საზოგადოება

შრომის ინსპექცია მშრომელებს – სოლიდარობის აქცია და სახელმწიფოს დუმილი [ფოტო]

2 მაისი, 2015 • 2835
შრომის ინსპექცია მშრომელებს – სოლიდარობის აქცია და სახელმწიფოს დუმილი [ფოტო]

სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში 16:00 საათზე შეიკრიბნენ. მათ მშრომელთა საერთაშორისო დღისთვის გამზადებული მანიფესტაცია წაიკითხეს და პარლამენტის შენობასთან შეკრებილ პროფკავშირების აქციას შეუერთდნენ. პირველი მაისის აქციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიის (EMC) და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან სტუდენტთა მსვლელობამ ეკონომიკის სამინისტროსკენ გადაინაცვლა. აქციის მონაწილებმა სამუშაო ადგილზე დაღუპულ მუშების ხსოვნას პატივი მიაგეს და საწარმოებში უსაფთხოების ნორმების არარსებობის შესახებ ისაუბრეს.

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

პროფკავშირების წარმომადგენლები და დასაქმებულები უკვე მრავალი წელია შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ. საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე ამბობს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ შრომით საკითხებში რეგულაციები შეიმუშაოს. მისი თქმით, პრობლემის მოუგვარებლობას და მშრომელთა უფლებების დღევანდელ ყოფას დეპუტატების ბიზნესინტერესები განაპირობებს.

“სამწუხაროდ, ეს დეპუტატები ძირითადად თავმოყრილნი არიან მმართველ კოალიციაში. მე მინდა გითხრათ, რომ სანამ ისინი იქ არიან, თავისთავად საკუთარ ბიზნესებს გაუწევენ ლობირებას, მოიშველიებენ ყველას სავაჭრო პალატიდან დაწყებული… სავალუტო ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ამტკიცებენ იმას, რომ თუ შრომით უსაფრთხოების საკითხებში რეგულაციები გვექნება, ეს ბიზნესს დააფრთხობს. ეს არის თაღლითობა, აფერისტობა და მეტი არაფერი. არც ერთი ბიზნესმენი ამბობს იმას, მომეცით რამე ობიექტი, გამამარჯვებინეთ ტენდერში და მე იქ მუშები უნდა დავხოცოო. მათ საქართველო აინტერესებთ დაბალი ხელფასების გამო,” – აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

საპროტესტო მსვლელობისას მოძრაობის წესებსა და წესრიგს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი აკონტროლებდა. წლევანდელი საპირველმაისო მანიფესტაცია და აქცია, გასული წლებისგან განსხვავებით, მშვიდობიანად დასრულდა. ბანერებითა და შეძახილებით სტუდენტები საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა გზადაგზა არაერთმა მოქალაქემ იკითხა, თუ რა იყო საპროტესტო მსვლელობის მიზეზი.

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

საქართველოს სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოება სათანადოდ არ არის ინფორმირებული მშრომელთა უფლებების შესახებ. დოლაბერიძის თქმით, საბჭოთა კავშირში 80 წლის განმავლობაში 1 მაისს ხალხს აზეიმებდნენ და ინფორმაციის ნაკლებობაც სწორედ იმდროინდელი ყოფის შედეგია:

“პირველი მაისი გლოვის და საპროტესტო აქციების დღეა. 80 წელი ადამიანები გადიოდნენ ხოლმე პარადზე ბუშტებითა და საზეიმო განწყობით. აქედან გამომდინარე არის ინფორმაციის ნაკლებობა საზოგადოებაში. მეორე არის ის, რომ ჩვენ არ გვყოფნის მასშტაბები. სასიხარულოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია სტუდენტები ჩაერთნენ და ამან ცნობადობა ცოტა მაღლა აწია. რაც შეეხება დახურული ტიპის საწარმოებში დასაქმებულებს, ცოტა ძნელია მათი უფლებების დაცვა. თითქმის ისეთივე ძნელია, როგორც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და საპატიმროებში, იმიტომ, რომ ამ საწარმოების მფლობელები თავს გრძნობენ იქ ბატონ-პატრონებად. ისინი მიიჩვევენ, რომ საწარმოს ჭიშკარში შესული ადამიანი განიძარცვა სამოქალაქო უფლებებისგან, ის სრულიად უუფლებოა და ახდენს მის ექსპლუატაციას ყველა შესაძლო მეთოდით. ამიტომ ჩვენ გვიჭირს, მაგრამ მერწმუნეთ, რომ წლებთან ერთად ცნობადობაც გაიზრდება და საქართველოც იქნება სოციალურად ორიენტირებული ქვეყანა. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს და ვიცი, რომ საქართველოს პროფკავშირები ამისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს.”

სტუდენტური თვითორგანიზების ქსელის წევრი, ლევან ასაბაშვილი მიიჩნევს, რომ მშრომელთა უფლებებისთვის პროტესტი ამ ეტაპზე სუსტია. თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ წლების განმავლობაში მომწიფდება ისეთი სიტუაცია, როდესაც მათ მოთხოვნებს სახელმწიფო გაითვალისწინებს:

“თვითონ სტუდენტებზე, ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ადეკვატურად აღიქვამს სახელმწიფო ამ პროტესტს. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს იმიტომ, რომ ჩვენი პროტესტიც თავისთავად სუსტია. ამ წლების განმავლობაში სტუდენტურ ჯგუფებისა და პროფკავშირს შორის თანამშრომლობა უფრო მჭიდრო ხდება და ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდში მომწიფდება ისეთი სიტუაცია, როდესაც ეს პროტესტი გასათვალისწინებელი გაუხდება სახელმწიფოს.”

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ასაბაშვილი საზოგადოების არაინფორმირებულობას კომუნიკაციის ნაკლებობით, სოციალური კლიშეების არსებობით ხსნის: “თვითონ სტუდენტური მოძრაობის პრობლემაც არის, რომ ვერ ახერხებს იმ მშრომელებთან კომუნიკაციას, რომლებიც პროფკავშირში არ არიან გაწევრიანებული. მაგრამ ობიექტური მიზეზებიც აქვს: პოსტსაბჭოთა კავშირი… სოციალური კლიშეები, რომ მემარცხენე მოძრაობა, კომუნიზმი არის ცუდი და ა.შ. ეს არის დომინანტური ლიბერალური დისკურსი, რაც გაბატონებულია ჩვენთან და, ვფიქრობ, ხელს უშლის საზოგადოების ინფორმირებას.”

სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ანამარია ბრეგვაძე ამბობს, რომ კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სოციალური პოლიტიკის გატარებას აპირებდა, თუმცა ნეოლიბერალური პოლიტიკის მიმართ მაინც უძლური აღმოჩნდა. თსუ-ს სტუდენტის თქმით, წინა წლებში აქციები სხვადასხვა მოთხვონებით იმართებოდა, ხოლო წელს მათი მთავარი მოთხოვნაა შრომითი ინსპექციის შექმნა:

“არ აღმოჩნდა სახელმწიფოს ნება, რომ შექმნილიყო რეალური შრომის ინსპექცია. ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად უსუსური და უუნაროა სახელმწიფო, რომელმაც რაღაც სიმულაცია შემოგვთავაზა და არა ის რეალური შრომის ინსპექცია, რაც არის ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც მშრომელები რეალურად დაიცავენ თავს. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო თითქმის არ გვპასუხობს და არ მოდის მისგან უკუკავშირი.”

საპირველმაისო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, რუსუდან მირზიკაშვილი მიიჩნევს, რომ თანასწორობის შესახებ ლოზუნგი უფრო მეტად უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის თქმით, საქართველოში მშრომელთა უფლებები ნამდვილად არ არის სახარბიელო, ხოლო სახელმწიფო ამ საკითხს ვერ უდგება ადეკვატურად.

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მირზიკაშვილი ამბობს, რომ პირველი მაისის მნიშვნელობის შესახებ მშრომელების ნაწილმა არაფერი იცის და მათ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ საერთოდ ამ დღის მიმართ:

“არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომ მუდმივად პროტესტის რეჟიმში ყოფნა, ალბათ, არ არის მომგებიანი. ამ ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა უნდა იმუშაონ ძალიან მიზანმიმართულად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. პირველ რიგში, აქციები ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანის გაცნობიერება მოხდეს. არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულ ჯგუფს მიეკუთვნებოდე, რათა თავი იგრძნო პირველი მაისის მონაწილედ. ეს არის დღე, რომელიც ყველა მშრომელ ადამიანს აერთიანებს, მიუხედავად იმისა, ის კომპიუტერთან მიშაობს, მაღაროში თუ საცხობში. ერთიანობის მესიჯი უფრო ნათლად უნდა იყოს გადმოცემული მომავალში და სხვადასხვა სეგმენტებისთვის გასაგებ ენაზე. ეს ალბათ ხელს შეუწყობს ამ მოძრაობის გაფართოებას.”

1 მაისის აღნიშვნა სათავეს 1880–იანი წლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს. 1886 წელს ჩიკაგოში სამუშაო საათების რვა საათამდე შემცირების მოთხოვნით მშრომელთა მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელების მიმართულებით დინამიტი ისროლა, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ჯამში, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

1 მაისი – შრომის საერთაშორისო დღე თბილისში. 2015 წელი; ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი