საზოგადოება

უფასო ბინების რიგში

16 აპრილი, 2015 • • 3042
უფასო ბინების რიგში

თამუნა რვა წლისაა. მესამე კლასშია. ოთხი წელია დედასთან ერთად თბილისში, წიწამურის ქუჩაზე, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში არსებულ 4 კვადრატული მეტრი ფართობის ნაგებობაში ცხოვრობს.

 

ბავშვის დედა, 45 წლის ნანა აფხაზეთიდან დევნილია.

 

“ჩემი და 10 წლის ასაკში, ომის დროს გააუპატიურეს და დაიღუპა. მამამ თავი ჩამოიხრჩო. დედა კი სახლიანად დაწვეს. მე ტყვედ ამიყვანეს. როცა ომი დამთავრდა, ქართულმა მხარემ რამდენიმე აფხაზი ტყვის სანაცვლოდ თბილისში ჩამომიყვანა. 22 წლიდან აქ ვცხოვრობ”, – ამბობს ნანა.

 

ჯერ ნათესავთან ცხოვრობდა, მერე გათხოვდა და საცხოვრებლად დუშეთის ერთ–ერთ სოფელში გადავიდა.

 

რამდენიმე წლის წინ ნანას 8 წლის შვილი და ქმარი ავტოავარიის დროს დაიღუპნენ.

 

“ერთ დღეს გავასვენე შვილი, ქმარი და დედამთილი, რომელმაც ამხელა ტრაგედიას ვერ გაუძლო. მაშინ თამუნაზე მეშვიდე თვეზე ორსულად ვიყავი. მშობიარობის შემდეგ ერთადერთი ვიყავი, ვისაც მნახველი არ მოსვლია. ერთ წლამდე სრულიად მარტო ვზრდიდი ბავშვს, ხან რომელი ახლობელი შემიფარებდა, ხან რომელი. მერე გადავწყვიტე თამუნა ბავშვთა სახლში მიმეყვანა. იქ საკვები მაინც ექნებოდა. ყოველ კვირას ვაკითხავდი, რომ არ გაეშვილებინათ”.

 

ამჟამად ნანას ყოველთვიური შემოსავალი 180 ლარია (მისი ე.წ. დევნილობის დახმარება – 90 ლარი და 90 ლარი ბავშვთა სახლიდან თამუნას ოჯახში დაბრუნების სანაცვლოდ).

 

“ამ ბინაში, სადაც არანაირი პირობა არ გვაქვს, ყოველთვიურად 120 ლარს ვიხდი. 40 ლარს მეზობელ მასწავლებელს ვაძლევ იმისთვის, რომ თამუნა ამეცადინოს (ქართული კარგად არ ვიცი და თავად ვერ ვეხმარები). დარჩენილი 20 ლარიდან კი, 10 ლარს სახლის მეპატრონე გადასახადებისთვის მართმევს. თვიდან თვემდე თავისუფალი 10 ლარი გვრჩება”, – ამბობს ნანა.


ნანა ბოლქვაძე; ფოტო: ნეტგაზეთი
ნანა ბოლქვაძე; ფოტო: ნეტგაზეთი

 

 

 

22 წელზე მეტია, ნანას მსგავსად აფხაზეთიდან დევნილ ათასობით ოჯახს ისევ საცხოვრებელი ბინის პრობლემა აქვს. დევნილთა სამინისტრომ კი არ იცის, კიდევ რამდენი წელი დაჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ ბინის მომლოდინე ყველა დევნილი ოჯახი დააკმაყოფილოს.

 

ნანა თბილისში ერთოთახიანი ბინის მომლოდინეთა რიგში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ირიცხებოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, როდესაც დევნილთა სამინისტრომ დევნილებისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელის მისაღებად, მინისტრის 2014 წლის 9 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად, ახალი კრიტერიუმებით კონკურსი გამოაცხადა, ნანასთვის არაფერი შეცვლილა. ბინები განაწილდა, თუმცა მას არ შეხვედრია –”ისევ მპირდებიან, დაელოდეო”.

 

პროცედურის თანახმად, იმისთვის, რომ დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღოს, განცხადება უნდა დაწეროს. განცხადებისა და დოკუმენტაციის გადამოწმების საფუძველზე ოჯახს შესაბამის ქულას ანიჭებენ. ქულის მინიჭება სხვადასხვა კრიტერიუმით ხდება – ოჯახის შემოსავალი, დასაქმება, საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ომში მონაწილე ოჯახის წევრი და ა.შ.

 

ქულების მინიჭების შემდეგ მონიტორიგის ჯგუფი ადგილზე ამოწმებს ოჯახის საცხოვრებელ ადგილსა და სხვა ფაქტებს, რომელთაც ბინის მსურველი თავის დოკუმენტაციაში უთითებს. კონკურსში გამარჯვებული ოჯახების საბოლოო შერჩევაში კი, პროცედურის თანახმად, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის [UNHCR] წარმომადგენლები მონაწილეობენ.

 

ნანას ოჯახმა 6 ქულა მიიღო. კონკურსის საბოლოო ეტაპზე არც გადასულა. იმის მიუხედავად, რომ ნაკლები ქულით შეფასებულ ბევრ ოჯახს საცხოვრებელი გადასცეს, ნანასთვის 6 ქულით თბილისში ერთოთახიანი ბინის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა.

 

როგორც ნეტგაზეთთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, მურად აბლოთია აცხადებს, საქმე იმაშია, რომ ერთოთახიანი ბინების რაოდენობა დევნილებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ კორპუსებში იმაზე ნაკლებია, ვიდრე მათზე მოთხოვნა. სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, 6-7 ქულიანებისთვის თბილისში ერთოთახიანი ბინები საერთოდ არ გაუციათ. თუმცა, მისივე თქმით, არიან ოჯახები, ვინც 5 ქულითაც მიიღო 2 ან 3-ოთახიანი ბინები.

 

“აღმოჩნდა, რომ ბევრი ერთ და ორწევრიანი ოჯახია დარეგისტირებული. იმაზე მეტი, ვიდრე ერთოთახიანი ბინების რაოდენობა. ასეთ ოჯახებს უფრო მეტოთახიან ბინას ვერ მივცემდით”, – აცხადებს აბლოთია.

 

პრობლემის სათავე, მისი თქმით, წინა წლებში დაპროექტებული ბინებია, სადაც ერთოთახიანების ნაკლები რაოდენობა იყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, მაგალითად, თბილისში, გლდანის რაიონში რეაბილიტირებულ შენობაში 10 ქულაზე ნაკლები მქონე არც ერთ ოჯახს ერთოთახიანი ბინა არ მიუღია. 

 

“გვესმის, რომ უსამართლოა ეს იმ პირთა მიმართ, ვისაც მეტი ქულა აქვს სხვასთან შედარებით და მაინც ვერ იღებს ბინას. სწორედ ამიტომ, ახალდაპროექტებულ კორპუსებში, მაგალითად, თბილისის ზღვაზე, ბინების უმეტესობა ერთოთახიანი იქნება”, – ამბობს აბლოთია.

 

ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფომ დევნილებისთვის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 600-მდე ბინა უკვე შეისყიდა. გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წელსვე თბილისსა და სხვა ქალაქებში სხვა რეაბილიტირებული შენობებიცაა დევნილებისთვის გათვალისწინებული.

 

ნანას საკითხის გასარკვევად ნეტგაზეთი დევნილთა სამინისტროს დაუკავშირდა. როდის მიიღებს ნანა და მისი მცირეწლოვანი შვილი დევნილებისთვის განკუთვნილ კორპუსებში ერთოთახიანს? – სამინისტროს პასუხი არ აქვს.

 

“მხოლოდ თბილისში ბოლო პერიოდში 4 ათასამდე ახალი ოჯახი დარეგისტრირდა მომლოდინეთა რიგში. საბოლოო ჯამში, ეს რიცხვი 11-ათას გადააჭარბებს. სრული სტატისტიკა კი რეგისტრირებულთა და ქულათა შესახებ, ვვარაუდობთ, რომ ივნისის თვეში გვექნება. სწორედ მაშინ გაირკვევა, რამდენ ქულიანები მიიღებენ კონკურსში მონაწილეობას”, – აცხადებს აბლოთია.

 

ნანას მსგავს სიტუაციაშია ზუგდიდში მცხოვრები 37 წლის ხათუნა, რომელიც 3 წლის გოგონასთან ერთად ერთ-ერთ ობიექტშია “შეჭრილი”. ხათუნას მხედველობის პრობლემა აქვს. ქმარი 2 წლის წინ გაერდაეცვალა. მისი ქულა 8.5-ს შეადგენს, თუმცა ზუგდიდში ბინა მაინც ვერ მიიღო.

 

მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე დაახლოებით 20 ათასზე მეტი დევნილი ოჯახია, ვისაც ბინის მიღება სურს. ბოლო მონაცემებითვე, გრძელვადიანი საცხოვრებლით ჯერ მხოლოდ 1353 ოჯახი უზრუნველყვეს.

 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში სოფლად სახლების შეძენის პროგრამაც არსებობს. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფომ დევნილებისთვის 30 სახლი შეისყიდა.


2013 წლიდან დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული დევნილთა განსახლების ობიექტების გამოსყიდვაც დაიწყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ დევნილთა ხუთი განსახლების ობიექტი შეიძინა, სადაც 202 დევნილი ოჯახი იყო განსახლებული.

 

გეგმა, რომელ წლამდე უნდა დასრულდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი, სახელმწიფოს არ აქვს.

 

“ეს არის დამოკიდებული ბიუჯეტზე. თუმცა, თუ 2012 წელს ამ მიზნებისთვის სამინისტროს 28 მილიონი ჰქონდა გამოყოფილი, მას შემდეგ ეს თანხა თითქმის სამჯერ არის გაზრდილი”,- ამბობს აბლოთია.

 

“ბინის ქირაში რომ არ მეხადა ფული, ამოვისუნთქავდით. მიუხედავად იმისა, რომ საკვებში არ ვხარჯავთ ფულს და დღეგამოშვებით საქველმოქმედო ფონდ “კარიტასში” ვიკვებებით მეც და ჩემი შვილიც, არსებობს რაღაცები, მაგალითად, ხილი, რაც მაინც უნდება ბავშვს. კიდევ კარგი, ისეთი ბავშვია თამუნა, არაფერს მთხოვს. იცის, რომ დედას ფული ჯერ არ აქვს”, – ამბობს ნანა.


კარიტასის უფასო სასადილო, სადაც ნანა და მისი მცირეწლოვანი შვილი დღეგამოშვებით იკვებებიან; ფოტო: ნეტგაზეთი
კარიტასის უფასო სასადილო, სადაც ნანა და მისი მცირეწლოვანი შვილი დღეგამოშვებით იკვებებიან; ფოტო: ნეტგაზეთი

 

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის, მურად აბლოთიას თქმით, თუკი ნანა განცხადებით მიმართავს სამინისტროს, მიმდინარე წელს ბინების ახალი განაწილების ეტაპამდე, შესაძლებელი იქნება, მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში მოხვდეს.

 

უკანასკნელი სტატისტიკით [2014 წლის ოქტომბერი], ქვეყნის მასშტაბით 259 247 დევნილია დარეგისტრირებული. მათგან ყველაზე ბევრი, 98 742 თბილისში ირიცხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი