საზოგადოება

პირველი დღეები საბავშვო ბაღში – რა შეცდომას უშვებენ მშობლები

25 სექტემბერი, 2015 • 1706
პირველი დღეები საბავშვო ბაღში – რა შეცდომას უშვებენ მშობლები

 

 

ქალბატონო ირმა, პირველ რიგში, რატომ არის ბავშვისთვის მნიშვნელოვანი საბავშვო ბაღში წასვლა?

სამიდან ხუთ წლამდე ბავშვისთვის არის გარდატეხის კრიტიკული ასაკი. ამ დროს მის ცნობიერებაში დიდი ცვლილებები ხდება. ისინი აცნობიერებენ, რომ არიან სამყაროს ნაწილი, რომ აქვთ გარკვეული უფლებები, ცდილობენ საკუთარი წესების დამკვიდრებას და იწყებენ საკუთარი ხასიათის გამობრძმედას. ამ დროს, რაღაც მომენტში, უფროსები უძლურები ვართ მათი ნებისყოფის ჩამოყალიბებაში, რადგან თუკი მათ ხშირად მივცემთ შენიშვნას, ისინი ჩათვლიან, რომ დაიჩაგრნენ და რომ ჩვენ ისინი არ გვიყვარს. სწორედ ამიტომ, ბავშვს სჭირდება თანატოლებთან კონტაქტი. შესაბამისად, სწორედ საბავშვო ბაღიდან იწყება ბავშვის ხასიათის წვრთნა და ნებისყოფის ჩამოყალიბება. სამი წლიდან ბავშვი უფროსებთან იწყებს ჭირვეულობას, აპროტესტებს ბევრ რამეს და გამოხატავს აგრესიას, თანატოლი, რომელიც იმავე ასაკისაა, მას არაფერს უთმობს. სწორედ ამ კამათსა და “ბრძოლაში” იწყებენ ისინი დათმობას და უყალიბდებათ ნებისყოფა.

რატომ უჭირთ ბავშვებს საბავშვო ბაღებთან შეგუება?

ამ დროს ბავშვების ჭირვეულობის საფუძველი არის შიში იმისა, რომ მშობლებმა არ მიატოვონ. მათ მოსწონთ სიტუაცია ბაღში – სათამაშოები, ბავშვები, მაგრამ ისინი პირველად რჩებიან მშობლის გარეშე და სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი. ჭირვეულობა მთავრდება მაშინ, როდესაც ისინი რწმუნდებიან, რომ დედა მათ არ მიატოვებს, მიაკითხავს და წაიყვანს სახლში. ამიტომ ბაღისთვის წინასწარ უნდა შევამზადოთ ბავშვი, ვესაუბროთ იმაზე, რომ ის ძალიან გვიყვარს, რომ ჩვენ აუცილებლად მივაკითხავთ მას და ეს საქმითაც უნდა დავამტკიცოთ.
ხშირად ბაღში ადაპტაციის პროცესი შეიძლება შეაფერხოს მშობლის დაგვიანებამ. ანუ როცა ბავშვი ხედავს, რომ მთელი დღე ბაღში ყოფნის შემდეგ სხვა ბავშვები მიდიან სახლში, მას კი ჯერ კიდევ არ მოაკითხეს, ამიტომ ბავშვის ბაღში ყოფნის პირველი დღეები უნდა იყოს უფრო ხანმოკლე. მიაკითხეთ ბავშვს უფრო ადრე და წამოიყვანეთ სახლში, რომ დარწმუნდეს, ის არ რჩება მარტო. არის შემთხვევები, როცა ბავშვი სახლში ზედმეტად ჭირვეულია და უფრო თავისუფალია, ბაღში კი ხედავს, რომ გარკვეული წესრიგია საჭიროა, რაზეც პროტესტი უჩნდება. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, პირველი დღეების განმავლობაში სიხარულით მიდიან ბაღში და შემდეგ იწყებენ ტირილს, რადგან ეს გარემო მათთვის მიუღებელია.

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, რა დრო სჭირდება ბავშვის ადაპტაციას საბავშვო ბაღში?

ეს ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ, ზოგადად, 10 დღიდან ორ კვირამდე ვადაში ხდება ადაპტაცია. ოღონდ, აუცილებელია, ამ პროცესში მშობელი დააკვირდეს, რომ ბავშვი არ გახდეს ზედმეტად აღგზნებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ დაერღვას ძილი და ღამით არ ჰქონდეს შფოთვები. თუ ეს დაფიქსირდა, მაშინ საჭიროა მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს, გავიგოთ, რა არის ამის მიზეზი, რომ არაფერი გამოგვეპაროს. ასევე, საჭიროა ყურადღება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ორი კვირის შემდეგ ისევ ძლიერად განიცდის ბაღში წასვლას.

როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ამ პროცესის უმტკივნეულოდ გადატანაში?

თუ ბავშვს განსაკუთრებით უჭირს დედასთან განშორება, მაშინ სასურველია ბაღში წაიყვანოს ოჯახის სხვა წევრმა, მაგალითად, მამამ, თუმცა უმეტესად მამასთან უფრო ტირიან და უფრო აცოდებენ თავს.
ხშირად ბავშვებს სახლიდან ბაღში სათამაშოები და სხვადასხვა ნივთი მიაქვთ. თუ ბავშვს ეს კომფორტულ მდგომარეობას უქმნის და სიმშვიდეს ანიჭებს, მაშინ ამაში ცუდი არაფერია. ეს არის ნივთი, რომელიც მას სახლში აქვს და ეს ასოცირდება მის მდგომარეობასთან, როცა ის არის სახლში.
ყველაზე კარგი საშუალებაა მოტივაციის ამაღლება. მაგალითად, ბავშვს დავუხატოთ ფურცელზე ექვსი ფერადი უჯრა, მე-6 უჯრაში ჩავხატოთ საჩუქარი, რომელსაც ის მეექვსე დღეს მიიღებს, თუ იქამდე ბაღში ივლის და კარგად მოიქცევა. როდესაც მიხვალთ ბაღში, უხსნით, რომ თუ არ იტირებს, ამისთვის მიიღებს ჯილდოს და უჯრაში მივაწებებთ მისივე შერჩეულ სტიკერს – ღიმილები იქნება ეს თუ სხვა რამ. თუ ბავშვი კვირის განმავლობაში კარგად იქცევა, არ ტირის, არ ჭირვეულობს, კვირის ბოლოს თქვენ მას აძლევთ წამახალისებელ ჯილდოს.

 

ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები ბავშვის ბაღში მიყვანისას?

 

ყველაზე დიდ შეცდომას მშობლები უშვებენ მაშინ, როცა ბავშვს აჩვენებენ, რომ თავადაც განიცდიან ამ პროცესს, თითქოს დანაშაულის გრძნობა აქვთ იმის გამო, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში უნდა დატოვონ. ხშირად, როცა ბაღში მიყვანილ ბავშვს დიდ ხანს ემშვიდობება დედა, ბავშვი უფრო მეტად ტირის.

მას უნდა მაქსიმალურად მოიპოვოს მშობლის ყურადღება. თუ მშობელი განიცდის და ბავშვი აფიქსირებს ამას, იგი უფრო მეტად ტირის, აცოდებს თავს მშობელს, რომ არ დატოვონ. ჯობს ბავშვს ავუხსნათ, რომ ბაღში უნდა დარჩეს და მალე გამოვიდეთ. თუ ბავშვი ძალიან ნერვიულობს პირველ დღეებში, დასაშვებია, რომ ცოტა ხანი მშობელიც იჯდეს ოთახში, მაგრამ ეს ხანგრძლივი არ უნდა იყოს, რადგან მერე უფრო რთულია შეგუება.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ვამზადებთ ბავშვს ბაღისთვის. აქცენტი უნდა გაკეთდეს არა იმაზე, რომ იქ მასწავლებელს უნდა მოუსმინოს, რომ იქ კარგად უნდა მოიქცეს და რომ იქ რაღაც უნდა ისწავლოს – არამედ იმაზე, რომ ის ბავშვებთან ერთად იქნება და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მას უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ თანატოლებთან ერთად ითამაშებს, ბავშვები მასთან ერთად იქნებიან და ეს მას ყველაზე მეტად სჭირდება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი