საზოგადოება

ბრჭყალებში ჩასმული პატრიოტიზმი

26 იანვარი, 2010 • 4821
ბრჭყალებში ჩასმული პატრიოტიზმი

თუ რა მიზნებს ემსახურება საგნის სასკოლო მერხებზე დაბრუნება, დეტალურად ორი მიზეზით არ არის გარკვეული. პირველი ის, რომ არ არსებობს ახალი კურსის სასწავლო გეგმა (რადგან ის სამუშაო პროცესშია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტები მასზე მუშაობას აპრილის თვეში დაასრულებენ).  მეორე მიზეზი კი ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებებია, რომელსაც პოლიტიკოსები ამ დღეების მანძილზე აკეთებდნენ.

ინიციატივა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა 12 იანვარს ბათუმის სკოლის პედაგოგებთან შეხვედრაზე გაახმოვანა სამხედრო-პატრიოტულ სწავლებას ეხებოდა. “ჩვენ ეს (სამხედრო პატრიოტული აღზრდა) ნაჩქარევად გავაუქმეთ… ეს ელემენტარულად საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვებმა მინიმუმ ბევრი რაღაცა გაიგონ თავის ქვეყანაზე”- აცხადებდა სააკაშვილი. მომდევნო დღეს, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე ახალი საგნის მიზანს ასე განმარტავდა: “სამხედრო-პატრიოტული აღზრდა გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას, მხედრული სულისკვეთების გაღვივებას.”

თუმცა 21 იანვარს საგანმა სახელი შეიცვალა და ის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსად გარდაიქმნა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი ახალ სასწავლო კურსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს იქნება საგანი, რომელიც სამოქალაქო თავდაცვას, საგზაო უსაფრთხოებას, პირველად სამეციდინო დახმარებას , ქართული ჯარის ისტორიას და ქართული არმიის შეიარაღების მიმოხილვას შეასწავლის სკოლის მოსწავლეებს.

“სიტყვა პატრიოტიზმი ბრჭალებში უნდა ჩავსვათ, ეს არის მებრძოლი და მილიტარისტული სულისკვეთების გაღვივება,” ამბობს 65 წლის გუჯა ასათიანი ახალ სასკოლო კურსზე, რომელიც მისი შვილიშვილისთვის ახალი სასწავლო წლიდან სავალდებულო საგანი გახდება.

ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება – ეს ერთი პუნქტია საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტიდან, რომელიც 2004 წელს საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული. ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში მიიღებს, უნდა ემსახურებოდეს სწორედ ამ 8 დებულებას. საერთო ჯამში, ეს დებულებები განსაზღვრავს თუ როგორი უნდა იყოს მოსწავლე, როდესაც ის სკოლას დაამთავრებს.

სწორედ ამ დებულებით ხელმძღვანელობს განათლების სამინისიტრო, როდესაც ახალი სასწავლო კურსის შემოღებაზე ინიციატივით გამოდის. თუ რას ნიშნავს ქვეყნის ინტერესები და მათი გააზრება დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული.
სიმონ ჯანაშია, 35, განთლების სპეციალისტი , ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც 2004-2009 წლებში მუშაობდა ეროვნული სასწავლო გეგმების ხელმძღვანელად, თვლის, რომ ეს ძალიან ფართო და ზოგადი ცნებაა და მისი განმარტება ერთ დებულებაში ვერ მოთავსდება.

ქვეყნის ინტერესების მსგავსად, პატრიოტიზმიც ის სიტყვაა, რომელიც ყველა ადამიანს განსხვავებულად ესმის.  ჯანაშია ამბობს,  რომ ამ სიტყვის მიღმა ადამიანები სხვადასხვა მნიშვნელობას მოიაზრებენ. თუ ერთისთვის პატრიოტიზმი სამშობლოს სიყვარულს ნიშნავს, მეორისთვის ეს ქვეყანაში მცხოვრები ხალხის, მესამისთვის ისტორიული ერთობის, მეოთხისთვის ეს შესაძლოა რელიგიურ ერთობას უკავშირდებოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამხსახური კი თვლის, რომ „სამშობლოს სიყვარულის განმტკიცება ძირითადი არსია ახალი სასწავლო კურსის.”

ახალი საგანი ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ახალი დისციპლინის შესწავლა 2010 წლის სასწავლო წლიდან დაიწყება და სამ ეტაპად იქნება დაყოფილი: „დაწყებითი კლასის მოსწავლეების შედარებით მარტივი ფორმით, მომდევნო კლასებში კი დისციპლინას სხვა მიმართულებები დაემატება, საგნის დახვეწაზე ამ დროისთვის ექსპერტები მუშაობენ,” –აცხადებენ სამინისტროში.

პირველ ეტაპზე საგანს მხოლოდ რამდენიმე სკოლაში შეასწავლიან, შემდეგ კი ეს საგანი ყველა სკოლისთვის სავალდებულო სასწავლო კურსი გახდება.

„ეს საგანი თუ სავალდებულო გახდა, რას ვიზამთ, მანიფესტაციებს ხომ არ მოვაწყობთ,” ამბობს გუჯა ასათიანი,  „უბრალოდ ვფიქრობ, რომ არანაირ შედეგს ეს არ მოუტანს, პირიქით, სწავლაზე არ აუცრუოს გული ბავშვს.”

სხვაგვარად ფიქრობს 48 წლის ნაირა მგელაძე, რომელსაც მოსწონს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა. „რატომაც არა, ბავშვს უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა და თუ ეს საგანი პატრიოტიზმს ასწავლის, ძალიან კარგი იქნება.”

სანამ საზოგადოება დამოკიდებულებას აყალიბებს საგანზე, რომელიც ჯერ არ არსებობს, ცნობილია, რომ სასწავლო კურსის ჩამოყალიბებაზე განათლების სამინისტროსთან ერთად 4 სამინისტროს ექსპერტები იმუშავებენ, მათ შორის თავდაცვის, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები. საგნის კონცეფციაზე მუშაობას ექსპერტები  აპრილის თვეში დაასრულებენ.

გადაწყვეტილი კიდევ ერთი საკითხია, საგნის მასწავლებლები თადარიგის ოფიცრები იქნებიან.
„თავდაცვის სამინისტროს იმის რესურსი, რომ სამხედრო სწავლება უზრუნველყოს, აქვს,” ამბობს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოების საქმეთა დეპარტამენტის უფროსი სალომე მახარაძე, „თუ საჭირო იქნება, ტრეინინგებსაც გაივლიან ოფიცრები, ოფიცრებს გაკვეთილის ჩატარების უფლება აქვთ, ისინი ხომ სამხედროებს ასწავლიან.”

თადარიგის ოფიცრების კარგ მასწავლებლად გადაქცევას სათუოს უწოდებს ყოფილი განათლების მინისტრი (2008 წელს) გია ნოდია. მეტიც, ის თვლის, რომ სამოქალაქო თავდაცვის და უსაფრთხოების კურსი არც ძალიან პრიორიტეტული საგანია.
„იმისიც მესმის, ვინც თვლის, რომ  იყოს ასეთი საგანი. მე მგონია, რომ საფრთხე აქ არის ის, რომ ცუდად იქნება ნასწავლი ეს საგანი და მისი ერთგვარი დისკრედიტაცია მოხდება,” ამბობს ნოდია. „იმიტომ, რომ არ იქნებიან მასწავლებლები მომზადებულნი და არ იქნებიან მოსწავლეები მოტივირებულები.”

ბავშვთა ფსიქოლოგი, მარინა ჭავჭანიძე ფიქრობს, რომ „ოფიცერი ცუდი სიტყვაა არაა” და რომ ეს საგანი სწორედ ოფიცერმა უნდა ასწავლოს. თუმცა ამასთან ერთად ფიქრობს, რომ „ეს ოფიცრები მეტ-ნაკლებად უნდა იყვნენ შეზღუდულნი, რომ იმის უფლება რაც შეიძლება ჯარისკაცებთან აქვთ, აქ არ გამოიყენონ.”

როგორ და რა მეთოდით მოხდება თადარიგის ოფიცრების გადამზადება ჯერ ცნობილი არ არის. ასევე არ არის ცნობილი თუ რა პრინციპით აირჩევიან მომავალი პედაგოგები და რამდენი დრო ექნებათ გარდასაქმნელად და ბავშვებთან ურთიერთობისთვის მოსამზადებლად.  
გუჯა ასათიანი კი იმ დროს იხსენებს, როდესაც ის სკოლაში სწავლობდა და როგორც ყველა საბჭოთა სკოლის მოსწავლე, ისიც გადიოდა სამხედრო საგანს და მისი მასწავლებელიც გადამდგარი ოფიცერი იყო.

„ჩემ დროს ყველა სამხედროს მასწავლებელი გადამდგარი ოფიცერი იყო, ზოგი კარგი მასწავლებელი იყო, ზოგი – ცუდი, მაგრამ ძირითადად ბავშვების ქილიკის ობიექტები იყვნენ, სასაცილოები, როგორც ნოდარ დუმბაძის წიგნშია,” იხსენებს გუჯა.
თადარიგის ოფიცრების სკოლაში შესვლას სკეპტიკურად უყურებს სიმონ ჯანაშია. მისი აზრით, ახალ საგანს მაშინ შეიძლება ჰქონდეს კარგი შედეგი, თუ მოხდება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრა, თუ მოხდება დეტალური გეგმის გაწერა, რომელსაც განათლების სპეციალისტები დაწერენ.

„ცალკე პრობლემაა, როცა ოფიცრები ასწავლიან, დიდი ალბათობაა, რომ ვერაფერსაც ვერ ისწავლიან მოსწავლეები…ამას სჭირდება განათლების, განვითარების, სწავლის თეორიების პედაგოგიური მიდგომების ცოდნა და ოფიცრების მომზადება ამ მხრივ ცოტა რთულია, მით უმეტეს მოკლე ვადებში. ასე მარტივი რომ იყოს მასწავლებლად გახდომა, საერთოდ არ დაგვჭირდებოდა განათლების ხარისხის მოთხოვნა მასწავლებლებისთვის,” – ამბობს ჯანაშია.

ოფიცრების პროფესიონალიზმში ეჭვი არ ეპარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
„სწავლების პროცესში ჩართულ თადარიგის ოფიცრებს უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და მათი გადამზადება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მომავალი თაობა პატრიოტული სულისკვეთებით აღიზარდოს,”– აცხადებენ სამინისტროში.

სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2008-09 წელს საქართველოში არსებული სახელმწიფო საჯარო სკოლების რაოდენობა 2178-ია, კერძო სკოლების კი – 270. საერთო ჯამში 2448 სკოლაა, რომელსაც ამავე რაოდენობის ახალი საგნის პედაგოგი სჭირდება.

რა თანხის გამოყოფა დაჭირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თადარიგის ოფიცრების გადამზადებას და მათ შემდგომ სახელფასო ანაზღაურებას, ჯერ ცნობილი არაა.  ასევე არ არის ცნობილი რა ტიპის გადამზადებას გაივლიან ისინი, როგორი იქნება საგნის სასწავლო გეგმა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდებიან მოსწავლეები ახალ საგანს და ახალ მასწავლებელ-ოფიცრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი