საზოგადოება

ბრძოლა სიცოცხლისათვის RMG Gold-ის წინააღმდეგ

13 იანვარი, 2015 • 2665
ბრძოლა სიცოცხლისათვის RMG Gold-ის წინააღმდეგ

ადგილობრივებმა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის წინააღმდეგ 11 იანვარს აქცია გამართეს, რომელსაც საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები კომპანიისგან დაპირებული გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებასა და შედეგების გასაჯაროებას მოითხოვდნენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მედიის მხრიდან მხოლოდ კაზრეთზე კეთდება აქცენტი და დიდი დმანისის პრობლემებით არავინ ინტერესდება. ისინი აქციების გაგრძელებას გეგმავენ და რადიკალური ზომების მიღებისთვისაც ემზადებიან. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობას ვერ იგრძნობენ, აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ პირის ამოკერვასა და უწყვეტი შიმშილობის დაწყებას.

RMG Gold-ს წინააღმდეგ გამართულ აქციაში დაახლოებით 70 ადამიანი მონაწილეობდა. 11.01.2015. სოფელი დიდი დმანისი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე
RMG Gold-ს წინააღმდეგ გამართულ აქციაში დაახლოებით 70 ადამიანი მონაწილეობდა. 11.01.2015. სოფელი დიდი დმანისი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე

მოსახლეობამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჩასულ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობისთვის უკვე გამოუსადეგარი სახნავ-სათესი მიწები და ის ძეგლები დაათვალიერებინეს, რომლებიც კომპანიის საქმიანობის შედეგად არის დაზიანებული.

დიდი დმანისის მკვიდრს, მურაზ მარტიაშვილს კომპანიის მხრიდან აუდიტის ჩატარების მოლოდინი ჯერ კიდევ აქვს, თუმცა ისედაც ბუნდოვანი პირობის შესრულებაში ეჭვი შეაქვს:

“ოქტომბრის თვეში გამოაცხადა მიხეილ კვარაცხელიამ, რომ ერთ კვირაში აუდიტის შედეგებს დადებდნენ. შემდეგ დეკემბერში იყო შეხვედრა და კიდევ ერთი კვირით გადაიდო. დღესაც ველოდებით. შემდეგ დაემთხვა საყდრისის აფეთქება და საერთოდ აღარ აინტერესებთ ეს საკითხი, იმიტომ, რომ დიდი დმანისი არის ღარიბი კუთხე; იციან, რომ ხალხი სხვა სოციალური პრობლემების გამო ვერ “მიაწვება” და ყველაფერი მიიყურისძირეს. კვარაცხელია მიმტკიცებს, რომ ეს კალიუმის ციანიდი არ არის და ნატრიუმიაო. მას შევთავაზე, თუ საშიში არ არის, ჩადი ბასეინში, იბანავე და მეც მოგყვები-მეთქი. ამის პასუხად მივიღეთ ის, რომ უცხოეთიდან უნდა ჩამოსულიყვნენ ეკოლოგები, რომლებიც დადებენ დასკვნას, თუ რა მეტალებით არის მიწა გაჯერებული და რა შხამებს გამოყოფს ეს ციანიდი. დღესაც ველოდებით, ხვალაც და კიდევ მაქვს მოლოდინი, თუ როდის ჩატარდება აუდიტი, მაგრამ ეს არის უაზრობა. ეგენი არიან აფერისტები და კაცის მკვლელები.”

ადგილობრივები სიკვდილიანობის მზარდ მაჩვენებელზეც საუბრობენ. მარტიაშვილის თქმით, დმანისის მუნიციპალიტეტში წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის გამოჩენის შემდეგ ბუნებრივი სიკვდილი სანატრელი გაუხდა მოსახლეობას: “ძირითადად გახშირებულია კიბოთი სიკვდილი. ბუნებრივი სიკვდილით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აღარავინ იღუპება.”

აქციის მონაწილეები RMG Gold-ს მათი საცხოვრებელი პირობების გაუარესებაშიც ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ კომპანიის მხრიდან ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვება სოფელში ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ საგრძნობლად მოიმატა.

მურაზ მარტიაშვილის თქმით, კომპანიის საქმიანობით მათი წინაპართა საფლავებიც ნადგურდება. დიდი დმანისის მკვიდრი აცხადებს, რომ RMG Gold-მა ადგილობრივების მიწის ნაკვეთებისთვის გამოყოფილი არხი დააზიანა, რის გამოც ტერიტორია გამოუსადეგარი გახდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის.

ადგილობრივების თქმით, სოფლამდე მისასვლელ გზას კომპანიის მფლობელობაში მყოფი სატვირთო ავტომობილები აზიანებენ. აქციის გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტებთან სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ წიაღისეულის მომპოვებელმა კომპანიამ სამუშაოები დროებით შეაჩერა. მათი თქმით, როგორც კი მედიის წარმომადგენლები ტერიტორიას დატოვებენ, სოფელი ისევ მტვრის კორიანტელში გაეხვევა.

სოფელი დიდი დმანისის მკვიდრი თამაზ ოგანაძე ყურადღებას ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს. მისი თქმით, კომპანიის მუშაობის შედეგად დიდ დმანისელებს უკვე ექვსი წელია საკუთარ სახნავ-სათეს მიწებზე პროდუქტი ვეღარ მოჰყავთ; ეს მიწები კი იურიდიულად ადგილობრივებს ეკუთვნით. მისი თქმით, ზაფხულში განსაკუთრებით უარესდება სიტუაცია, როდესაც სოფელი ფაქტობრივად მტვრით იფარება.

“საძოვრები წაიღეს, დმანისის ტერიტორიაზე ჩვენი სოფლის ნახირი ვეღარ შემოდის. ტყე მოგვისპეს, შეშა ვერ გაგვიტანია აქედან. ეს მინდორი სულ იბარებოდა და ხალხს მოსავალი მოჰყავდა… ჩვენი მამა-პაპა, ვიდრე ამ მინდვრებს დაარიგებდნენ, აქედან არჩენდნენ ოჯახებს. ახლა გაიგეს აქციის შესახებ და მუშაობა შეწყვიტეს. ზაფხულში რომ მოხვიდეთ, იმდენი მანქანა მუშაობს და ისეთი მტვერია, ალბათ, გამვლელს შეეშინდება. როდესაც ეს მანქანები დადიან და აქ მოყვანილ პროდუქტს დამტვერავენ, მერე ის იჭმევა? – არა. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ჩვენი პროდუქტი იწამლება, ჩვენი შვილები იწამლებიან,” – ამბობს ოგანაძე.

აქციაზე, რომელიც დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი მივიდა, ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. გოგიტა ბარბაქაძის თქმით, ეს საკითხი ახალი არ არის და მისი პოზიცია დიდი დმანისის მოსახლეობამ კარგად იცის. როგორც გამგებელი აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით RMG Gold-ის ყოფილ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, თუმცა ახლებთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია:

“კომპანიის ახალ ხელმძღვანელებს ჯერ არ ვიცნობ. ვფიქრობ, უარს არ იტყვიან მოლაპარაკებებზე და მგონია, რომ გონივრულ შეთანხმებამდე მივალთ. ხალხის ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. მოსახლეობის ნაწილს მიწის გაყიდვა სურს, ნაწილი კი უარს ამბობს გაყიდვაზე. ყველა მათგანთან შეთანხმება უნდა მოხერხდეს თანხის ან გონივრული კომპენსაციის გადახდის გზით. ეს პრობლემა ქუჩაში ვერ გადაწყდება.“

აქციის მონაწილეებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. 11.01.2015. სოფელი დიდი დმანისი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე
აქციის მონაწილეებს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა. 11.01.2015. სოფელი დიდი დმანისი, ქვემო ქართლი. ფოტო: გიორგი დიასამიძე

ბარბაქაძის თქმით, მოლაპარაკება დიდი დმანისის მოსახლეობის, კომპანიისა და გამგეობის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გაიმართოს. წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემთხვევაში, გამგებელმა პირობა დადო, რომ ისიც დიდ დმანისელებთან ერთად გამოვიდოდა აქციაზე.

დიდი დმანისელები აცხადებენ, რომ კომპანიას ადგილობრივი პოლიცია ხელს აფარებს და არაპირდაპირი გზით მათ დაშინებასაც ცდილობს. “ნეტგაზეთთან” საუბრისას სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი ამბობს, რომ RMG Gold-ის წინააღმდეგ ხმის ამოღების შემთხვევაში სამართალდამცავები მისი ნათესავების სახელებსა და გვარებს ხსენებას იწყებენ, რომლებიც წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიაში არიან დასაქმებული.

საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წარმომადგენელი, დათო გულბანი აცხადებს, რომ დიდი დმანისის მოსახლეობას უფლებების დასაცავად კომიტეტი სამომავლოდაც გააგრძელებს ბრძოლას. მისი თქმით, ადგილობრივების კონსტიტუციური უფლებაა იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში.

სოფელ დიდი დმანისის მოსახლეობის ბრალდებებს RMG Gold-ის შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. მიხეილ კვარაცხეილია აცხადებს, რომ კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დიდ დმანისში მიმდინარე სამუშაოები გარემოზე ზეგავლენას არ ახდენს. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ნიადაგი სრულიად ჯანმრთელია და შესაძლებელია ყველანაირი მოსავლის მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი