საზოგადოება

შშმ ბავშვების თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის გმირები

1 ივნისი, 2015 • • 2845
შშმ ბავშვების თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის გმირები

ასოციაცია „ანიკას“ აღსაზრდელებისა და მათი თანატოლების თვალით დანახული ნოდარ დუმბაძის ლიტერატურული პერსონაჟები, თეატრის ფოიეში გამოფინეს. 30-მდე ნამუშევარზე შშმ ბავშვებმა და სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა ერთობლივად იმუშავეს.

 

გამოფენის ორგანიზებაში ჩაერთო ასევე, საქველმოქმედო ფონდი “ჩემი სახლი”.

 

ასოციაცია “ანიკას” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, თაკო ქველიძე ამბობს, რომ გამოფენის მთავარი მიზანი ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებაა.

 

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყო სრულად ინტეგრირებული. ჩვენმა ბავშვებმა თანატოლებთან ერთად შექმნეს ნახატები, ახლაც დამთვალიერებელს ერთად მასპინძლობენ. გამოფენის მიზანიც სწორედ ესაა, გვინდა რომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებმა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი,” – ამბობს თაკო ქველიძე.

 

ლუკა ქაჩიბაია 9 წლისაა. გამოფენაზე ერთ-ერთი მოთხრობის მოტივებზე შექმნილი ნახატი გამოიტანა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად პირველად იმუშავა. მოთხრობის სახელს თვითონ ვერ იხსენებს, მაგრამ დარწმუნებულია რომ ყველა მიხვდება, რაც დახატა.

 

“აქ დავხატე ის მოთხრობა მე რომ ძალიან მიყვარს. 2 ქალი მიდის ტყეში, რომ ბევრი ოქრო იპოვონ და გამდიდრდნენ. სახეებს ვერ ვხატავ და მწვანე თავშალი იმიტომ უკეთიათ ჩემს ქალებს. ხატვა არ მიყვარს, მაგრამ სხვა ბავშვებთან ერთად ხატვა მომეწონა. უფრო გავერთე,” – ამბობს ლუკა.

 

ლუკას მსგავსად საკუთარი ნახატები დაგვათვალიერებინეს ასოციაცია “ანიკას” აღსაზრელებმაც. ალეკო გამხუაშვილი ბავშვობიდან ხატავს და გამოფენაში მონაწილეობა სხვა დროსაც მიუღია.

 

“მე დავხატე სახლები. მიყვარს სახლების ხატვა. ამ სახლებში ნოდარ დუმბაძის გმირები ცხოვრობენ. სულ მინდა რომ ვხატო. გახარებული ვარ ჩემი ნახატი, რომ მოსწონთ. სხვა ნახატებიც ძალიან ლამაზებია, ჩვენმა ბავშვებმა დახატეს,”- ამბობს ალეკო.

 

ასოციაცია “ანიკა” ამჟამად პროექტს “ინტეგრირებული ახალგაზრდული კლუბი” ახორციელებს. პროექტის მენეჯერის, ქეთა მათიაშვილის თქმით, პროექტი მომდევნო სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში მოიცავს როგორც სპეციალურ ექსკურსიებს, კინო ჩვენებებს და გამოფენებს, ასევე ტრენინგებს ინგლისურ ენასა და კომპიუტერულ პროგრამებში.

 

“ჩვენი უმთავრესი მიზანი იმ აზრის დამკვრიდება, რომ ეს ადამიანები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და რეალურად შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს,” – ამბობს ქეთა მათიაშვილი.

თეატრი ბავშვების ნახატებს საკუთარ სივრცეს ხვალ საღამომდე დაუთმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი