საზოგადოება

როგორ ებრძვის და არ ებრძვის საქართველო კომუნისტურ ტოტალიტარიზმს

24 მარტი, 2015 • • 4398
როგორ ებრძვის და არ ებრძვის საქართველო კომუნისტურ ტოტალიტარიზმს

კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლიკა ქვეყნის მასშტაბით

კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს დეკლარირებული პოლიტიკაა, რადგან არსებობს კანონი ‘თავისუფლების ქარტიის” შესახებ, რომელიც ამ ტიპის საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების აღმოფხვრას ითვალისწინებს, თუმცა ბათუმელების ინფორმაციით, საქართველოს არაერთ ქალაქსა თუ სოფელში დღემდე არსებობს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლოს მატარებელი ელემენტები, მათ შორის სტალინის არაერთი ძეგლი და ბიუსტი დგას გორის მუნიციპალიტეტში: სტალინის ძეგლი დღემდეა აღმართული ქალაქის ყველაზე დიდ გასართობ პარკში, ხოლო გორის ცენტრალური გამზირი დღემდე სტალინის სახელობისაა. სტალინის ძეგლები ასევე დგას კახეთშიც, ბაკურიანშიც. თბილისსა და სხვა რაიონებში ყველაზე პოპულარი კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლო ნამგალი და უროა, რომელიც სხვადასხვა ფორმით (ძეგლი, მონუმენტი, ორნამენტი, სურათი) გვხვდება, მათ შორის ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე.


სტალინის ძეგლი გორში, გასართობ პარკში
სტალინის ძეგლი გორში, გასართობ პარკში

სტალინის ბიუსტი ბაკურიანში/გივი ავალიანის ფოტო
სტალინის ბიუსტი ბაკურიანში//გივი ავალიანის ფოტო

სტალინის ძეგლი გორში, სტალინის სახლმუზეუმის სკვერში
სტალინის ძეგლი გორში, სტალინის სახლმუზეუმის სკვერში

თბილისი
თბილისი

საბჭოთა სიმბოლიკა თბილისში
საბჭოთა სიმბოლიკა თბილისში

დმანისი/ფოტო მოგვაწოდა გაგა ჩხეიძემ
დმანისი/ფოტო მოგვაწოდა გაგა ჩხეიძემ

საბჭოთა სიმბოლიკა ბორჯომში
საბჭოთა სიმბოლიკა ბორჯომში

ნამგალი და ურო თბილისში გალაქტიონის ხიდის მოაჯირებზე
ნამგალი და ურო თბილისში გალაქტიონის ხიდის მოაჯირებზე

ნამგალი და ურო თბილისში გალაქტიონის ხიდის მოაჯირებზე
ნამგალი და ურო თბილისში გალაქტიონის ხიდის მოაჯირებზე

საბჭოთა სიმბოლიკა თბილისში პარლამენტის შენობაზე
საბჭოთა სიმბოლიკა თბილისში პარლამენტის შენობაზე

საბჭოთა სიმბოლიკა თბილისში პარლამენტის შენობაზე
საბჭოთა სიმბოლიკა თბილისში პარლამენტის შენობაზე



კანონში ჩადებული აკრძალვები მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებზე ვრცელდება, თუმცა არსებობს კერძო დაწესებულებები, რომლებიც საბჭოთა სიმბოლიკებს კომერციული მიზნებით იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი ადგილია კაფე Cccp-ი თბილისში, რომლის დამფუძნებელი და დასახელების იდეის ავტორი ამბობს, რომ მათ არავითარი პროპაგანდისტული მიზანი არ ამოძრავებთ:

“უბრალოდ კიტჩია და ბრენდად ჩამოყალიბდა უკვე. Cccp-ის მაისურებიც არსებობს, ქუდებიც. არავითარი პროპაგანდა აქ არ არის. ლენინის სურათი ტუალეტში გვეკიდა ხოლმე. საბჭოთა კავშირის ფანები არ მინახავს ჩვენთან. ისე არ აღიქვამენ ამას, როგორც საბჭოთა კავშირის ფან-კლუბს. ყველა ასაკის ადამიანი მოდის, მაგრამ არიან ახალგაზრდები, რომელთა ნაწილმა არც იცის, ვინ არის ლენინი. [საბჭოთა ბელადების] სურათები არც გვაქვს ჩამოკიდებული: უფრო სიმბოლოებია, ძველი რადიო, ტელევიზორი. ლენინის ფოტოები და რაღაც “გაფანატება” არ გვჭირს”, – ამბობს დაწესებულების დამფუძნებელი ქეთი კლიჭიძე და დასძენს, რომ მათი მიზანი მარტივი იყო: საბჭოთა კავშირის როგორც ბრენდის კომერციალიზაცია, რაც მისი თქმით, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ხორციელდება.

კითხვას, ამ მიზნის განხორციელების პროცესში ხომ არ უწყობენ ხელს ტოტალიტარულ რეჟიმთან დაკავშირებული სიმბოლოების პროპაგანდას, იგი პასუხობს, რომ ამ ლოგიკით ნახევარი თბილისი და საქართველო უნდა დაანგრიონ.

“ერთ-ერთი პირველი ადგილი, რასაც ტურისტები ათვალიერებენ, არის სტალინის მუზეუმი. რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინა საქართველოსთვის, ეს არის ტურისტული ბრენდი, რისი გამოყენებაც შეიძლება. საუბარი არ არის, რომ გვიყვარს სტალინი და რა კარგია. ჩვენი კაფეც მხოლოდ მუზეუმივით არის, გამომდინარე იმ ძველი ნივთებიდან, რაც იქ გვაქვს”.

გარდა სსსრ-ისა, თბილისში ბარი KGB-ც არსებობს. კანონში 2013 წელს შესული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორის, ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, სახელმწიფო კომისიას შეზღუდვების დაწესების კუთხით კერძო სექტორთან შეხება არ აქვს. “კანონი ამბობს, რომ სახელმწიფო ფულს ამის პროპაგანდაზე ვერავინ დახარჯავს. რაც შეეხება კერძო სექტორს, სახელმწიფო მას არ ერჩის, მაგრამ თუ რომელიმე მოქალაქე ფიქრობს, რომ [მსგავსი კერძო] დაწესებულებების დასახელებები მის ღირსებას და პატივს ლახავენ, შეუძლია სასამართლოში უჩივლოს”, – ამბობს დეპუტატი ბერძენიშვილი.

სახელმწიფო ორგანოების პასიური პოლიტიკა

მიუხედავად ზემოხსენებული კანონისა, როგორც ირკვევა, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს ტოტალიტარული სიმბოლიკის მიმართ აღმოფხვრის პოლიტიკა არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში მუნიციპალიტეტები ზემოხსენებულ ძეგლებს საკუთარი ნებით არ იღებენ. ქალაქ გორის მერიაში არ გვიპასუხეს, რას აპირებენ ზემოხსენებულ ძეგლთან და გამზირის დასახელებასთან დაკავშირებით. ასევე, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს იმის შესახებ, რომ 9 მაისს გორში სტალინის სახელმწიფო მუზეუმის წინ მდებარე სკვერში სტალინის იმ ძეგლის დაბრუნება იგეგმება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქალაქის ცენტრიდან აიღეს – ძეგლისთვის პედესტალი უკვე გამზადებულია. ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ ტერიტორია, სადაც ნამგალი და ურო დგას, ავტოსადგურის მესაკუთრე სააქციო საზოგადოების მფლობელობაშია, თუმცა იქ წილს სახელმწიფოც ფლობს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების სახით. მერიის განმარტებით, ამ ძეგლის საკითხზე მათთვის არავის მიუმართავს.

კანონის აღსრულების პრობლემა

კანონის აღსრულების მხრივ, რომ პრობლემები არსებობს, ამას 2013 წელს განხორციელებული ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი ლევან ბერძენიშვილიც აღიარებს. შსს-ს ბაზაზე შექმნილია კომისია უწყების წარმომადგენლებითა და დეპუტატების მონაწილოებით, რომელმაც იდეაში კანონის იმპლემენტაციას უნდა გაუწიოს მონიტორინგი, თუმცა ეს კომისია ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. ლევან ბერძენიშილის განმარტებით, კანონით, კომისია ქვეყნის მასშტაბით თვითონ არ ეძებს ძეგლებსა და სიმბოლოებს, მოქალაქეებისა და თვითმმართველობების მხრიდან კი ამა თუ იმ ძეგლის შესახებ კომისიაში ერთი განცხადებაც კი არ შესულა. კომისიას მოსახლეობის დაინტერესების კუთხით რაიმე ტიპის საინფორმაციო კამპანია არ უწარმოებია:

“ძეგლებზე არც ერთი მომართვა არ ყოფილა. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. ან ჟურნალისტები უნდა დაგვეხმარონ, ან… სოფელ-სოფელ მე ვერ ვივლი. ამის შესახებ ინფორმაცია უნდა შემოდიოდეს კომისიაში, იქ უნდა გროვდებოდეს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ფორმალურად შსს-ს საყვედურს ვერ ვეუბნებით, რადგან განცხადებები არ არის”, – ამბობს ბერძენიშვილი. რატომ არ გამოიწვია ამ საკითხმა მოსახლეობაში ინტერესი და ხომ არ უკავშირდება ეს მოქალაქეების ნაწილში დღემდე არსებულ სტალინიზმის კულტს? 2012 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის (CRRC) მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 45% სტალინისადმი დადებითად იყო განწყობილი. დეპუტატი ბერძენიშვილი თავის მოსაზრებას ამგვარად აყალიბებს:

“ამის მიზეზი არის ის, რომ საზოგადოებაში არსებობს სხვა პრობლემები, რომელზეც უფრო ღელავენ ადამიანები. მაგალითად, გორიდან არ შემოვა განაცხადი იმიტომ, რომ გორელების ნაწილს ჰგონია, რომ სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას და მიდის პროპაგანდა, რომ სტალინი წმინდანია და ასე შემდეგ. ენთუზიასტები არ გამოჩნდნენ, მაგრამ არაუშავს. ჩვენ თვითონ დავეხმაროთ: შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ამაზე იმუშავებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამის კარნახი მიწევს სამოქალაქო საზოგადობისათვის, მაგრამ ამ მიმართულებით ერთი კარგი NGO… არიან ისეთები, რომლებიც [საბჭოთა] ისტორიაზე მუშაობენ, მაგრამ ალბათ უნდა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც “ვოჩდოგებად” დადგებიან და ასეთ დარღვევებს იპოვიან”.

კომისია ინდივიდუალურად განიხაილავს ამა თუ იმ ძეგლის შესახებ საქმეს. ბერძენიშვილის თქმით, სტალინის ძეგლების გარდა უამრავი დარღვევები არსებობს, მათ შორის ქუჩების დასახელებების კუთხით. დეპუტატის თქმით, ნებისმიერი კომუნისტურ-ტოტალიტარული სიმბოლო, რომელიც, მაგალითად, კედელზეა ამოტვიფრული, განსახილველია.

“თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ამოტეხავს [კედლებიდან] კომისია, მაგრამ უნდა იმსჯელოს”. კითხვას, როგორ დარეგულირდება ნამგალი-უროს საკითხი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა, დეპუტატი ამბობს:

“ნამგალსა და უროზეც კომისიამ უნდა იმსჯელოს და განიხილოს, ნამგალს და უროს ერთმანეთს მაინც დავაშორებთ, იმიტომ, რომ ერთად ნამგალი და ურო არის ცნობლი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სიმბოლო. ერთად მაგას კომუნისტური პარტიაც კი ვერ დაახატავს დროშაზე, ისეა აკრძალული…”.

 

#soviet #haritage #architecture #Tbilisi #Georgia

A photo posted by David Shubladze (@david_shubladze) onJan 17, 2015 at 6:56am PST

გამომდინარე იქიდან, რომ ტოტალიტარული სიმბოლიკის აღმოფხვრის საკითხში ბერძენიშვილის მიერ დასახელებული მოქმედი წესი ეფექტური არ არის, დეპუტატის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მან კანონში შესატან ახალ ცვლილებებზე იფიქროს თანაავტორ თამარ კორძაიასთან ერთად. საუბარია იმაზე, რომ მსგავსი ძეგლების იდენტიფიკაციის საკითხი რომელიმე ორგანიზაციას თუ უწყებას დაევალოს. მას შემდეგ, რაც იდენტიფიკაცია ხდება და კომისია აღმოფხვრის გადაწყვეტილებას იღებს, ის შესაბამის სახელმწიფო ორგანოსა თუ თვითმმართველობას მიმართავს მისი იმპლემენტაციის მიზნით. კომისიამ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით უნდა მიიღოს. დეპუტატის თქმით, კომისიაში შსს-ს კვოტით მოხვედრილ წევრებში მან რაიმე სახის იდეური წინააღმდეგობა და სტალინიზმის გამოვლინება ვერ შენიშნა.

“ეს მთელი საზოგადოებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. ვისაც წარსული არ ახსოვს, იგი განწირულია მისი განმეორებისთვის. ეს არის ფორმულა, რომელმაც ყველა ქვეყანაში იმუშავა. თუკი შენ სტალინიზმი არ გახსოვს, თუკი ფაშიზმი არ გახსოვს, ის აუცილებლად განმეორდება და ადრე თუ სხვის თავზე მეორდებოდა, ახლა შენ დაგემართება. ეს არის უმარტივესი ფორმულა. ამიტომ ამას მხოლოდ შემეცნებითი მნიშვნელობა არ აქვს. მეორე ნაწილი არის, რომ ქვეყანას ნამდვილი გმირები ჰყავს და არ სჭირდება ყალბი გმირები. სტალინი კი არა, ის ადამაინები უნდა წამოვწიოთ წინ, ვინც რეჟიმს ებრძოდნენ, ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს შეეწირა. არასწორია ის ნოსტალოგიური მოტივები, რომელიც ადამიანების ნაწილს დღემდე აქვს”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

შსს-ში განგვიცხადეს, რომ უახლოეს მომავალში კომისია სრულყოფილად შეუდგება ფუნქცნიორებას. უწყების მტკიცებით, იგეგმება ადმინისტრაციული ორგანოებისა და თვიმართველობებისათვის მიმართვა, რათა მოხდეს სიმბოლიკების გადახედვა მათი გაუქმების ან აღების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი