საზოგადოება

ბულინგის გამო ბრიტანელი ბავშვები თავს ყველაზე უბედურებად მიიჩნევენ

19 აგვისტო, 2015 • • 2124
ბულინგის გამო ბრიტანელი ბავშვები თავს ყველაზე უბედურებად მიიჩნევენ

ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული საერთაშორისო კვლევის შედეგებს გამოცემა The Guardian აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ბრიტანელი ბავშვები 12-ადან 14 წლამდე კვლევის სხვა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელ ბავშვებთან შედარებით თავს უბედურად გრძნობენ. ბრიტანულ სკოლებში ფართოდ გავრცელებული ბულინგის შემთხვევები მათ კეთილდღეობაზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

 

კვლევამ დაადგინა, რომ ბრიტანეთში დაახლოებით ნახევარი მილიონი მოზარდი ბულინგის მსხვერპლია. გამოკითხულ ბავშვთა 38% განიცდის ფიზიკურ ზეწოლას თანატოლების მხრიდან.

 

კვლევის დროს ჩატარებული შედარებებისას გამოიკვეთა, რომ ბავშვები ეთიოპიასა და კიდევ რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში უფრო ბედნიერი არიან, ვიდრე ბრიტანელი მოზარდები.

 

ბრიტანული ორგანიზაციის “ბავშვთა საზოგადოების” წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბულინგის მსხვერპლი ბავშვების ბედნიერების დონე 6-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე მათი, ვისაც მსგავსი შემთხვევები სკოლაში არ ჰქონია.

ბრიტანელი ბავშვები თავს მიტოვებულად გრძნობენ: ბიჭების 50% ამბობს, რომ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო გოგონების 40% თანატოლებში საკუთარ ადგილს ვერ პოულობს და თავს გარიყულად მიიჩნევს.

 

ბავშვები უკმაყოფილო არიან თავიანთი გარეგნობით, განსაკუთრებით გოგონები, რომელთა 18%-ს არ მოსწონს საკუთარი თავი, ბიჭებში ეს რიცხვი მხოლოდ 8%-ია.

 

მართალია, ბრიტანელი ბავშვები უმეტესად არ განიცდიან დამცირებას ოჯახში, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ფინანსური პრობლემები და  მაღალი ნდობით გამოირჩევიან ადგილობრივი პოლიციის მიმართ, მაგრამ მათი ბედნიერების დონე მაინც საგრძნობლად ჩამორჩება ნეპალელი ან თუნდაც ალჟირელი ბავშვებისას.

 

კვლევაში მონაწილეობას 10-დან 12-წლამდე 53 000 ბავშვი იღებდა მსოფლის სხვადასხვა ქვეყნებიდან. კვლევაში ჩართული იყო ბრიტანეთი, ნორვეგია, გერმანია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ესტონეთი, ესპანეთი, თურქეთი, რუმინეთი, ისრაელი, ეთიოპია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, კოლუმბია, ნეპალი და ალჟირი.

 

კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ “ბავშვთა საზოგადოება” ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან გასამკლავებლად ბრიტანეთის მთავრობას დამატებითი ღონისძიებების გატარებას სთხოვს. წლევანდელი მონაცემებით ბავშვების 61%-ს სკოლაში სიარული არ სურს, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ეს ციფრი 43%-ს არ სცდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი