საზოგადოება

რა იცვლება ახალი სქემით მასწავლებლებისთვის

4 მარტი, 2015 • • 3267
რა იცვლება ახალი სქემით მასწავლებლებისთვის

მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის მოპოვება, შენარჩუნება ან შეწყვეტა დამოკიდებულია მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების შედეგებზე. მასწავლებელს იმ შემთხვევაში მიენიჭება ესა თუ ის სტატუსი, თუ იგი დააგროვებს სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს. კრედიტქულა – ეს არის მასწავლებლის პროფესიული მიღწევების გაზომვისა და შეფასების ერთეული.


„სქემაში იმდენი რეგულაციაა გაწერილი, რომ დიდი დრო დასჭირდება მასწავლებელმა გაიგოს, რა წერია; მეორე – რას ავალდებულებს; მესამე – გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს და რის გამო. ამასთან, თავი გაართვას ყოველდღიურ რუტინას, მოამზადოს გაკვეთილები, ჩაატაროს, მოსწავლეები შეაფასოს და. ა.შ. და რაც მთავარია, თავი დაიცვას პროფესიული გადაწვისგან”, – ამბობს „ბათუმელებთან” სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი.


ახალი სქემით მასწავლებელი ინარჩუნებს უფროსი მასწავლებლის, ან წამყვანი მასწავლებლის, ან მენტორის სტატუსს, თუკი იგი დააგროვებს შესაბამისი სტატუსის შენარჩუნებისთვის განსაზღვრულ კრედიტქულებს. მასწავლებელი, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ან ჩამოქვეითდება, ან შეუწყდება შრომითი ხელშეკრულება.


ვინ ანიჭებს კრედიტქულებს


განვიხილოთ პრაქტიკოსი მასწავლებლის მაგალითზე, თუ რა გზა უნდა გაიაროს მან უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად.


იმისთვის, რომ პრაქტიკოსი (ანუ დამწყები) მასწავლებელი უფროსი მასწავლებელი გახდეს, უნდა მოაგროვოს 19 კრედიტქულა. აქედან მასწავლებელს 10 ქულის მოგროვება შეუძლია იმ საგნის გამოცდის ჩაბარებით, რომელსაც ასწავლის. ასევე პრაქტიკოსმა მასწავლებელმა უნდა გაიაროს პროფესიული განვითარების კურსი პედაგოგიურ უნარებში, რაც 5 კრედიტქულით ფასდება. 4 კრედიტქულის მოგროვება კი პრაქტიკოს მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების შედეგად შეუძლია. მასწავლებლის შეფასების ჯგუფი არანაკლებ ორჯერ უნდა დააკვირდეს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილს და შეაფასოს ის. ახალი სქემის მიხედვით, მასწავლებლის შეფასების ჯგუფი თითოეულ დაწესებულებაში საჯარო სკოლის დირექტორის ბრძანებით შეიქმნება.


მას შემდეგ, რაც პრაქტიკოსი მასწავლებელი უფროსი მასწავლებლის სტატუსს მოიპოვებს, მან უნდა იზრუნოს აღნიშნული სტატუსის შენარჩუნებაზე ან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლაზე. უფროსი მასწავლებლიდან წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე გადასვლა სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ უფროსი მასწავლებელი არ განვითარდება და მოპოვებულ სტატუსს არ შეინარჩუნებს, ახალი სქემით მან შეიძლება სამსახური დაკარგოს.


უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად პედაგოგმა 13 კრედიტქულა უნდა დააგროვოს. აქედან 9 კრედიტქულა სავალდებულო აქტივობებში შეუძლია მიიღოს, ხოლო 4 კრედიტქულა – დამატებით საქმიანობაში.


იმისთვის, რომ წამყვანი მასწავლებლის საფეხურზე გადაინაცვლო, საჭიროა 19 კრედიტქულა დააგროვო.


სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტის, თამარ მოსიაშვილის თქმით, ახალი სქემის შემუშავების პროცესი უცნაურად წარიმართა: “ვინაიდან დოკუმენტი 20 თებერვალს გახდა საჯარო, საგანმანათლებლო საზოგადოებასა და მასწავლებლებს სხვა არაფერი დარჩათ, გარდა იმისა, რომ კარგად გაეცნონ ამ რთულ დოკუმენტს და პრაქტიკიდან გამომდინარე შეაფასონ. შესაბამისად, იმუშავებს თუ არა სქემა, ამას პილოტირების ანუ სქემის გამოცდის შემდეგ გავიგებთ”.


განათლების სპეციალისტი ახალ სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოყოფს: „სქემის ერთი შედეგი უნდა იყოს ახალი კადრების მოზიდვა. მაგრამ სინამდვილეში სახელმწიფომ უარი თქვა და 2 000 სერტიფიცირებულ მასწავლებელს სკოლის კარი ჩაუკეტა, როდესაც კანონიდან ამოიღო ჩანაწერი, რომ 2015 წლიდან მათ ეძლეოდათ სკოლაში საქმიანობის დაწყების უფლება. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამინისტრო ვარაუდობს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოში გაჩნდებიან მასწავლებლობის მსურველი კომპეტენტური პირები. კანონიდან ამ ჩანაწერის ამოღებით კი ადასტურებენ, რომ 2 000 სერტიფიცირებული მასწავლებელი არ შედის კომპეტენტური პირების ნუსხაში. არ არიან ჩვენ გვერდით კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც დღეს და არა სამი წლის შემდეგ მოინდომებენ მასწავლებლად მუშაობას. უცნაური ლოგიკაა, თან პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტი გვაქვს და პროფესიონალების სკოლაში შესვლაზეც უარს ვაცხადებთ. სახელმწიფომ ვერ გაბედა დაეწყო სკოლაში კვალიფიციური მასწავლებლების დაქირავების პროცესი. გვპირდება, რომ დაიწყებს სამი წლის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტებში მოამზადებს მომავალ მასწავლებლებს”.


მისი თქმით, 2 000 სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელიც დღეს საჯარო სკოლის მიღმაა, საქართველოს სინამდვილეში ცოტა არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლებში დაახლოებით 65 000 მასწავლებელია დასაქმებული და მათგან მხოლოდ 20 000 სერტიფიცირებული.


კითხვაზე, თუ რას შეცვლის ახალი სქემა საჯარო სკოლებში, მოსიაშვილი პასუხობს, რომ პედაგოგიური საქმიანობით კრედიტების დაგროვებაში ცუდი არაფერია. მით უფრო, როცა მასწავლებლების ნაწილი ჩართული იყო ამ სქემაში. თუმცა კრედიტების მიხედვით მასწავლებლების ოთხ კატეგორიად დაყოფაში სირთულეს ხედავს:


„სქემის ამოქმედება რიგ შემთხვევებში არარეალისტურია ან არასწორ შედეგებზე გაგვიყვანს. უმჯობესი იქნებოდა კატეგორიების რაოდენობა არსებულ სიტუაციასთან შესაბამისობაში ყოფილიყო. სკოლებში დღეს სამი კატეგორიის მასწავლებლები მუშაობენ: მასწავლებლები, რომლებმაც არ ან ვერ ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდები; მასწავლებლები, რომლებმაც ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდები; მასწავლებლები, რომლებმაც ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდები და ჩართულები არიან პროფესიული განვითარების პროცესში”.

სქემა მოგვაწოდა განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ
სქემა მოგვაწოდა განათლების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ

ახალი სქემის გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა სკოლებში ნეპოტიზმს გააჩენს. კითხვაზე, რამდენად რეალურია ეს საფრთხე, თამარ მოსიაშვილი ამბობს, რომ ნეპოტიზმი ყოველთვის იარსებებს, სანამ განათლება არ გახდება პრიორიტეტი.


„ნეპოტიზმზე როდესაც საუბრობენ, ხშირად ამბობენ ხოლმე: სკოლაში მასწავლებლის შეფასება შეიცავს რისკებს, ცენტრალიზებული (ანუ გარე) შეფასება კი ნეპოტიზმის რისკებს არ შეიცავს. სქემის ხარვეზებზე საუბრისას განათლების სპეციალისტი ამბობს, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ კვალიფიციური მასწავლებელი და ნებისმიერი ცვლილება სკოლაში ამისკენ უნდა იყოს მიმართული. სქემის მიხედვით კი, 2015 წელს ვერც სერტიფიცირებული მასწავლებლები დაიწყებენ სკოლაში საქმიანობას და უნივერსიტეტიდან ახალი კადრების გამოშვებასაც წლები უნდა ველოდოთ.


„ანუ, სიტუაცია გაყინულია, სახელმწიფო კი ფინანსებს ხარჯავს იმ ადამიანების პროფესიულ განვითარებაზე, რომლებმაც ვერ შეძლეს მასწავლებლის სერტიფიკატის მოპოვება. ამ თემაზე საუბარს ტაბუ უნდა მოეხსნას. თუ გვინდა განათლება გახდეს პრიორიტეტი, ეს გულისხმობს, რომ სკოლა უნდა გახდეს ადგილი, სადაც კვალიფიციური ადამიანები იმუშავებენ. რეალობა ამგვარია: სკოლაში რამდენიმე წლით “ვინარჩუნებთ” პედაგოგებს, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენცია ვერ დაადასტურეს და იმ ადამიანებს ვუკრძალავთ სკოლის კარის შეღებას, რომლებმაც მიიღეს სერტიფიკატი, ან მზად არიან მოიპოვონ ის. მე როგორც მოქალაქეს, ამ ვითარებაში შეიძლება არც მინდოდეს სისტემის არნახული დაფინანსება. სკოლის კარი უნდა გაიხსნას კვალიფიციური კადრისთვის შესაბამისი ხელფასით, სხვანაირად, განათლება პრიორიტეტი ვერასოდეს გახდება, ხოლო კვალიფიციური მასწავლებლები, რომლებიც საბედნიეროდ გვყავს, არ იქნებიან დაფასებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი