საზოგადოება

ახალი მინისტრის გეგმების შესახებ

25 იანვარი, 2010 • 3860
ახალი მინისტრის გეგმების შესახებ

შაშკინის გეგმის მიხედვით, 2011 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები დაინიშნება. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ატესტატის ასაღებად ათ გამოცდას ჩააბარებენ, მათ შორის კომპიუტერში, მათემატიკასა და ფიზიკაში; პედაგოგთა სერტიფიცირების დაწყებას ახალი მინისტრი მომავალი წლის ივლისში გეგმავს.

მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ სერტიფიცირებული მასწავლებლებისთვის იგეგმება ხელფასის მომატება. შაშკინის გეგმა, რომელიც განათლების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, იდენტურია პრეზიდენტის ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრის დროს გახმაურებული იდეებისა;

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში აჭარის რეგიონის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა და იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაც 2010-2011 წლებში განათლების სისტემაში განხორციელდება. პრეზიდენტმა ისაუბრა მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფაზე სკოლებში; სასკოლო ატესტატის მნიშვნელობაზე; სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლაში დასწრება შეფასების ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტი უნდა გახდეს. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო გეგმავს სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის შექმნა-განვითარებას, სასკოლო ოლიმპიადების ხელშეწყობას, მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლებასა და მენტორ მასწავლებელთა (მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან სტაჟიორებს) ინსტიტუტის გაძლიერებას.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია _ თქვა პრეზიდენტმა, ამიტომაც იგეგმება 20 მილიონის გადაცემა ცენტრალური ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტზე სკოლების რეაბილიტაციისთვის;  სასკოლო წიგნების ფასის დაკლება, სახელმძღვანელოების ხშირი შეცვლის აკრძალვა, ბიბლიოთეკებისა და ლაბორატორიების მოწყობა, ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა, ფიზკულტურის გაკვეთილების შეცვლა სპორტის გაკვეთილებით, კომპიუტერის დანერგვა სკოლებში _ ეს იმ სიახლეების ჩამონათვალია, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი