტი იქნება თუკი იგი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გახდება. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს”.

– ”რეალ ტივი” კერძო სატელევიზიო სადგურია, მაგრამ საქართველოს კერძო მედია-საშუალებების უმრავლესობის მსგავსად, ის სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული. ამ ტელევიზიის მფლობელების ვინაობა გაუმჭვირვალეა, მაგრამ უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ არხს საქართველოს ძლევამოსილი შინაგან საქმეთა მინისტრი, სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე ვანო მერაბიშვილი აკონტროლებს.

– ”რეალ ტივი”-ს გადაცემა ალასანიას ოჯახზე პირველი არ გახლავთ. ის არხმა ბოლო კვირების განმავლობაში აჩვენა. მათგან ზოგიერთებს შემდეგ ”იმედი”, მეორე ნომინალურად კერძო, მაგრამ დანამდვილებით პრო-სახელისუფლო სატელევიზიო არხი იმეორებს. ”იმედი”-ს პროდიუსერის ნათია კობერიძის თქმით, ”რეალ ტივი”-ს გადაცემების გამეორების უკან პოლიტიკური მოტივი არ დგას.

თავად ”რეალ ტივი”-ს წარმომადგენლებთან კომენტარისთვის დაკავშირება შეუძლებელია.

ზოგიერთ გადაცემას აშკარად მავნებლობის ელფერი დაჰკრავს. როდესაც ალასანია თბილისის ქუჩებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, ”რეალ ტივი”-ს ჟურნალისტებმა ის მიიტყუეს და სთხოვეს კამერის წინ საკუთარი საათი და მობილური ტელეფონი ეჩვენებინა. გაკვირვებული ალასანია მათ დაემორჩილა და აჩვენა მათ პროფესიონალური, მაგრამ საკმაოდ ჩვეულებრივი აქსესუარები.

ეს ”გამოჭერის” მომენტი არხმა მოგვიანებით აღარ შეიმჩნია და ამბავი სიუჟეტში მისთვის ჩვეულ სტილში მოჰყვა.

– ”ალასანია მნიშვნელოვან შეხვედრებზე უფრო ძვირფას საათს და ტელეფონს ატარებს” – ისმის ხმა კადრს მიღმა – ”ჩვენი წყაროების ცნობით, უცხოელმა პიარ-კონსულტანტებმა ურჩიეს ალასანიას, რიგით მოქალაქეებთან გაცილებით იაფფასიანი ტელეფონი და მამამისის ნაჩუქარი საათი ეტარებინა”.

”რეპუტაციის შელახვა”
სხვა გადაცემებში უფრო გამორჩეულად ნაძირლური ტონია. ამასწინანადელ გადაცემაში ”რეალ ტივი”-მ ცრუ ინტერვიუ ჩაწერა ნატურალური ზომის მანეკენთან, რომელიც ალასანიას ასახირებდა. ინტერვიუერმა მას მთელი რიგი მამხილებელი კითხვები დაუსვა, იმ ქვეტექსტით რომ ალასანია რუსეთის აგენტი, ნარკოტიკებით მოვაჭრე, მოძალადე და მკვლელი ახალგაზრდული დაჯგუფების ყოფილი წევრია. ალასანიას თოჯინა მთელი ამ დაკითხვის განმავლობაში დუმს.

ალასანიამ უარყო ”რეალ ტივი”-ს ბრალდებები ”რადიო თავისუფლება”-სთან ინტერვიუში და მათ ”რეპუტაციის შელახვის” და მერობის კამპანიიდან მისი ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.

– ”ამ ბრალდებებს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. იმ დროს, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას, მე ამ საკითხზე სასამართლოს მივმართავ” – ამბობს ალასანია.

– ”რა თქმა უნდა, ჩემს წარსულში მსგავსი არაფერია” – დასძენს იგი – ”მე მთავრობაში 15 წელი ვიმუშავე. ჩემი წარსული გადამოწმებული და ათასჯერ შესწავლილია, რა თქმა უნდა მე  ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ”.

გაურკვეველია, რა ეფექტს მოახდენს ეს ალასანიას მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე, რადგან სამწუხაროდ გამოკითხვები ამ ქვეყანაში პოლიტიზებული და ხშირად არასანდოა. არც ისაა ცხადი, რამდენად წარმატებულია ალასანიას მხარდაჭერა საქართველოს პრეტენზიული ოპოზიციის მხრიდან.

ალასანიამ გააერთიანა ორი ოპოზიციური პარტია – ”რესპუბლიკელები” და ”ახალი მემარჯვენეები” – მოძრაობაში ”ალიანსი საქართველოსთვის”, მაგრამ ისეთი ოპოზიციური ფიგურები, როგორებიც არიან ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც ალასანიას საკუთარი ამბიციებისთვის საფრთხედ აღიქვამენ, მას უფრთხიან  და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ის მთელი ძალით იბრძვის რათა თბილისის ინტელიგენციის წრეებში გააფართოვოს კამპანია.

თავის მხრივ ალასანია ამბობს, რომ უახლოეს თვეებში ის საკუთარი კამპანიის გააქტიურებისთვის ემზადება.

უფრო მეტი, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები
იხილეთ მთლიანი სტატია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge