მერაბიშვილის შეთავაზება მასწავლებლებს

რამდენიმე დღის წინ, საჯარო სკოლების პედაგოგებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილისგან საჩუქრად სქელტანიანი ბლოკნოტი, ორი კალამი, მისალოცი ბარათი და თანამშრომლობის შესახებ შეთავაზება მიიღეს. ეს სიურპრიზი ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ყველა პედაგოგს გაუკეთა.

პედაგოგებისადმი მიმართვაში მერაბიშვილი საქართველოში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციასა და მასთან წარმატებული ბრძოლის შესახებ ყვება. მინისტრი განსაკუთრებით ორი კატეგორიის დანაშაულს გამოყოფს: ნარკომანიასა და არასრულწლოვანთა შორის დანაშაულს.

 

მერაბიშვილის აზრით, დანაშაულის ეს კატეგორიები განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ის პედაგოგებს ამ პრობლემების გადაჭრაში დახმარებას სთხოვს. მიმართვას თან ახლავს ფურცელი, რომელშიც მასწავლებლებმა უნდა ჩაწერონ თავიანთი მოსაზრება და მიიტანონ უახლოეს პოლიციის განყოფილებაში ან გადასცენ უბნის ინსპექტორს.

 

პედაგოგებმა მინისტრის ეს შეთავაზება არაერთგვაროვნად მიიღეს. ზოგი ამ აქციას პიარკამპანიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც შესაძლოა, მერაბიშვილს მომავალი არჩევნებისთვის სჭირდება. ზოგი თვლის, რომ ეს პოლიციის შელახული პრესტიჟის ასამაღლებლად გაკეთდა, ზოგისთვის შეთავაზება კარგი და აუცილებელია, ზოგი კი  _ ეჭვით უყურებს.

 

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია აცხადებს, რომ პოლიციასთან თანამშრომლობის დიდი პრაქტიკა აქვს, მაგრამ ეს, ძირითადად, უბნის ინსპექტორებით შემოიფარგლება: `შარშან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, ძალზე კორექტული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. წელს უბნის ინსპექტორი შეიცვალა და როგორი ურთიერთობა გვექნება, ვერ გეტყვით.

 

პოლიციასთან მიმართებაში საზოგადოებასა და ბავშვებს რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ, ეს ცხადია. ჩვენ შევძელით, რომ დაცვის პოლიცია სკოლის კარებთან არ მდგარიყო. უბრალოდ, ამის საჭიროება არ გვქონია. ჯერ ერთი, სახსრები დავზოგეთ და მეორეც, სასკოლო ცხოვრებაში პოლიცია არ უნდა ერთვებოდეს, ეს მოზარდებს აღიზიანებთ~.

არასამთავრობო ორგანიზაცია `მოძღვარის~ ხელმძღვანელი, პედაგოგი ქეთევან გიორგაძე მერაბიშვილის შეთავაზებას მიუღებლად საზოგადოებაში არსებული უნდობლობით ხსნის: `თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდე, თანამშრომლობის ამ ფორმას ჩვეულებრივად აღვიქვამდი. როცა ქვეყანაში დასმენის ინსტიტუტია ჩამოყალიბებული, ადამიანური თვალსაზრისით, პოლიციასთან თანამშრომლობა ცუდი ტონია. პირადად მე, არასდროს მქონია ქურდული მენტალიტეტი, მაგრამ ვერასოდეს ვითანამშრომლებ უშიშროებასთან. ახლა, როცა საზოგადოება არ არის თავისუფალი, ამ შეთავაზების მიმართ ეჭვები მიჩნდება~.

გიორგაძე პოლიციასთან ერთ შემთხვევაში აპირებს თანამშრომლობას: `თუკი პოლიციელში ნოდარ დუმბაძის `კუკარაჩას~ დავინახავ, რომელსაც მოზარდი უყვარს, ბუნებრივია, მასთან ვითანამშრომლებ. პოლიციელში არ უნდა ვხედავდე უხეშ, თავისუფლების დამთრგუნველ ძალას. ამასთან, უშუალო ურთიერთობა მირჩევნია. არაა სავალდებულო, პირველი პირი მოვიდეს, უბნის ინსპექტორზეც ბევრია დამოკიდებული~.

 

ზოგიერთი პედაგოგი იმასაც შიშობდა, რომ გამოგზავნილი სპეციალური ბლანკების შეუვსებლობისთვის ხომ არ დასჯიან. თუმცა, საჩუქარი, რომელიც ბაზრის პირობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 7-8 ლარი მაინც უნდა ღირდეს (ამაში ტრანსპორტირების ხარჯები არ შედის), ყველა პედაგოგმა მიიღო. ვანო მერაბიშვილმა 60 ათასი პედაგოგისთვის საჩუქრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან შეიძინა თუ პირადი სახსრებით, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ემზარ დიასამიძე