საზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ მუშაობს განათლების სისტემა სამხრეთ ოსეთში

22 თებერვალი, 2015 • • 1966
როგორ მუშაობს განათლების სისტემა  სამხრეთ ოსეთში

სკოლები და საბავშვო ბაღები

 

საბავშვო ბაღებს სიახლეები დიდად არ შეხებია, გარდა იმისა, რომ მშობლები ყოველთვიურად 100-დან 300 რუბლამდე (1.5-დან 4.5 აშშ დოლარამდე) გადასახადს იხდიან. ეს თანხა ძირითადად საყოფაცხოვრებო ხარჯებს ხმარდება. აღმზრდელების ხელფასი კი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიც უწინდებურად მუშაობენ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, თუმცა გამონაკლისია ოთხი კერძო სკოლა, რომელთაგან ამ დროისთვის მხოლოდ სამი ფუნქციონირებს. კერძო სკოლებში განათლების დონე უფრო მაღალია და ამისთვის მშობლები ყოველთვიურ გადასახადს იხდიან, საიდანაც დგება სკოლის ბიუჯეტი, რომლითაც ანაზღაურდება პედაგოგების ხელფასები. ასეთ სკოლებში ხელფასები, როგორც წესი, გაცილებით მაღალია, ვიდრე – სახელმწიფო სკოლებში. დღესდღეობით ცხინვალში 10 სახელმწიფო სკოლა, ერთი ინტერნატი და სამი კერძო სკოლა ფუნქციონირებს. სამხრეთ ოსეთის რაიონებსა და სოფლებში კერძო სკოლები არ არსებობს, ინტერნატები დაბა ჯავასა და ლენინგორში ფუნქციონირებს.

 

უნივერსიტეტი

 

საუნივერსიტეტო საფეხურზე განათლების ძველი სისტემაა შენარჩუნებული სამხრეთ ოსეთში. კერძოდ, სტუდენტი ხუთი წლის მანძილზე სწავლობს და იღებს დიპლომს. შესაბამისად, არ ფუნქციონირებს დასავლეთევროპული მოდელი – ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურები.

 

უნივერსიტეტი, სკოლებისა და საბავშვო ბაღების მსგავსად, სახელმწიფო დაწესებულებაა. უნივერსიტეტში მოსახვედრად მისაღები გამოცდები ხუთებზე და ოთხებზე უნდა ჩააბარო, ან ქრთამი უნდა მისცე. ამის გამო ხშირად ხდება ისე, რომ გამსვლელ ქულებს ადგილობრივ უნივერსიტეტში ვერ იღებენ მომზადებული აბიტურიენტები და აბარებენ ისეთები, ვინც ძლივს ახერხებს წერა-კითხვას. ჩაბარების შემდეგ უნივერსიტეტში სწავლა უფასოა იმ პირობით, რომ სტუდენტმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს ჩათვლები და გამოცდები.

 

სახელმწიფო სტიპენდიები აქ განსხვავდება დასავლეთევროპული მოდელისგან. თუკი სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტი არ პასუხობს აბიტურიენტის მოთხოვნებს, იგი რუსეთში მიდის სასწავლებლად. სპეციალური კვოტების (სამხრეთ ოსეთის აბიტურიენტებისთვის გამოყოფილი მიზნობრივი ადგილები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში) გამოყოფამდე ბევრი აბიტურიენტი, რომლებსაც მშობლები აფინანსებდნენ, მიდიოდა სასწავლებლად სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში, ან მოსკოვში. ხოლო თუკი მშობლებს არ შეეძლოთ შვილის სხვა ქალაქში სწავლის დაფინანსება, იმის მიუხედავად, რომ აბიტურიენტს შესაძლოა ჰქონოდა ოქროს ან ვერცხლის მედალი, იგი ვერსად წავიდოდა. ასეთ შემთხვევაში აბიტურიენტი აბარებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შესაძლოა სხვადასხვა საგანმანათლებლო სექტორი აირჩიოთ, გარდა სამედიცინო და არქიტექტურული ფაკულტეტებისა.

2014 წლის წლის სასწავლო წლის დაწყება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფოტო უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან
2014 წლის წლის სასწავლო წლის დაწყება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფოტო უნივერსიტეტის ვებ-გვერდიდან

კვოტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში

 

ჯერ კიდევ 2008 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებელში 55 ადგილი გამოუყვეს სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტროს; 2009 წელს – 225 ადგილი (რაც შეადგენდა იმ წელს სამხრეთ ოსეთში სკოლადამთავრებულთა საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარს); 2010 წელს – 172 ადგილი; 2011 წელს – 56 ადგილი; 2012 წელს – 90 ადგილი (საიდანაც 60 აბიტურიენტებისთვის, ხოლო დანარჩენი ასპირანტურისა და ორდინატურისთვის იყო განკუთვნილი); 2013 წელს – 49 ადგილი.

 

განათლების სამინისტროს თანამშრომლების თქმით, სამხრეთ ოსეთის მოთხოვნის შესაბამისად დგება იმ სპეციალობების ჩამონათვალი, რომლებზეც გამოიყოფა კვოტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტებისთვის სამხრეთ ოსეთიდან. კერძოდ, სანამ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების გამოყოფის მიზნით განაცხადი გაკეთდება, განათლების სამინისტროს თანამშრომლები სამხრეთ ოსეთის მთავრობის სხვადასხვა უწყებაში აგზავნიან წერილებს თხოვნით, რომ წარმოადგინონ იმ სპეციალობების ჩამონათვალი, რომელთა ნაკლებობასაც განიცდიან.

 

საბოლოო ჯამში, 2013 წელს მოთხოვნად სპეციალობებს შორის აღმოჩნდა ისეთები, რომლებიც ადრე “არამოდურ” და “არაინტელექტუალურ” სპეციალობებად ითვლებოდა. მაგალითად, ისეთი სპეციალობები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია, ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა, არქიტექტურის ძეგლების რესტავრაცია, თარგმნა და მთარგმნელობითი საქმიანობა და სხვა.

 

კვოტები, ძირითადად, მოსკოვის, სანკტ პეტერბურგის, ვლადიკავკაზის უმაღლეს სასწავლებლებში გამოიყოფა, ასევე – პიატიგორსკის, როსტოვის, ასტრახანის, კრასნოდარის, ნალჩიკის სასწავლებლებში.

 

სხვა კატეგორიაში გადიან აბიტურიენტები, რომლებიც კვოტებს სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან იღებენ და მათთვის ყოველწლიურად 5-5 ადგილი გამოიყოფა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტსა (МГИМО) და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში, ასევე, 2-2 ადგილი ამავე სასწავლებლებში ასპირანტურაში სწავლისთვის. ეს კვოტები 2010 წლიდანაა გამოყოფილი, თუმცა ამ ადგილებს ძირითადად შეძლებული ოჯახის შვილები ავსებენ.

 

აბიტურიენტებისთვის სამხრეთ ოსეთიდან კვოტები, ასევე, გამოყოფილია რუსეთის სამხედრო უმაღლეს სასწავლებლებში.

 

ვის შეუძლია კვოტირების სისტემაში მონაწილეობა?

 

2012 წელს სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტრომ დაამტკიცა ახალი წესები აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტების შედეგად გამოყოფილი ადგილების მოპოვება სურთ. ამისთვის საჭირო იყო, რომ პრეტენდენტს ბოლო 2 წლის მანძილზე ესწავლა სამხრეთ ოსეთის სკოლებში. 2013 წლიდან კი ეს ვადა 2-დან 3 წლამდე გაიზარდა.

 

დიპლომატიურ უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად აბიტურიენტები შეირჩევიან სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც კონკურსს ატარებს. შერჩევის შედეგად სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძლევა რეკომენდაციას ხუთი აბიტურიენტის ჩასარიცხად МГИМО-ში. კონკურსი სამი ნაწილისგან შედგება: გასაუბრება, გამოცდა ჯერ რუსულ ენაში და შემდეგ ინგლისურ ენაში.

 

რაც შეეხება სწავლას რუსეთის დიპლომატიურ აკადემიაში, იქ მხოლოდ ისინი მოხვდებიან, რომლებსაც უკვე აქვთ უმაღლესი განათლება. აპლიკანტის მიერ განაცხადი ბარდება სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელიც იძლევა რეკომენდაციას აკადემიაში ჩასარიცხად.

 

რისკები

 

ბოლო წლებში სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსი ნაკლებადაა და ჩაბარებაც ადვილია. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება კარგად მომზადებული აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც სამხრეთ ოსეთიდან მიდიან, მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთში გამოყოფილი კვოტების რაოდენობაც მცირდება, თუ არ ჩავთვლით ძალოვანი უწყებებისთვის გამოყოფილ კვოტებს, რომლებიც უწინდებურად მოცულობითი რაოდენობით გამოიყოფა.

 

აბიტურიენტების უმრავლესობა, რომლებიც რუსეთში კვოტებით მიდიან, იქვე საქმდება. თუმცა ახალგაზრდა საჯარო მოხელეები, რომლებიც ასევე სწავლობდნენ კვოტებით, საპირისპიროს ამტკიცებენ. რეალურად კი, სამსახურს ადვილად ისინი პოულობენ, რომლებსაც ხელისუფლებაში ნათესავები ჰყავთ. ახალგაზრდა სპეციალისტებს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს ამთავრებენ, არავინ აძლევს გარანტიას, რომ ისინი შეძლებენ რომელიმე სამთავრობო უწყებაში დასაქმებას ნათესაური კავშირის გარეშე. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი სამხრეთ ოსეთში, როგორც წესი, არ აქვთ ვაკანსიები უმუშევარი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის.

 

სამხრეთ ოსეთის განათლების სამინისტროს თანამშრომლების თქმით, გასული წლიდან ისინი ხელშეკრულებას აფორმებენ ყველა აბიტურიენტთან, რომლებიც სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით МГИМО-ში აბარებენ. ხელშეკრულების მიხედვით, ისინი უნდა დაბრუნდნენ სწავლის შემდეგ სამშობლოში. საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, ასევე დაინტერესებულია სპეციალისტებით, რომლებსაც აქვთ პროფილური დიპლომატიური განათლება და ყველაფერს იღონებს მათ დასასაქმებლად: “ვფიქრობთ, რომ იმათაც კი, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს შტატში ვერ მოხვდებიან, დიდი პრობლემები არ შეექმნებათ დასაქმების კუთხით, რადგან МГИМО ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული სასწავლებელია რუსეთის ფედერაციაში, ამიტომაც ტრადიციულად ძალიან დიდი მოთხოვნაა მის კურსდამთავრებულებზე,” – ირწმუნებიან ისინი.

საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ სამხრეთ ოსეთში ყველაზე მოთხოვნადი დიპლომატები არიან. ვინ იმუშავებს სხვა “არაპრესტიჟულ” სამუშაოზე? ხომ არ არის ეს უბრალოდ კომპლექსები, რომლებიც ჩვენ საბჭოთა კავშირმა დაგვიტოვა და ხომ არ არის დრო მისგან გათავისუფლების? აი, ასეთი შეკითხვები ისმის უკვე სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ამ კითხვებს სვამენ ისინიც, რომლებმაც კვოტებით მიიღეს რუსეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შანსი.


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი