საზოგადოება

რა რეგულაციებს ითვალისწინებს ცხოველთა მოვლა-პატრონობის მართვის წესის პროექტი

19 მარტი, 2015 • • 2671
რა რეგულაციებს ითვალისწინებს ცხოველთა მოვლა-პატრონობის მართვის წესის პროექტი

პროექტის თანახმად, სავალდებულო ხდება ცხოველის რეგისტრაცია რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან 1 თვის ვადაში. რეგისტრაციას განახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ან შესაბამისი ვეტერინარული დაწესებულება. შეიქმნება აღრიცხვის ერთიანი ბაზა. საკუთრებაში მყოფ ცხოველს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციოდ განკუთვნილი მიკროჩიპი ან ტატუირება, ან “საჭდი” და ყელსაბამი. რეგისტრაციის საფასური ჯერ არ არის დადგენილი.  

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა, 19.03.2015
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომა, 19.03.2015

 

“რეგულაციები ეხება თბილისის მუნიციპალიტეტს. პირი, რომელსაც ეყოლება კატა ან ძაღლი, რადგან ეს კანონი ამ ორი ცხოველის პოპულაციის მოვლა-პატრონობასა და პოპულაციების მართვის წესებს ეხება, ვალდებულია დაარეგისტრიროს საკუთარი ცხოველი შესაბამის ორგანოში. პროცედურის თანხებზე ჯერ არ ვსაუბრობთ, ჯერ განიხილება რეგისტრაციის საკითხი,” – აცხადებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი თეიმურაზ ფხალაძე.

 

ცხოველთა მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტი ცხოველის პატრონს მის სათანადო მოვლა-პატრონობას ავალდებულებს.

 

“თუ მეპატრონე არ გაითვალისწინებს ამ რეგულაციებს და არ მიაქცევს საკუთარ ცხოველს შესაბამის ყურადღებას, საქმეში ჩაერთვება სასამართლო და პირი დაჯარიმდება შესაბამისი სანქციებით, დაახლოებით შემოსავლის ⅕-ით. ჩვენ ამჟამად არ გვაქვს უფლებამოსილება, რომ ვინმე დავაჯარიმოთ. ჯარიმა, წესით, უნდა იყოს ფიქსირებული, თუმცა ჯერ არაფერია დადგენილი”.

 

ფხალაძე ამბობს, რომ ეს რეგულაცია არ ართულებს რაიმეს, პირიქით, გააუმჯობესებს ცხოველების მდგომაროებას და ნაკლები მათგანი აღმოჩნდება ქუჩაში.

 

ცხოველის დამარხვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, ბიოთერმულ ორმოში ან კრემატორიუმში.

 

“არ მგონია, ადამიანს, რომელსაც ოჯახის წევრივით ჰყავს საკუთარი ცხოველი, მოუნდეს, რომ სადღაც ორმოში ჩააგდოს საკუთარი ოჯახის წევრი,” – ამბობს „ცხოველთა დაცვის კომიტეტის“ თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე.

 

გაკონტროლდება ძაღლის საბმელის ზომა. მოკლე საბმელის შემთხვევაში ძაღლის გასეირნება დასაშვებია ხალხმრავალ ადგილებში, თუმცა გრძელი საბმელისას საჭიროა ცხოველს ეკეთოს ალიკაპი. დადგინდება სეირნობისათვის გამოყოფილი დროები.

 

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უპატრონო ცხოველების პოპულაციის პრობლემის სამართავად სტერილიზაცია/კასტრაციის საშუალებების გამოყენებას გეგმავს.

 

ასევე პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს მეტისის (ნარევი) ჯიშის ცხოველის გამრავლების შესაძლებლობის შეწყვეტა (სტერილიზაცია/კასტრაცია).

 

“შერეული ჯიშის ცხოველზე მოთხოვნილება ნაკლებია, ამიტომ არ არის მათი გამრავლება მიზანშეწონილი,” – აცხადებს ფხალაძე.

 

ცხოველთა ევთანაზია დასაშვები ხდება თავშესაფრის სივრცის გარეთაც, ცხოველისათვის აუტანელი ტკივილის შესამსუბუქებლად, როდესაც ვეტერინარიული დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია, ან ცხოველი ზედმეტად აგრესიულია და საფრთხეს უქმნის ადამიანს.

 

“პოპულაციის კონტროლი უნდა მოხდეს შობადობის შეზღუდვით. ევთანაზია ქმნის საფრთხეს, რომ ბევრი ცხოველის დაძინება მოხდება თავშესაფრებში. ცხოველს უნდა უპოვო პატრონი ან დააბრუნო იქ, საიდანაც აიყვანე. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ დოკუმენტში ყურადღება მახვილდებოდეს არა ევთანაზიაზე, არამედ სტერილიზაცია/კასტრაციის მეთოდზე. ასევე, ვკითხულობთ, რომ ცხოველის მოკვდინება თავშესაფარს გარეთ დასაშვებია, თუ ის აშკარა საფრთხეს უქმნის ადამიანს, “აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში” და განვმარტოთ, რა არის ეს კანონით გათვალისწინებული შემთხვევები,” – აცხადებს თინათინ ჭავჭანიძე.

 

თეიმურაზ ფხალაძის თქმით, ახალი რეგულაციები არ განიხილავს კატებისა და ძაღლების ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლის შესაძლებლობის დაშვებას. მსგავსი დაშვება გარეულ ცხოველებთან საბრძლოველადაა მიზანშეწონილი.

 

სხდომაზე განხილვის საგანი იყო იმ საშიშ დაავადებათა სია, რომელთა მიხედვითაც დასაშვები ხდება ცხოველთა ევთანაზია.

 

“არ შეიძლება ჭირი იყოს საშიშ დავაადებათა სიაში შეტანილი. ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც გადადის ცხოველიდან ცხოველზე და არა ცხოველიდან ადამიანზე. საშიშ დაავადებად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ცოფი, ლეიშმანიოზი – ის, რაც არ არის განკურნებადი. ელემენტარული და რთული დაავადებები ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს პანიკა და ცხოველების მასობრივი მკვლელობა,” – აცხადებს სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ მამალაძე.

 

თეიმურაზ ფხალაძის თქმით, დაავადებათა სია კომპეტენტურ პირებთან შეთანხმებით მომზადდა.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიისათვის წარდგენილმა პროექტმა უკვე მიიღო იურიდიული კომისიის დადებითი დასკვნა. დღევანდელ სხდომას საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი