საზოგადოება

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი სქემა დაამტკიცეს

19 თებერვალი, 2015 • • 3026
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი სქემა დაამტკიცეს

როგორც განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა დღეს, 19 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ ეტაპზე მასწავლებლების სამ კატეგორია [პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი] არსებობს და თითოეული მათგანისთვის ახალი სქემით გათვალისწინებული ვალდებულებები განსაზღვრულია. 

 

მაგალითად, პრაქტიკოსად ჩაითვლება მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს ჩაბარებული სერტიფიცირების გამოცდა. ახალი მოთხოვნებით, სტატუსის მისანიჭებლად და შესანარჩუნებლდ, მან უნდა ჩააბაროს საგნობრივი ტესტი წელიწადში 2-ჯერ, ჩაერთოს ტრენინგ მოდელში და გაიაროს შიდა საკლასო შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრულ ვადებში ის ვერ შეასრულებს ამ ამოცანებს, სკოლაში გამოცხადდება ვაკანსია. იქამდე კი, სანამ შესაბამის მონაცვლე კანდიდატურას სკოლა ვერ მოძებნის, იგივე პირი მოვალეობის შემსრულებელ პედაგოგად დარჩება. 

 

რაც შეეხება სერტიფიცირებულ პედაგოგებს, სქემის მიხედვით, ისინი, დოქტორანტებთან ერთად, მეორე, უფროსი მასწავლებლის კატეგორიაში ხვდებიან. როგორც მინისტრი აცხადებს, ტრენინგ მოდელების გავლის გარდა, მათზე შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გარე დაკვირვება მოხდება.

 

“იქნება პრაქტიკული ცოდნის გამოყენება, ანუ წელიწადში ორჯერ მოხდება ვიდეოგადაღება იმ გაკვეთილის, რომელსაც მასწავლებელი თავად მიიჩნევს საუკეთესოდ. ეს ნაკლებ სტრესს მიაყენებს მასწავლებელს”, – აცხადებს მინისტრი.

 

როგორც მინისტრისგანვე ირკვევა, პირველ ეტაპზე, ამ ჩანაწერის მიხედვით, მასწავლებელს თავად სკოლა შეაფასებს. საბოლოოდ კი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე ექსპერტთა ჯგუფი დასკვნასა და რეკომენდაციებს მოამზადებს.

 

გარდა ამისა, უფროს მასწავლებელს სტატუსის შესანარჩუნებლად ექნება ვალდებულება საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩაატაროს. 


წამყვანი მასწავლებლის ვალდებულებებში კი წელიწადში 5-ჯერ სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, საჭიროებების კვლევა და სასწავლო რესურსის ან რეცენზირებული პროფესიული ლიტერატურის შექმნა იქნება. 

 

სქემით გაწერილია ასევე მენტორის აქტივობები, თუმცა, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ასეთი კატეგორიის პირი სკოლაში არ არის.


“მოქმედი სერტიფიცირების მოდელის ძირითადი ხარვეზი იყო ის, რომ მოდელი არასისტემური იყო და მასწავლებლის შეფასება მხოლოდ საგამოცდო ფორმატში ხდებოდა. ის არ იყო ორიენტირებული მასწავლებლის განვითარებაზე და სრულად ვერ ასახავდა მასწავლებლის საქმიანობას და მის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს”, – აცხადებს მინისტრი.

 

2015-2016 წლებში სქემა საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. თუმცა, როგორც სანიკიძე ამბობს, პედაგოგის მიერ პილოტირების პროცესში მიღწეული წარმატება შენარჩუნდება და გავლენას იქონიებს მისი საფეხურებში მოძრაობის პროცესზე.

 

“მასწავლებლის შეფასების ახალი სისტემის დანერგვით ცნობილი გახდება, რამდენად ეფექტურად იყენებს პედაგოგი მის ცოდნასა და უნარ-ჩვევებს პრაქტიკაში და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოსწავლის შედეგები გაუმჯობესდეს. სქემის ფარგლებში მოხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების სკოლაზე დელეგირება და ამით მისი ავტონომიურობის გაზრდა. ახალი სქემის ამოქმედების საფუძველზე მოსწავლის სასწავლო შედეგები გაუმჯობესდება, მივიღებთ გაძლიერებულ და გადამზადებულ პედაგოგთა კორპუსს. მოხდება სისტემაში თავიდანვე კვალიფიციური კადრის შედინება.”

 

სანიკიძის განმარტებითვე, ახალ სქემას თან ახლავს ფინანსური მხარდაჭერა – სრული განაკვეთის შემთხვევაში მასწავლებლის საბაზისო ხელფასი 2015 წელს 355, ხოლო 2015 წელს 405 ლარი იქნება. [ოფიციალური მონაცემითვე, 2014 წელს – 305 ლარს შეადგენს]. რაც შეეხება უფროსი მასწავლებელს, 2015 სასწავლო წლიდან მის საბაზისო ხელფასს სრული დატვირთვის [18 საათი] შემთხვევაში 160 ლარი დაემატება. წამყვან მასწავლებელს კი – 250 ლარი. როგორც სანიკიძემ განაცხადა, 2017 წლისთვის აღნიშნული ხელფასები 2-ჯერ გაიზრდება.

 

ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო დანამატი სერტიფიცირებილ პედაგოგებს შეუნარჩუნდებათ. 


გარდა ამისა, პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხთან ერთად სანიკიძე ახალი კადრების თემას შეეხო. როგორც მინისტრისგან ირკვევა, სამინისტრო მუშაობს 5-წლიან, მაგისტრთან გათანაბრებულ პროგრამაზე, რომელიც მისი თქმით, დატვირთული იქნება პრაქტიკის ვრცელი კომპონენტებით და ჩასაბარებელი სახელმწიფო გამოცდით. 

 

იმ პირებისთვის კი, ვისაც უკვე საბაკალავრო განათლება სხვა სპეციალობით აქვთ და პედაგოგობის სურვილი გააჩნიათ, საშუალება ექნებათ სახელმწიფოს დაფინანსებით 60-კრედიტიანი სპეციალური პროგრამა გაიარონ და სკოლაში უფროსი მასწავლებლის პოზიცია დაიკავონ.

“სქემაზე დაყრდნობით მომზადდა ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც კვალიფიციურ პედაგოგებს მოამზადებს. დღემდე მასწავლებლის მომზადებისა და შეფასების თანამიმდევრული, ერთიანი სისტემა არ არსებობდა. ახალი სისტემა კი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას და მოემსახურება მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას. სახელმწიფო მზად არის გარკვეული რესურსები ჩადოს ახალი პედაგოგიური კადრების დასაფინანსებლად.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი